Aa Aa
21 ოქტომბერი 2024  |  11:58

TOP-ი: მკვდარი ავტომწარმოებლების საუკეთესო ავტომობილები

მოგზაურობა წარსულში, სადაც აწ უკვე მკვდარი კომპანიები საოცარ ავტომობილებს ქმნიდნენ.

დროის გასვლასთან ერთად იცვლება ყველაფერი - კლიმატი, პოლიტიკური რუკა, მოდა, ღირებულებები, საზოგადოებრივი მოთხოვნები, ბაზრები და ა.შ. ასევე, ვითარდება ან კოტრდება დიდი კომპანიები, მათ შორის ავტომწარმოებლებიც.

დღეს ხალხის ყურადღება განვითარებული ავტოკომპანიების ნაწარმს ეთმობა. გაკოტრებული ავტომწარმოებლების პროდუქტზე კი ძალზედ იშვიათად გვესმის. ის, რასაც ახლა მტვრის რამდენიმე ფენა ადევს სულაც არ ნიშნავს, რომ საინტერესო არაა. მეტიც - ისტორიაში არსებობს უამრავი მოდელი, რომლებმაც თქვენი ყურადღება და დაფასება დაიმსახურეს. ჟამთა სვლის გამოცდა კი მათი შემქმნელი კომპანიებისთვის საბედისწერო აღმოჩენილა.

სწორედ ამიტომ, ამ სტატიაში ისეთ ავტომობილებზე მოგიყვებით, რომელთა მარკებიც საავტომობილო თაროზეა შემოდებული და ყველამ მიივიწყა. ეს გარკვეულწილად წარსულში მოგზაურობა იქნება. იმ წარსულში, რომელიც ტკბილია.

De Tomaso: Pantera (1971)


ფერუჩიო ლამბორგინიმ (1916-1993) Ferrari-ის კონკურენტი ავტომობილის შესაქმნელად რთული გზა გაიარა. მან დააარსა კომპანია, რომელიც ავტომობილებს თავიდან ბოლომდე საკუთარ კედლებში აწყობდა. ეს გარკვეულწილად ავანტიურადაც ითვლებოდა. მეორე მხრივ, ალეჰანდრო დე ტომასომ (1928-2003) პრაქტიკული და მარტივი გზის გავლა გადაწყვიტა. მან სუნთქვისშემკვრელი ავტომობილის დიზაინი შექმნა, ხოლო V8 ძრავა Ford-ისგან შეიძინა.

ამ პერიოდში ამერიკაში სპორტული ავტომობილების მიმართ დიდი მოთხოვნა შეიმჩნეოდა, რის გამოც De Tomaso-ს Pantera-ს შესაქმნელად დიდძალი ფინანსური რესურსები მობილიზდა. მიუხედავად ამისა, ამ უკანასკნელს ხარისხის პრობლემები გააჩნდა.


Pantera-ს ერთ-ერთი მფლობელი ელვის პრესლი გახლდათ. არასაიმედოობის გამო ვარსკვლავმა მანქანა სურვილისამებრ ვერ გამოიყენა. 1975 წელს კი Ford-მა მოდელის აშშ-ში იმპორტზე უარი განაცხადა. მიუხედავად ამისა, საწარმოო ხაზი ევროპაში 1992 წლამდე გაგრძელდა. გაგრძელდა და მანქანაც დაიხვეწა.

რა ბედი ეწია De Tomaso-ს? 1975 წელს De Tomaso Maserati-ის შეუერთდა. უკვე პროფილურ კომპანიასთან შეერთების მიუხედავად, De Tomaso მოდელების გაყიდვას 2004 წლამდე აგრძელებდა. 2004 წელს კი მარკა გაიყიდა. მას შემდეგ ეს სახელი 2011 წლის ჟენევის ავტო ჩვენებაზე, კონცეპტუალური მოდელით დაბრუნდა. 2011 წლის შემდეგ კი არავის არაფერი სმენია.

Hudson: Hornet (1951)

Hudson Hornet-ი ამსხვრევდა მითებს, რომელთა მიხედვითაც 1950-იან წლებში გამოშვებული ყველა ამერიკული ავტომობილი ერთმანეთს ჰგავდა. დიახ, ამ მანქანასაც მრგვალი მაშუქები და ქრომის იმდენი გაფორმება ჰქონდა, რომ კოსმოსიდანაც ჩანდა. თუმცა, მსგავსებების ჩამონათვალი აქ ჩერდება.

მოდელს გრძელი, დახრილი სახურავი ჰქონდა, რომელიც უკანა მხარეს საოცრად ელეგანტურად უერთდებოდა. თუ Hornet-ს დღეს შექმნიდნენ ის კლასიფიცირდებოდა როგორც 4-კარიანი კუპე. ფაქტობრივად, ეს 50-იანი წლების Mercedes-Benz CLS-ია. მანქანა ძალზედ სწრაფიც გახლდათ. Hornet-ი NASCAR-ის რბოლაში დომინანტური მოდელი იყო.

რა ბედი ეწია Hudson-ს? 1954 წელს კომპანია Nash-Kelvinator-ს შეუერთდა და AMC-დ იქცა. Hudson-ის ემბლემა 1957 წლამდე არსებობდა. AMC-ის ნარჩენები კი ახლა Jeep-ის სახელის ქვეშაა გაერთიანებული. ეს უკანასკნელი კი Stellantis-ის ქოლგის ქვეშაა.

Jensen Interceptor (1966)

Jensen Interceptor-ი იყო მანქანა, რომელიც მყიდველებს ბრიტანული სპორტული ავტომობილის - Triumph-ისა და MG-ის - ალტერნატივას სთავაზობდა. Jensen Interceptor-ი იდეალური ავტომობილი იყო მათთვის, ვისაც ელეგანტური და დინჯი ავტომობილი სურდა. ეს მანქანა არც საოცარი სისწრაფით და არც მანევრულობით გამოირჩეოდა. სამწუხაროდ, მსოფლიოში ასეთი ავტომოყვარული ბევრი არ მოძებნილა. ამ მიზეზით, Jensen-ს დიდი ფინანსური პრობლემები ჰქონდა.


რა ბედი ეწია Jensen-ს? Jensen-მა ავტოინდუსტრიაში ოპერირება 1976 წელს შეწყვიტა. 2001 წელს კომპანიის გაცოცხლება მოინდომეს და ახალი მოდელი - S-V8 - გამოუშვეს. 20 ეგზემპლარის წარმოების შემდეგ კი ბრენდი საბოლოოდ დასამარდა.

Mercury Cougar (1967)

წინასწარ გაგაფრთხილებთ, რომ ჩვენს ჩამონათვალში ამერიკული ავტომობილები მრავლადაა. ერთ-ერთი კი Mercury Cougar-ია. ეს მოდელი მწარმოებელმა Ford Mutang-ისა და Thunderbird-ის შორის არსებული ადგილის შესავსებად გამოუშვა. Cougar-ი სწორედ ამ უკანასკნელის პლატფორმაზე იყო დაფუძნებული. Mercury-ის გმირ ავტომობილში Mustang-ის წარმადობა და მაღალი კლასის მდიდრულობა უნდა შერწყმულიყო. Cougar-ის გვიანდელი მოდელები ქარიზმითა და წარმადობით გამოირჩეოდა, თუმცა, პოპულარობის მწვერვალები არასდროს დაუპყრია.


რა ბედი ეწია Mercury-ს? 2000-იანი წლების ბოლოს არსებული ფინანსური კრიზის გამო Ford-ში რაციონალიზაციის პოლიტიკა გაატარეს, რის ფარგლებშიც კომპანიამ ბრენდის დასასრული გამოაცხადა. Mercury-ის ბოლო ავტომობილის 2011 წელს, Grand Marquis-ის სახელით გამოვიდა.

Oldsmobile: 4-4-2 (1964)


შემდეგი ამერიკული ბრენდი, რომლის ხსენებასაც ვერ გავექცევით Oldsmobile-ია. ამ სახელის ქვეშ კი 4-4-2 მოდელი უნდა განვიხილოთ, რომლის კონცეპტუალიზაციაც წარმადობაზე ორიენტირებულ ავტომობილად შედგა. ეს ავტომობილი 1968 წელს ისეთი პოპულარობით სარგებლობდა, რომ მწარმოებელმა Hurst-თან ერთად (ამერიკული „ტუნინგ“ ატელიე) 4-4-2-ის 390 ცხენისძალიანი ვერსია შექმნა. მანქანას გაუმჯობესებული სამუხრუჭე და დაკიდების სისტემა ჰქონდა. ეს იყო ელეგანტური „ამერიკული კუნთები“, რომლის ქუჩებში გამოჩენაც სიამოვნებას ყველას ანიჭებდა.

რა ბედი ეწია Oldsmobile-ს? Oldsmobile-მა თავისი ხაზი GM-ის ქოლგის ქვეშ შეინარჩუნა. მიუხედავად ამისა, თანამედროვე ბაზარზე სახელის განმტკიცება ვერ შეძლო. ამ მიზეზით კი GM-მა 2004 წელს მარკის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო.

Pontiac Firebird (1967)

General Motors-ი Pontiac-ს ორადგილიანი სპორტული ავტომობილის შექმნის ნებას არ აძლევდა. ამის მიზეზი მარტივი იყო. GM-ს Corvette-ი ჰყავდა და მისი პირდაპირი კონკურენტის შექმნა არ აწყობდა.


Pontiac-ის თანამშრომლები კი გარკვეულ წინააღმდეგობას არ შეუშინდნენ და Camaro-ს ბაზაზე დაფუძნებული სპორტული ავტომობილის შესაქმნელად ნებართვა მოიპოვეს. შედეგად, Firebird-ი, იგივე „მყვირალა ქათამი“ მივიღეთ, რომელმაც ოთხი თაობა იარსება. 2002 წელს კი საავტომობილო გილიოტინაზე გაამწესეს.

რა ბედი ეწია Pontiac-ს? 2008-09 წლების გლობალური ეკონომიკური კრიზისი GM-საც შეეხო. შედეგად კომპანიაში რაციონალიზაციის პოლიტიკა გატარდა, რამაც Pontiac-ის დახურვა გამოიწვია. 2010 წლის შემდეგ Pontiac-ის ემბლემით მანქანა აღარ გამოსულა.

Rover: SD1 (1976)

კამათი იმაზე, რომ Rover-ი ბოლომდე მკვდარი არ არის შესაძლებელია. ის ჩინეთში, Roewe-ს სახელის ქვეშაა რეინკარნირებული. SD1 კი ამ ბრენდის ბოლო მცდელობა იყო, შეექმნა ნამდვილი ფლაგმანი. მომდევნო წლებში კი კომპანიამ Honda-სთან დაამყარა კავშირი, რის შემდეგაც ტექნოლოგიები და მნიშვნელოვანი ნაწილები საერთო გახდა.

SD1 ავანგარდული დიზაინის მქონე ავტომობილი გახლდათ. მეტიც, ის Ferrari 365 GTB/4 Daytona-საც წააგავდა. მისი შეძენა V8 ძრავით იყო შესაძლებელი და Rover-ის საუკეთესო ნაწარმი გახლდათ. ამ ავტომობილით Rover-ს BMW-სა და Mercedes-ის სერიაში ასპარეზობა შეეძლო.


რა ბედი ეწია Rover-ს? 1987-1991 წლებში Rover-ი Austin Rover-ის ჯგუფის წევრი გახდა, სადაც მთავარი მოთამაშე Honda გახლდათ. 1994 წელს Rover-ი BMW-მ შეიძინა. 2000 წელს Land Rover-ი Ford-ის ქვეშ გაერთიანდა. შემდეგ MG Rover-ის ბრენდად ჩამოყალიბდა. 2005 წელს კი ეს კომპანია ბიზნესიდან გავიდა. 2006 წელს Rover-ის ბრენდი BMW-მ Ford-ს 10 მილიონ დოლარად მიჰყიდა. ეს კომპანია მარკას Land Rover-თან და Jaguar-თან ერთად იზიარებდა. 2008 წელს კი სამივე კომპანია ინდურმა ბრენდმა, Tata Motors-მა შეიძინა.

Saab: 99 (1968)


99-ს Saab-ის ისტორიაში ახალი ეპოქის დასაწყისად მიიჩნევენ. შვედურმა ბრენდმა 92-ის დიზაინის შთაგონებით იმ პერიოდისთვის თანამედროვე ვიზუალის შექმნა გადაწყვიტა. ავტომობილს მომრგვალებული საქარე მინა და ელეგანტური ფორმები ჰქონდა. კაპოტის ქვეშ კი Triumph-ის 4-ცილინდრიანი ძრავას მალავდა.

შედეგად 99 სასიამოვნო სამართავიც იყო და კონკურენტებთან შედარებით გამოირჩეოდა. საუკეთესო ვერსია 1978 წელს გამოსული 99 Turbo გახლდათ. ამ ავტომობილმა შემდეგში Saab მაღალი წარმადობის მოდელებს, ფაქტობრივად, გზა გაუკვალა.

რა ბედი ეწია Saab-ს? 2000 წელს Saab-ი GM-ის გაერთიანებაში შევიდა. 2010 წელს კი შვედური ბრენდი ნიდერლანდურმა კომპანია Spyker-მა შეიძინა. თუმცა, ამ უკანასკნელმა ავტომობილების წარმოება 2011 წლის შემდეგ ვეღარ მოახერხა.

ამის შემდეგ, Saab-ის საავტომობილო აქტივებით ჩინური კომპანია NEVS-ი დაინტერესდა. ამ მოლაპარაკების შედეგად კი ამ ავტომწარმოებელზე არაფერი გვსმენია.

მიუხედავად ამისა, Saab-ის სახელი სამხედრო ინდუსტრიაში ისევ აქტიურია. 1990 წლამდე კი სამხედრო თვითმფრინავების გამომშვები კომპანია და საავტომობილო ხაზი ერთი საკუთრების ქვეშ იყო.

Vespa 400 (1957)


Vespa-ს ჩვენი მკითხველის უმეტესობა მოპედების მწარმოებელ კომპანიად იცნობს. როგორც ავტომწარმოებელი კი ეს ბრენდი მკვდარია. თუმცა, იცოდით, რომ იტალიური ბრენდი ავტომობილებსაც ქმნიდა? ადრეულ წლებში Vespa-მ ევროპის ბაზრისთვის ყველაზე მცირე ზომის ავტომობილი შექმნა. მისი პრეზენტაცია Monaco-ში შედგა. მოდელი სახელად 400 ზუსტად ისეთი ზომის მანქანა იყო, როგორიც Goggomobil-ი და Fiat 500.

Vespa 400 საფრანგეთში დამზადებული 0.4-ლიტრიანი ძრავით იყო აღჭურვილი. Fiat-ი, როგორც ბრენდი, 500-მა გადაარჩინა. ის Vespa 400-ზე ადრე იქნა წარმოებული და ბაზარზე ფეხის მოკიდება მარტივად შეძლო. 400-ისთვის კი საქმე გართულდა. ამ მიზეზით კი მწარმოებელს მოდელების დიდი რაოდენობა აღარ დაუმზადებია. ავტოინდუსტრიაში ეს Vespa-ს პირველი და ბოლო გამოჩენა გახლდათ.

რა ბედი ეწია Vespa-ს? Vespa დღესაც ცოცხალია და ის მოპედების წარმოებით არის დაკავებული. 2019 წელს კომპანია Piaggio-მ შეიძინა, რომელიც Aprillia-ს და Moto Guzzi-ის ბრენდებსაც აერთიანებს.

Autozam: AZ-1 (1992)

გსმენიათ იაპონური „ქეი“ ავტომობილების შესახებ? Autozam AZ-1 სწორად ამ კლასის მანქანა იყო, რომელიც Mazda Mx-5-ის შემქმნელების მიერ შემუშავებული გახლდათ. ის, რაც მოდელს გამოარჩევდა შუაში განთავსებული თოლიისებრი კარები იყო. 1990-იანებში ასეთი კომპლექტაცია მხოლოდ „სუპერქარებს“ ჰქონდათ. AZ-1 კი იაპონიის გადატვირთული ქუჩებისთვის პატარა ზომის იყო.


მანქანა 63 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა, რომელსაც Suzuki-ის 3-ცილინდრიანი ტურბინიანი ძრავა წარმოშობდა. ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო „ქეი“ ავტომობილი 1995 წლის შემდეგ აღარ გამოსულა.

რა ბედი ეწია Autozam-ს? 1989 წელს Mazda-ს მიერ შექმნილ კომპანიას ოპერირების სხვადასხვა სტრატეგია ჰქონდა. მანქანების წარმოების გარდა, Autozam-ს მაღაზიების ქსელიც ჰქონდა, სადაც ავტონაწილები იყიდებოდა. საინტერესო ისაა, რომ ეს კომპანია იაპონიის ბაზარზე Lancia-ს ოფიციალური დილერი გახლდათ. 1990-იანი წლების ბოლო ეს სახელი დიდ სადილეროს დაერქვა. ავტომობილების გამოშვება კი სრულად შეჩერდა.

გაზიარება: