Aa
Aa

რა ესაქმება Ferrari SF90 Stradale-ს Lamborghini-ის ქარხანაში?

Ferrari-ს მოდელის Lamborghini-ის ქარხნიდან გამოგორება ძალზედ იშვიათი სანახაობა გახლავთ. ახლახან იტალიელმა „იუთუბერმა“ Varryx-მა სწორედ ასეთი რამ დააფიქსირა. ის ჩვეულ დროს ვიდეოს გადასაღებად ქარხნის ჭიშკართან იყო ჩასაფრებული.

Lamborghini-ის შენიღბული პროტოტიპისა და სხვა საწარმოო მოდელის ნაცვლად, პაპარაცმა Asseto Fiorano-ს პაკეტის მქონე წითელი Ferrari SF90 დააფიქსირა. ეს ავტომობილი Sant’Agata-ს ქარხნის ტერიტორიაზე რამდენიმე სხვადასხვა მძღოლმა შეიყვანა და გამოიყვანა. Lamborghini-ის ყველაზე დიდი კონკურენტის ფლაგმანს კარებზე ელექტრომობილის აღმნიშვნელი სტიკერებიც ჰქონდა, რაც მანქანის ტესტირებისას გამოიყენება ხოლმე.



მიუხედავად იმისა, რომ Ferrari-ის მოდელები Lamborghini-ს არასდროს გამოუცდია, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ კომპანია SF90 Stradale-ს თავის ახალ „სუპერქარს“ ადარებს. Lamborghini დამუხტვადი ჰიბრიდების ძალოვან აგრეგატებს აწყობს, რომელიც Aventador-ის Huracan-ისა და Urus-ის მემკვიდრეებმა უნდა მიიღონ. ამ მანქანების დებიუტი 2024 წლისთვისაა დაგეგმილი, ხოლო Lambo-ს პირველი EV-ი 2028 წელს უნდა გამოვიდეს.

Ferrari SF90, რომელიც 2019 წელს გამოვიდა, 4-ლიტრიანი V8 ძრავითა და სამი ელექტრო აგრეგატითაა აღჭურვილი. ჯამში მანქანა 986 ცხენის ძალას გამოიმუშავებს და Ferrari-ის შემადგენლობაში დღეს ყველაზე სწრაფი მოდელია. SF90 0-დან 100-მდე 2.5 წამზე ნაკლებ დროში ჩქარდება. მაქსიმალური სიჩქარე კი 340კმ/სთ-ით არის განსაზღვრული. ამით იმის თქმა გვსურს, რომ Ferrari Lamborghini-ზე, ჰიბრიდებისა და ელექტრო აგრეგატების კუთხით, ერთი ნაბიჯით წინაა.

Lamborghini-მ უკვე დაადასტურა, რომ შემდეგი ფლაგმანი, რომელმაც ლეგენდარული Aventador-ი უნდა ჩაანაცვლოს V12-იანი ჰიბრიდი იქნება. სავარაუდოდ, Ferrari-ისგან ძალზედ ბევრს ისწავლიან. SF90 ერთადერთი ელექტრო „სუპერქარი“ არ არის, რომელსაც ყალყზე დამდგარი ცხენის ლოგო დაუმშვენებია. მწარმოებელმა ავტოისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი მანქანა - V12-იანი La Ferrari წლების წინ გამოუშვა.

რას ელოდებით Lambo-სგან? გაუწევს თუ არა მათი ახალი ფლაგმანი Ferrari-ს ღირსეულ კონკურენციას? დააფიქსირეთ თქვენი აზრი კომენტარებში.

მსგავსი სიახლეები