BMW M3-ის აფრიკული ალტერნატივა
ფლაგმანური მოდელის არსი განსხვავებული გემოვნების მქონე ავტომოყვარულებისთვის არის განკუთვნილი, თუმცა ამ სტატუსს ბევრი მოწადინებული ავტომობილიც კი ვერ აღწევს. იმისთვის, რომ მანქანა ფლაგმანური გახდეს, მან დროის გამოცდას უნდა გაუძლოს, აგრეთვე უმრავლესობისთვის ხელმიუწვდომელი და ქარიზმატული უნდა იყოს. დღევანდელი ჩვენი გმირი ყველა ამ კრიტერიუმის მატარებელია. BMW 333i-ს სახელწოდებაც კი უჩვეულო აქვს, რადგან მსგავსი მოდელი ამ კომპანიას მეორე არ გააჩნია.
ის რაც BMW-ს სამყაროში ავტომოყვარულებს ყველაზე მეტად გვიყვარს M Motorsport-ის მოდელებია. დღემდე არსებულ მოდელებში ყველაზე პოპულარული და წარმატებული 80-იან წლებში BMW E30 M3-ის სახით გაჩნდა. აღნიშნულმა მოდელმა მსოფლიოს სხვადასხვა Touring-ისა და რალის რბოლებში უამრავ წარმატებას მიაღწია და დღემდე მასზე უფრო ფლაგმანური M3 არ გამოსულა.
მიუხედავად წარმატებული წარმოებისა E30 M3 სამხრეთ აფრიკაში არასდროს გაყიდულა. დიდი მოთხოვნიდან გამომდინარე, კომპანიის სამხრეთ აფრიკის განყოფილებამ M3-ის ალტერნატივის შექმნა გადაწყვიტა. ეს ფაქტი გახდა მიზეზი „აფრიკული M3-ის“ დაბადებისა.
სტანდარტულ 323i მოდელში მე-7 სერიის (733i) 6 ცილინდრიანი 3.2 ლიტრი მოცულობის ძრავა მოათავსეს. აგრეგატის დიდი გაბარიტებიდან გამომდინარე რამოდენიმე კვანძის გადაკეთება მოხდა, ამის გამო ზოგიერთ მოდელს საჭის გამაძლიერებელი და კონდიციონერიც კი არ ჰქონდა. ძრავა 197 ცხენის ძალას და 285 ნიუტონს გამოიმუშავებდა. ყველა მოდელი ბლოკირებული დიფერენციალით იყო აღჭურვილი, მიუხედავად ძლიერი ძრავისა M3-ზე სწრაფი და მოქნილი ვერ გამოვიდა, თუმცა ამ ავტომობილის ხიბლი სულ სხვა რამეში იყო. ძრავის ბრუნვის საშუალო დიაპაზონში, ანუ იმ დროს, როცა M3 აჩქარებისას ლოდინის რეჟიმში იმყოფებოდა 333 სავარძელზე თავისუფლად მიგაბჯენდათ. ავტომობილი ზედმეტად ძლიერიც კი იყო და მას გადაადგილება გაცილებით კომფურტულად შეეძლო. ყოველდღიური მოხმარებისთვის გაცილებით მისაღები და სასიამოვნო სამართავი იყო, ვიდრე 4 ცილინდრიანი M3, რადგან ეს უკანასკნელი სარბოლო ვერსიასთან მაქსიმალურად იყო მიახლოვებული. 333i-ის ვიზუალიც განსხვავებული ჰქონდა, იგი M Tech 1-ის ვიზუალით გამოირჩეოდა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ M3-ის მსგავსად 333-იც გარდამავალ მოდელში არ იწარმოებოდა.
BMW M3-ის წარმოების ტირაჟი 17 970 ერთეულს შეადგენდა, მაშინ როდესაც 333i სულ რაღაც 204 ერთეული იყო წარმოებული, თუმცა მისი ხელმიუწვდომელი სტატუსი მისივე ავტორიტეტზე მიუთითებდა.