სპეციალური შეკვეთით შექმნილი Mercedes-Benz A32K AMG
2001 წელს Mercedes-Benz-მა ყველაზე ხელმისაწვდომი მოდელის გამოშვება გადაწყვიტა. ამ მიზნისთვის A სერია დაიბადა, რომელიც მცირე ზომის, პრაქტიკული და ეკონომიური ავტომობილი იყო. სერიის საუკეთესო ვერსია A170 გახლდათ, რომელსაც 95 ცხენისძალიანი აგერგატი ჰქონდა.
A სერიის მოდელმა ერთ-ერთი მდიდარი ავტომოყვარული შთააგონა Mercedes-Benz-ისთვის სპეციალური მოდელი შეეკვეთა. მისი მიზანი ყველაზე მოკრძალებული ავტომობილის შექმნა გახლდათ, რომელშიც AMG-ი თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმს ჩადებდა. ასე და ამგვარად, A32K დაიბადა.
კომპანია, რომელმაც A32K-ს შექმნაზე პასუხისმგებლობა აიღო HWA გახლდათ. HWA Mercedes-Benz-ის პილოტებისთვის ავტომობილებს 1967 წლიდან ქმნის. ამ სახელს ისეთი ცნობილი სარბოლო ავტომობილი უკავშირდება, როგორიც CLK DTM-ია. ამ კომპანიას დიდი საპარტნიორო ურთიერთობა AMG-თან აქვს. HWA და AMG ერთობლივ ნამუშევრებს FIA GT1-ისთვის ქმნიან. გახსოვთ CLK GTR-ი? მისი დიზაინი და წარმოება სწორედ HWA-მ ითავა.
თავდაპირველი გეგმა A სერიაში AMG-ის 500-ცხენისძალიანი V8 ძრავის ჩადგმას გულისხმობდა. თუმცა, ძრავის განყოფილების მცირე ზომის გამო ეს ვერ მოხერხდა. SLK 32 AMG-ის აგრეგატი კი იდეალურად მოთავსდა. ძრავასთან ერთად შეიცვალა დაკიდების და სამუხრუჭე სისტემებიც.
HWA-ს ყურადღების მიღმა არ დარჩენილა ინტერიერიც. სალონი ალკანტარითა და ტყავით არის დამუშავებული. მაჩვენებელთა დაფაზე მაქსიმალური სიჩქარე 300კმსთ-ით არის განსაზღვრული, სავარძლები და საჭე AMG-ისაა. საინტერესო დეტალია ხუთწერტილიანი უსაფრთხოების ღვედებიც.
A32K-ს 3.2-ლიტრიან ტურბინიან ძრავას ცილინდრზე სამი სარქველი აქვს და 370 ცხენის ძალასა და 450ნმ-ს გამოიმუშავებს. ეს სიმძლავრე საკმარისია იმისთვის, რომ მანქანა 0-დან 100-მდე 5 წამში აჩქარდეს. A სერიის მოდელის ფორმის გამო კი ეს მონაცემი ცუდი ნამდვილად არ გახლავთ.
საერთო ჯამში A32K საკმაოდ საინტერესო ავტომობილია. მეტიც, ის მსოფლიოში ერთადერთია და AMG-ის ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად ცნობილი მოდელია.
რამდენად მოგწონთ A32K? ისურვებდით მის ფლობას? დაწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში.