2021 წლის Hyundai Palisade Calligraphy: მოულოდნელად კარგი საოჯახო SUV-ი
Aa
Aa

2021 წლის Hyundai Palisade Calligraphy: მოულოდნელად კარგი საოჯახო SUV-ი

Hyundai-ს ფლაგმანი SUV-ი საოცარ პაკეტს საკმაოდ სარფიან ფასად გთავაზობთ.

SUV-ის ტიპის ავტომობილები პოპულარობას არ კარგავს. მეტიც, ასეთი მანქანების გამოშვება ისეთმა ბრენდებმაც გადაწყვიტეს, რომლებისგანაც ჯდომის ამაღლებულ პოზიციას ვერასდროს წარმოვიდგენდით. Lamborghini-მ Urus-ი შექმნა, Maserati-მ Levante, Aston Martin-მა DBX, ხოლო სულ მალე Ferrari-ს Purosangue-საც ვიხილავთ. ახლახან გავრცელდა ინფორმაცია, რომ SUV-ზე Lotus-იც მუშაობს.

ისეთი მწარმოებლები, როგორიც Mercedes-Benz-ი და BMW-ა, SUV-ების ხაზს მუდმივად აფართოებენ. ამას GLS Maybach-ისა და X7-ის გამოშვებაც მოწმობს. ეს არის სრული ზომის, მდიდრული კლასის SUV-ები, რომლებზეც მსოფლიოში (განსაკუთრებით კი აშშ-ში) დიდი მოთხოვნაა.

თუმცა, ყველა მსურველი სრული ზომის „ქროსოვერის“ შესაძენად 100 000$-ს ვერ გადაიხდის. თანამედროვე ალტერნატივების ძიების პროცესში კი 2021 წლის Hyundai Palisade Calligraphy-ი თვალში აუცილებლად მოგხვდებათ . ეს მდიდრული კლასის, სრული ზომის SUV-ია, რომელიც ფურცელზე წამყვანი გერმანული ბრენდების ანალოგებს არაფრით ჩამოუვარდება. ფასი კი საკმაოდ მისაღები აქვს. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ „ქროსოვერების“ სამყაროში ისეთ მოდელზე მოგიყვეთ, რომელიც ყურადღების მიღმა დაუმსახურებლად რჩება.

დიზაინი

პირველი, რითაც რაიმეს ვაფასებთ, ვიზუალია. ეს Hyundai-ში კარგად იციან და ბოლო ათწლეულში საკმაოდ დახვეწილი დიზაინის ავტომობილებს ქმნიან. გამონაკლისი არც Palisade-ია. ერთი შეხედვით, რთულია წარმოიდგინოთ, რომ ეს ავტომობილი სრული ზომის SUV-ია. ასეთ შთაბეჭდილებას მისი დიზაინი ტოვებს.


მაშუქები წინ ორად არის გაყოფილი. დღის განათებიდან წამოსული კონტური ქვედა მაშუქში გრძელდება და ელეგანტურ ფორმას ქმნის. ეს დეტალი ავტომობილში ჯდომის მაღალ პოზიციას უსვამს ხაზს და ბამპერს ამაღლებს. რამდენიმე დღის წინ უახლესი BMW X7-ის სურათები გასაჯაროვდა, რომელიც მაშუქების სწორედ ამგვარ სტილს ატარებს.

Palisade-ის პროფილი და უკანა მხარე მდიდრულობისა და გრაციოზულობის მატარებელია. Hyundai-ს ემბლემა რომ დავფაროთ, ფორმებითა და მაშუქებით ეს ავტომობილი Cadillac-საც მოგვაგონებს. ეს კი დიდი კომპლიმენტია.


Calligraphy-ი ვერსიაში საუკეთესო პაკეტია. სხვა ვერსიებისგან Calligraphy-ის ვიზუალი განსხვავებული ცხაურით, ბამპერების ქვედა ნაწილით და შუა სარტყლით გამოირჩევა. ყველა ამ დეტალს ვერცხლისფერი გაფორმება აქვს, რაც მანქანის ფერთან სასიამოვნო კონტრასტს ქმნის. გარდა ამისა, ამ ვერსიაში უამრავი ფუნქცია სტანდარტულია.

კომფორტი და პრაქტიკულობა

კომფორტი და პრაქტიკულობა - Palisade-ი სწორედ ამისთვის შეიქმნა. Calligraphy-ის პირველი ორი რიგი განცალკევებული სავარძლებით გამოდის, რომელთა შორისაც საკმაოდ დიდი ადგილია. მაღალია ჭერიც. ამ ავტომობილში თავს კომფორტულად იგრძნობს ყველა, განურჩევლად სიმაღლისა. შედარებისთვის გეტყვით, რომ ამ მანქანას სალონში Toyota Highlander-ზე დიდი ადგილი აქვს.



ბოლო, ანუ მესამე რიგი ვარსკვლავებს არ წყვეტს, თუმცა ცუდსაც ვერ ვიტყვით. მესამე რიგის სავარძლებში ორი ადამიანი თავისუფლად მოთავსდება, ხოლო სამი სივიწროვეს იგრძნობს. ფეხებისთვისა და თავისთვის კი საკმარისზე მეტი ადგილია.

როდესაც სალონში მგზავრების გადასაყვანად სამივე სავარძელს ასწევთ, ადგილი საბარგულისთვისაც რჩება. ბარგისთვის 500-ლიტრი მოცულობის გამოყენებაა შესაძლებელი. ამ მონაცემით კი Palisade-ი Honda-ს და Toyota-ს კონკურენტებზე წინ დგას. მესამე რიგის სავარძლების დაკეცვის შემდეგ კი მფლობელის განკარგულებაში 1 300-ლიტრიანი საბარგული იქნება.


Palisade Calligraphy-ს ინტერიერის დეტალები Nappa-ს ტყავით არის დაფარული. კოკპიტის გაფორმება ღია ფერის ხის ტექსტურით არის გადაწყვეტილი, რაც ბუნებრივად გამოიყურება. ხოლო ის, რაც თავს ნამდვილ მდიდრულ ავტომობილში გაგრძნობინებთ სალონის ფერები და შესრულების ხარისხია.

Palisade Calligraphy წინა სავარძლების გათბობითა და გაგრილებით, საჭის გათბობით, მესამე რიგის სავარძლების გათბობით, სამზონიანი კლიმატკონტროლით, ფარდებითა და ლუქით სტანდარტულად არის აღჭურვილი. საკმაოდ დიდი ყურადღება აქვს დათმობილი ხმის იზოლაციასაც. ერთადერთი, რასაც სალონში გაიგებთ, ძრავის ხმაა, რომელიც მხოლოდ აქსელერატორის სატერფულზე ბოლომდე დაჭერისას შემოდის.

კომფორტულობა ჩანს გადაადგილების დროსაც. უსწორმასწორო გზებზე სიარული მძღოლს და მგზავრებს არ აწუხებთ. ეს ძალზედ ჭკვიანური დაკიდების სისტემის დამსახურებაა, რაც ძირითადად გერმანული ავტომობილებისთვისაა დამახასიათებელი.

ტექნოლოგიები

ავტომობილის ინტერიერში ორი ტყუპი მონიტორი დაგხვდებათ. 10.3-დუიმიანი ეკრანი მულტიმედიისთვისა და ძირითადი ფუნქციების კონტროლისთვისაა. ეს ეკრანი სენსორულია და ხელის შეხებაზე სწრაფად რეაგირებს. Apple CarPlay და Android Auto სადენით არის დაკავშირებული. თუმცა, ტელეფონის დამუხტვას უკაბელოდ შეძლებთ. მუსიკის მოყვარულებს კი გეტყვით, რომ თქვენი საყვარელ სიმღერებს Harman/Kardon-ის აუდიო სისტემა გააჟღერებს.



Pallisade-ს ერთი ჭკვიანური ფუნქციაც აქვს. გამომდინარე იქიდან, რომ ამ ავტომობილით გადაადგილებას ბევრი ადამიანი შეძლებს, მუსიკა ვიღაცისთვის სასიამოვნო და ვიღაცისთვის, შესაძლოა, უსიამოვნო აღმოჩნდეს. ზოგს კი თუნდაც წაძინება უნდა. ასეთ დროს დინამიკებს მუშაობა მხოლოდ წინა სავარძლებისთვის მსხდომთათვის შეეძლება, ხოლო უკან გაითიშება.

Palisade-ი ის ავტომობილია, რომელშიც მძღოლი მართვისას არასდროს დაიღლება. მანქანა ადაპტირებადი კრუიზ კონტროლით, 360 გრადუსიანი კამერებითა და ბრმა წერტილების მონიტორინგის სისტემით არის აღჭურვილი. მძღოლის დამხმარე ყველა ეს სისტემა Calligraphy-ში სტანდარტულად არის შემოთავაზებული.

მაჩვენებელთა დაფა ბოლოსთვის ტყუილად არ მოგვიტოვებია. ამ წლოვანების Hyundai-ს მაჩვენებელთა დაფის სტილი ორად არის გაყოფილი. გამოსახულება მკვეთრია, ხოლო წასაკითხად მარტივი. მიუხედავად ამისა, მისი მოწონება გემოვნებაზე არის დამოკიდებული. ამ დეტალით Palisade-ი დამაკმაყოფილებელია, თუმცა ინდუსტრიაში უკეთესი სისტემებიც გვინახავს.

წარმადობა და მართვადობა

Hyundai Palisade-ი 3.8-ლიტრიანი V6 ძრავით არის აღჭურვილი, რომელიც 291 ცხენის ძალასა და 355 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებს. ამ კლასის სხვა SUV-ების V6 ძრავაც თითქმის ასეთი სიმძლავრისაა. მიუხედავად ამისა, Ford Explorer-ი 2.3-ლიტრიანი 4-ცილინდრიანი აგრეგატი სეგმენტში მეტად შთამბეჭდავია, რადგან ის 300 ცხენის ძალასა და 420 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებს.

თუმცა, Palisade-ი სპორტული ავტომობილი არ არის. აქსელარატორის სატერფულზე ფეხის დაჭერისას სხვა ავტომობილის გადასწრებას მყისიერად შეძლებთ. შესაბამისად, ძალა საკმარისია.

მართვადობა დრამატულობით არ გამოირჩევა. საჭე მსუბუქია და მისაღები შეგრძნება აქვს. მოსახვევებში Palisade-ი იხრება, თუმცა ბალანსს ინარჩუნებს და აკურატულ ტრაექტორიას ხაზავს. სავსებით დამაკმაყოფილებელია სამუხრუჭე სისტემაც. Hyundai-მ კარგად იცის, რომ ამ მანქანას გადაადგილება დატვირთვით ხშირად მოუწევს. მუხრუჭები კი ასეთი შემთხვევებისთვის საიმედოზე უკეთესია.

საწვავის მოხმარება

2021 წლის Hyundai Palisade Calligraphy-ის შემოწმებისას მანქანა საწვავის ასე მოიხმარდა:
ქალაქი - 12.3 ლიტრი 100 კილომეტრზე;
ავტობანი - 9.8 ლიტრი 100 კილომეტრზე;
შერეული - 11.2 ლიტრი 100 კილომეტრზე.

მონაცემები არ ბრწყინავს, თუმცა, თუ ძრავის დიდ მოცულობას, ავტომობილის ზომასა და წონას გავითვალისწინებთ, Palisade-ის საწვავის მოხმარება შემაწუხებელი ნამდვილად არ იქნება.

ღირებულება

ყველაზე დიდი Hyundai ყველაზე ძვირიცაა, თუმცა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, კონკურენტებთან შედარებით იაფი ღირს. Calligraphy-ს ფასი, რომელიც უმაღლესი კომპლექტაციაა, 49 000$-ია საბაზისო მოდელების შეძენა კი უფრო იაფად არის შესაძლებელი. Palisade-ის კლასში ყველაზე იაფი Honda Pilot Elite-ი გახლავთ, რომლის ღირებულებაც 51 000$-დან იწყება.

დასკვნა

რთულია არ მოგეწონოთ ის, რასაც Hyundai ამ ფასში Palisade-ით გთავაზობთ, განსაკუთრებით კი Calligraphy კომპლექტაციაში. ამ ავტომობილს გააჩნია ყველაფერი - სტილი, ხარისხი, მდიდრულობა, კომფორტულობა, პრაქტიკულობა და ხელმისაწვდომობა.

თუ სრული ზომის, თანამედროვე საოჯახო SUV-ს ეძებთ, რომელიც დიდხანს და საიმედოდ მოგემსახურებათ, Palisade Calligraphy-ს ალტერნატივაზე სერიოზულად უნდა დაფიქრდეთ.

მსგავსი სიახლეები