Mercedes Vision EQXX-მა დაამტკიცა, რომ 1 000კმ-ის დაფარვა შეუძლია
Aa
Aa

Mercedes Vision EQXX-მა დაამტკიცა, რომ 1 000კმ-ის დაფარვა შეუძლია

Mercedes-Benz Vision EQXX კონცეპტს ტესტის დასრულებისას სვლის მარაგი კიდევ ჰქონდა დარჩენილი.

Mercedes-Benz-ის ამბიციურ პროექტს - EQXX კონცეპტს - გამოცდა მოუწყვეს. ის ზუსტად იმაში გამოცადეს, რისთვისაც მწარმოებელმა მისი შექმნა გადაწყვიტა. მიზანი ერთ დამუხტვით 1 000კმ-ის დაფარვა იყო. ელექტრო ბატარეებით აღჭურვილი სედანი კომპანიის მთავარი ქარხნიდან, სინდელფინგენიდან დაიძრა და საფრანგეთში ჩავიდა. დანიშნულების ადგილზე ჩასვლისას კი ბატარეები 15%-ს აჩვენებდა.

მოგზაურობა წვიმიან და ცივ ამინდში დაიწყო, რაც წლის ამ პერიოდში გერმანიისთვის დამახასიათებელია. EQQX-ი, თავდაპირველად, გერმანიის ავტობანისკენ დაიძრა და შვეიცარიამდე ასე სწრაფი გზით იარა. ავტომობილის მაქსიმალურმა სიჩქარემ 140 კმ/სთ-საც მიაღწია, რაც იმას ნიშნავს, რომ ტესტის მიზანი გზის მაქსიმალურად ეფექტურად დაფარვა არ ყოფილა.


EQXX-ს უამრავი ჭკვიანური ტექნოლოგია აქვს, რაც მას ასეთი შედეგის მიღწევაში დაეხმარა. ავტომობილი მსუბუქი მასალებით აიწყო, რაც აღმართებზე სიარულისას ნაკლებ ენერგიას ახარჯვინებს. დაღმართებზე კი ელექტრო სისტემას ენერგიის აღდგენის ფუნქცია აქვს, რაც ავტომობილის დამუხრუჭებას არ იწვევს. EQXX-ის სახურავზე მზის პანელების შემჩნევაც შეიძლება. იქ 117 ინდივიდუალური ქსელია განთავსებული, რომელიც 12-ვოლტიან ბატარეას კვებავს. მზის ენერგია ავტომობილში არსებულ ყველა ელექტრო კომპონენტს ჰყოფნის. თუმცა, 1 000-კმ-იან ტესტზე მზის ბატარეებმა 25 კმ-ის გავლაც უზრუნველყო.

Vision EQXX-ი 241-ცხენისძალიანი აგრეგატით არის აღჭურვილი და, სხვა ელექტრომობილებისგან განსხვავებით, სიმძლავრეს ტრანსმისიით ანაწილებს. გადაცემათა კოლოფი მაღალ სიჩქარეზე გადაადგილებისას ნაკლებ ენერგიას მოიხმარს, რის საშუალებასაც ერთსიჩქარიანი EV-ები არ იძლევა.

საბოლოო ჯამში ტესტირება 11 საათსა და 32 წუთს გაგრძელდა. ჯამში კი სულ 1 008კმ-ის დაფარვა მოხერხდა. ეს შედეგი კი ფენომენალური გახლავთ.

Vision EQXX-ი ხელნაკეთი EV-ია, რომელიც სპეციალურად ეფექტურობისთვისაა შექმნილი. სამწუხაროდ, ამ ავტომობილის აწყობა დღეს ძალზედ დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. მხოლოდ მასალების ღირებულება ექვსციფრიან ნიშნულს სცდება. ამას ადამიანური რესურსებიც ემატება. თუმცა, როგორც კონცეპტუალური პროექტი EQXX-მა ელექტრო ავტომობილების სამყაროში განვითარების დიდი ნაბიჯები აჩვენა.

მიუხედავად იმისა, რომ ამ ავტომობილის წარმოება დღეს მარტივი არ არის და ძალზედ ძვირია, ეს არ ნიშნავს, რომ სულ ასე იქნება. ავტოინდუსტრიამ აჩვენა, რომ ის, რაც გუშინ წარმოუდგენელი იყო დღეს რეალობადაა ქცეული. ამგვარი გარემოება კი გვაფიქრებინებს, რომ EQXX-ის საწარმოო მოდელი ჩანაფიქრთან ძალზედ ახლოს იქნება.

მსგავსი სიახლეები