Aa Aa
3 ივლისი 2024  |  10:30

ვიღაცამ ულამაზესი Lexus LC 500-ის დიზაინში ხელები აფათურა

Lexus LC 500 ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ავტომობილია. მიუხედავად ამისა, ვიღაცისთვის ეს საკმარისი არ აღმოჩნდა და თავის ავტომობილში კორექციების შეტანა გაწყვიტა.

ამ LC 500-ის სურათები Reddit-ზე გავრცელდა. ავტომობილი Lexus-ის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ფერში - Infrared-შია შეღებილი. მანქანას მდიდრულობისთვის ქრომირებული აქცენტებიც აქვს, რაც უკანა მაშუქებზე, დისკებზე, უკანა შუშაზე და მაყუჩებზეც შეიმჩნევა.

სამწუხაროდ, ეს ყველაფერი მფლობელისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა და დახვეწილი დიზაინის მქონე მანქანას სულელური ფრთა დაუმატა. ეს დეტალი LC 500-ის დიზაინიდან სრულად ამოვარდნილია. მეტიც, უკანა ფრთა საბარგულზე უკუღმა არის დამონტაჟებული, რაც მფლობელის უცნაურ ბუნებაზე კიდევ უფრო მიუთითებს.

LC 500-ის მეპატრონემ ესეც არ იკმარა და სანომრე ნიშანთან ქალის სილუეტის ვულგარული სტიკერები მიაკრა. საერთო ჯამში, ვერ გაგვიგია ამ ავტომობილის უკანა მხარე სასაცილო უფროა თუ გულდასაწყვეტი.

თუ ამ დეტალებს უგულებელვყოფთ, მაშინ ვერ უარვყოფთ, რომ LC 500 საუცხოო ავტომობილია. ამ მანქანის სავიზიტო ბარათი, დიზაინთან ერთად, 5-ლიტრიანი ატმოსფერული V8 ძრავაა. აგრეგატი 471 ცხენის ძალასა და 540 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებს. გამოსარჩევია მაყუჩებიდან გამომავალი ხმაც. დამატებით გეტყვით იმასაც, რომ LC 500, ერთ-ერთი ყველაზე იშვიათი, 10-სიჩქარიანი ავტომატური კოლოფითაა აღჭურვილი.

გაზიარება: