პოლიციამ ახალი Jeep Wagoneer-ის წინააღმდეგ კლასიკური ილეთი გამოიყენა
პოლიციის მიერ ურჩი მძღოლების ე.წ. PIT-ი მანევრით გაჩერება აშშ-ში ტრადიციად არის ქცეული. ამ ილეთის შესრულება ერთი შეხედვით მარტივი ჩანს, თუმცა, რეალურად საკმაოდ რთულია. ამას მაღლა მიბმული ვიდეოც ამტკიცებს. ოფიცერს დამნაშავის გაჩერება ძალზედ დაძაბულ ვითარებაში უწევს, რადგან წინ მიმავალი ავტომობილიდან ისვრიან კიდეც. ეს კი საფრთხეს ზრდის.
თვის დასაწყისში 32 წლის ჩარლზ ქარსვილიფმა პოლიციისგან გაქცევა გადაწყვიტა. დამნაშავე Grand Wagoneer-ს მაღალი სიჩქარით მართავდა. პოლიციის გაფრთხილების მიუხედავად არ შეჩერდა.
მძიმეწონიანი Jeep-ის შეჩერება ოკლაჰომას ოფიცერმა Dodge Charger-ისა და აპრობირებული მეთოდის გამოყენებით მოახერხა. PIT-ი მანევრი (Pursuit Intervention Technique) მდევარი ავტომობილის ცხვირით წინ მიმავალი მანქანის მოცურებას გულისხმობს. ამ ტექნიკით ურჩი მძღოლის გაჩერებას დახელოვნება სჭირდება. ერთი პატარა შეცდომის დაშვებით თავის დაზიანებაც შეიძლება. ოკლაჰომას ოფიცერს კი დავალების შესრულებას ისიც ურთულებდა, რომ წინ მიმავალი მანქანიდან ისროდნენ. ნამდვილი „ჰოლივუდია“, არა?
საბედნიეროდ, სროლის შედეგად პოლიციელი არ დაჭრილა. მიუხედავად ამისა, კადრში ჩანს თუ როგორ არის დაზიანებული საქარე მინა. დამნაშავის შეჩერება საპასუხო ცეცხლის გახსნის გარეშე მოხერხდა, რაც დიდი მიღწევაა.
სამწუხაროდ, დამნაშავემ დანებება არ გადაწყვიტა. მიუხედავად იმისა, რომ კადრებში არ ჩანს რა ხდება Wagoner-ის შეჩერების შემდეგ, გავრცელებული ინფორმაციით დამნაშავე მანქანიდან გადმოხტა და სასროლო პოზიცია დაიკავა. AK-47-ით შეიარაღებულმა პირმა პოლიციელების გამოჩენისას ცეცხლი გახსნა. როგორც ჩანს, ის ჩაბარებას არ აპირებდა. შედეგად, საპასუხო ცეცხლში მძიმედ დაიჭრა და საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
ფაქტია, რომ ოკლაჰომას პოლიციამ ყველაფერი გააკეთა, რათა დამნაშავე ცოცხლად აეყვანათ. თუმცა, ზოგჯერ მსგავსი შემთხვევები ფატალური შედეგით მთავრდება.