Chevrolet-ის მძღოლი სახიფათო მანევრისთვის დაისაჯა
თუ გადასაადგილებლად ავტომობილით სარგებლობთ, ალბათ, ბევრჯერ გქონიათ შემთხვევა, როდესაც თქვენ წინ, უკან ან გვერდით მიმავალ მანქანას სახიფათო მანევრი შეუსრულებია. ასეთი ფაქტები ზოგჯერ მშვიდობით, უფრო ხშირად კი ავტოსაგზაო შემთხვევით მთავრდება. დიახ, არასაჭირო მანევრისთვის ფსიქოპათი მძღოლები ადრე თუ გვიან ისჯებიან. ისჯებიან ისე, როგორც ზემოთ მიბმულ ვიდეოში Chevrolet-ის მძღოლი დაისაჯა.
მინეაპოლისში რამდენიმე მძღოლი სერიოზულად დაზიანებას გადაურჩა. Chevrolet-ის SUV-მ თითქმის გვერდიგვერდ მიმავალ სამ მანქანას მილიმეტრებში ჩაუარა. კადრებში ჩანს, თუ როგორ მიდის უკიდურეს მარცხენა ზოლში Toyota Camry, ხოლო უკიდურეს მარჯვენა ზოლში Lexus RX-ი. უცებ და საკმაოდ მოულოდნელად კადრში Chevy ჩნდება, რომელიც ძალზედ ვიწრო გასასვლელში წარმატებით ძვრება.
თუმცა, რამდენიმე წამის შემდეგ, ქუჩების მიხაელ შუმახერი Mazda 3-ს ეჯახება და გზას უკონტროლოდ აგრძელებს. სავარაუდოდ, ჩემპიონმა ვერ გათვალა, რომ Mazda-ს მძღოლი ზოლს შეიცვლიდა. ფაქტის წინაშე დადგომის შემდეგ კი სამუხრუჭე მანძილი აღარ ეყო. არც გამყოფი ზოლისკენ დარჩა გასაძრომი ადგილი.
შემთხვევით ყველაზე მეტად გიჟი მძღოლი დაზარალდა. დამტვრეულ მანქანასთან ერთად მას დიდი ჯარიმებიც დაეკისრება. Mazda-ს დაზიანება არ ეტყობა, თუმცა, მძღოლი ნამდვილად შოკში იქნება. სარკეში გახედვისას ის საშუალო სიჩქარით მოძრავ სამ მანქანას დაინახავდა. ზოლის ცვლილების შემდეგ კი, მოულოდნელად, ვიღაც დაეჯახა.
ჩვენ ერთგულ მკითხველებს გეტყვით, რომ ასეთი კადრების ნახვით სხვის შეცდომებზე დაკვირვება და სწავლა შეიძლება. ყველა შეცდომის დაშვება არ არის აუცილებელი. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც შეცდომას ფატალური შედეგიც შეიძლება მოჰყვეს.