Aa
Aa

„იუთუბერს“ Nurburgring-ი ზედმეტად ხმაურიანი Lambo-ს გამო დაატოვებინეს

Shmee150-ის STO-მ Nordschleife-ს 134 დეციბელიან ზღვარს გადააჭარბა.

Lamborghini Huracan-ი საავტომობილო ბაზარზე 2014 წელს გამოჩნდა. მას შემდეგ, იტალიურმა ბრენდმა საუცხოო V10-იანი „სუპერქარის“ რამდენიმე ვერსია შემოგვთავაზა. ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მოდელი კი STO გახლავთ და ის მართლაც განსაკუთრებულია. ეს არის ტრეკის ავტომობილი, რომელსაც სამოქალაქო გზებზეც შეუძლია გადაადგილება. Super Trofeo Omologata გაძლევთ საშუალებას ტრეკზე ყველაზე სწრაფად იაროთ, შემდეგ კი ამავე ავტომობილით დაბრუნდეთ სახლში.

თუმცა, ტრეკზე იმ შემთხვევაში მიიღებთ სიამოვნებას, თუ ეს Nurburgring-ი არ არის. Huracan-ს ხმის იმდენად მაღალი ტემბრი აქვს, რომ ეს Nordschleife-ს რეგულაციებს არღვევს.

ვინც უცხოურ ავტობლოგერებს თვალს აქტიურად ადევნებთ Shmee150 აუცილებლად გეცოდინებათ. ამ ადამიანს „სუპერქარების“ კოლექცია აქვს. ახლახან კი თავისი STO-თი „მწვანე ჯოჯოხეთში“ გასეირნება და Huracan-ის შესაძლებლობებით სიამოვნების მიღება გადაწყვიტა. ამ ყველაფრის გადასაღებად „იუთუბერი“ საგანგებოდ მოემზადა. თუმცა, ტრეკზე გადაადგილებისას STO-მ 134 დეციბელი აჩვენა. Nordschleife-ზე კი ხმის შეზღუდვა 130 დეციბელზეა დაწესებული.

არა მეგობრებო, ეს STO მოდიფიცირებული არ არის. მანქანა სრულად ქარხნულია. გარდა ამისა, Lambo STO-ს რეჟიმში გადაადგილდებოდა, რაც ყველაზე რბილ რეჟიმად ითვლება. შმის რამდენიმე წრის გაცლა და საუკეთესო დროის დაფიქსირება სურდა. თუმცა, ტრეკის წარმომადგენლებმა მას ტრეკის დატოვება სთხოვეს. შედეგად, „იუთუბერმა“ ქუჩაში გადაინაცვლა, სადაც ხმის რეგულაციები არ არსებობს. დიახ, ეს ნამდვილი სიგიჟეა.

აღსანიშნავია, რომ სარბოლო ტრეკის წარმომადგენლებმა თავი უხერხულად იგრძნეს. შმი Nurburgring-ის ხშირი სტუმარია. ეს კი პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც Lamborghini-ს მფლობელებს ტრეკის დატოვებას სთხოვენ. აშკარაა, რომ 5.2-ლიტრიანი V10-ის 630 ცხენი „მწვანე ჯოჯოხეთის“ დემონებსაც აფრთხობს!

მსგავსი სიახლეები