2023 წლის მე-7 სერია და I7 გასაჯაროვდა: არჩევანი V8-სა და ელექტრო ბატარეებს შორის
სალონში 31-დუიმიანი 8K ეკრანი დაგხვდებათ, რომელსაც Amazon Fire TV-ის მხარდაჭერა ექნება.
2023 წლის მოდელის გამოჩენის შემდეგ BMW-ს მეშვიდე სერია მეშვიდე თაობაში გადავიდა. მიუხედავად წინა წლებში წარმოებული საკულტო მოდელებისა, „შვიდიანში“ ეს ყველაზე მნიშვნელოვანი თაობაა. 1977 წელს, პირველი მდიდრული კლასის სედანის დებიუტის შემდეგ, 7 Series-ი შიგაწვის ძრავასთან ერთად ელექტრო ვერსიასაც შემოგვთავაზებს. მეგობრებო, თქვენ წინაშეა BMW i7!
ეს ყველაფერი BMW-ს მოდელების ელექტრიფიცირებისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი, ოლივერ ზიფსი ამბობს, რომ EV-ი მოდელების სწრაფი და ფართომასშტაბიანი წარმოება მომავალი წლიდან დაიწყება. ბრენდი თავისი საავტომობილო მოდელების სრულ ელექტრიფიცირებას აქტიურად ცდილობს. ასეთ პლატფორმაზე გადაეწყობა Rolls-Royce-ც და Mini-ც. BMW Group-ი აცხადებს იმასაც, რომ 2030 წლისთვის გზებზე BMW-ს ლოგოს ქვეშ 10 მილიონი ელექტრო ავტომობილი ივლის.
ეს ყველაფერი ჩვენი მკითხველისთვის ახალი არ უნდა იყოს, რადგან BMW-ს ასეთ გეგმებზე ჩვენს პლატფორმაზე რამდენჯერმე დაიწერა. ახლა კი, დიდი ლოდინის შემდეგ, კომპანიამ ახალი თაობის ფლაგმანი ოფიციალურად გამოაჩინა.
ბენზინის ძრავის ორი ვერსია, ელექტრო კი ერთი
საწყის ეტაპზე BMW შიგაწვის ძრავით აღჭურვილ მეშვიდე სერიის ორ ვერსიას შემოგვთავაზებს: საბაზისო მოდელი 6-ცილინდრიანი აგრეგატით, ხოლო უფრო მძლავრი „შვიდიანი“ V8-თი გამოვა. პირველადი მოდელი 740i იქნება, რომლის 3-ლიტრიან ტურბინიანი ძრავასაც 48-ვოლტიანი „მაილდ-ჰიბრიდის“ დახმარება ექნება.
740i-ის სრული სიმძლავრე 375 ცხენის ძალითა და 520ნმ-ით იქნება განსაზღვრული. ასეთი შედეგით ის წინა მოდელზე 40 ცხენის ძალით უფრო მძლავრი იქნება. შედეგად, მდიდრული სედანის ეს ყველაზე „სუსტი“ ვერსია 0-დან 100-მდე 5 წამში აჩქარდება.
შედარებით მძლავრი პაკეტი 760i xDrive-ის სახელით გამოვა, რომელიც 4.4-ლიტრიანი V8-თი და „მაილდ-ჰიბრიდ“ ტექნოლოგიით აღიჭურვება. ამ ავტომობილების მფლობელებს კი 536 ცხენის ძალისა და 750ნმ-ის დამორჩილება მოუწევთ. 760i xDrive-ი 100კმ/სთ-ს 4.2 წამში განავითარებს. ორივე ვერსია კი ერთი და იმავე - 8-სიჩქარიანი - ავტომატური გადაცემათა კოლოფით გამოვა.
ელექტრო 7er-ი, ოფიციალური სახელწოდებით i7 xDrive60, ორ ელექტრო აგრეგატსა და 101.7 კილოვატსაათიან ბატარეას იყენებს. ვერსიის სიმძლავრე 536 ცხენის ძალასა და 745 ნიუტონ მეტრს აღწევს. ელექტრო „შვიდიანს“ 100კმ/სთ-ის განვითარება 4.5 წამში შეეძლება, ხოლო მაქსიმალური სიჩქარე 240კმ/სთ-ით იქნება განსაზღვრული. ბენზინის ძრავის მქონე მოდელები კი 260კმ/სთ-ის განვითარებას შეძლებს.
BMW-ში აცხადებენ, რომ i7 xDrive60 სრული დამუხტვით 300 მილს დაფარავს, რაც 484 კმ-ს უდრის. 10 წუთიანი დამუხტვის შედეგად კი მანქანაზე 140კმ-იანი სვლის მარაგის გამომუშავებაა შესაძლებელი.
2023 წლის ყველა მეშვიდე სერია ავტომატური გათანაბრების მქონე 4-კუთხის პნევმატიკური დაკიდების სისტემითა და ელექტრო ამორტიზატორებით სტანდარტულად გამოვა. ადაპტირებადი დაკიდების სისტემა სპორტულ რეჟიმში მანქანას 1 სანტიმეტრით დაადაბლებს, ხოლო უსწორმასწორო გზებზე 2 სანტიმეტრით აამაღლებს. გარდა ამისა, 120 კმ/სთ-ის შემდეგ i7 უკეთესი აეროდინამიკისთვის მცირედით „დაწვება“. უკეთესი მანევრირებისთვის კი მოდელს უკანა ბორბლების მოხვევაც დაეხმარება.
მკაცრი ფორმის ექსტერიერი, ტექნოლოგიური სალონი
ვიზუალურად ახალი მეშვიდე სერია ძველი მოდელისგან რადიკალურად განსხვავდება. ცენტრალური ასპექტი ცხვირის დიზაინია, რომლის მსგავსიც, პირველად, განახლებულ X7-ზე ვიხილეთ. BMW-მ ცხაურის სტეროიდებზე დასმა „შვიდიანშიც“ გადაწყვიტა. მაშუქები ორად არის გაყოფილი, რომლის ზედა LED-ი ნაწილიც კაპოტთან არის განთავსებული. ბამპერზე არსებული მაშუქები კი „როლს-როისის“ დიზაინსაც მოგვაგონებს. ეს დეტალი ბამპერის დიზაინს ამაღლებს. X7-ის შემთხვევაში ასეთი დიზაინერული გადაწყვეტა, ჯდომის მაღალი პოზიციის გამო, გამართლებულია. მეშვიდე სერიის შემთხვევაში კი ეს შტრიხი ცოტა უცნაურიცაა.
ახალი მეშვიდე სერიის სალონი BMW-ს უახლესი Live Cockpit Plus-ითა და iDrive 8 პროგრამული უზრუნველყოფითაა წარმოდგენილი. მულტიმედიის სისტემა და მაჩვენებელთა დაფა გადაბმულია და მძღოლისკენ არის შეტრიალებული.
ყველაზე საინტერესო ადგილი კი ამ ავტომობილის მეორე რიგია. მსურველებს 31-დუიმიანი 8K Theater Screen ეკრანის დამატება შეეძლებათ, რომელიც ჭერზე, წინა ორი სავარძლის შორის არის განთავსებული. მისი დახმარებით უკანა სავარძელზე მჯდომი მგზავრები Amazon Fire TV-ის ან სხვა ნებისმიერი რამის ყურებას შეძლებენ. ორივე მგზავრი კი ამ უდიდესი ეკრანის კონტროლს 5.5-დუიმიანი ტაბლეტით შეძლებს, რომელიც კარის პანელებშია ჩაშენებული.
რაც შეეხება აუდიო სისტემას, საუკეთესო გამოცდილებისთვის i7-ის სალონში Bowers & Wilkins-ის სისტემა მოგემსახურებათ, რომელიც 36 დინამიკს აერთიანებს. ოთხი დინამიკი კი სავარძლებზე, თავის მისადებზე არის მიმაგრებული. გარდა ამისა, ხმის სისტემას 4D აუდიო ფუნქცია გააჩნია, რომელიც ბასისთვის მაგნიტურად კონტროლირებად ვიბრაციებს იყენებს.
ყველა მეშვიდე სერია მძღოლის დამხმარე ტექნოლოგიით იქნება წარმოდგენილი, თუმცა, 7er-ი პირველად “Level 2 Plus” სისტემით აღიჭურვება, რომელიც ავტომობილის ავტონომიურად მართვას გულისხმობს.
ფასი
მეშვიდე სერიის პირველი მოდელების მიწოდება ნოემბერში უნდა დაიწყოს. საბაზისო 740i-ის საწყისი ფასი 94 295$-ს შეადგენს. V8 ძრავით წარმოდგენილი მოდელი კი 115 00$ ეღირება. ელექტრო i7-ის ფასი ყველაზე მაღალია და 120 295$-დან იწყება.