ბრწყინვალე და მივიწყებული Rover 220 Turbo
Rover-ი არ არის ის ბრენდი, რომელიც განსხვავებულ ემოციებს აღძრავს თქვენში. ამ კომპანიის მოდელებს თუ გადავხედავთ, რაიმე სპორტულს და განსაკუთრებულს ვერ აღმოვაჩენთ. ეს მწარმოებელი მრავალი წლების განმავლობაში Honda-სთან თანამშრომლობდა. იაპონური კომპანია ბრიტანელებს ავტომობილის გაუმჯობესებაში ეხმარებოდა, შესაბამისად აღნიშნულ წლებში წარმოებული „როვერები“ Honda-სთან ძალიან ბევრ საერთოს იზიარებდნენ.
Rover 220 Coupe Turbo კომპანიის ისტორიაში ყველაზე გამორჩეული და სწრაფი მოდელია. „ჰონდასთან“ საერთოს რაც შეეხება, იგი მე-6 თაობის „სივიკისა“ და „ინტეგრას“ ერთობლიობას წააგავდა. ავტომობილის მთავარ აგრეგატს ტურბო დაუყენეს, შესაბამისად 2-ლიტრიანი ძრავა 200 ცხენისძალას გამოიმუშავებდა. ავტომობილი საკმაოდ მსუბუქი იყო, როგორც 90-იანების სპორტულ ავტომობილს შეეფერებოდა. იგი 1200 კილოგრამს იწონიდა, შესაბამისად აჩქარება და მაქსიმალური სიჩქარე ამ ავტომობილისთვის პრობლემა არ იყო. 0-დან 100-მდე 6 წამში ჩქარდებოდა, ხოლო მაქსიმალური სიჩქარის ნიშნული 240 კმ/სთ-ს უპრობლემოდ აღწევდა. ძრავის მიერ გამომუშავებული მაბრუნი მომენტი, რომელიც 232-ს შეადგენდა ნებისმიერ სიჩქარეში მყისიერ აქსელერაციას უზრუნველყოფდა. ერთადერთი პრობლემა გზის საფართან მოჭიდება იყო, ამისათვის ავტომობილს Michelin-ის საბურავები და დიფერენციალში Torsen-ის ბლოკირება დაუყენეს. ამ ორიდან კარგი ეფექტი მხოლოდ ბლოკირებულმა დიფერენციალმა აჩვენა, რადგან 15-იანი საბურავები მოჭიდებისთვის მაინც არ იყო საკმარისი.
აღნიშნულ ავტომობილს სახასიათო დეტალი ჰქონდა. ზოგიერთ მოდელს T-სებური შუშის მოძრავი სახურავი გააჩნდათ, რომელიც ძალიან ლამაზად გამოიყურებოდა და ავტომობილის ინტერიერს დამატებით სიხალისეს სძენდა. ზოგადად ინტერიერს რაც შეეხება, ყველაფერი საკმაოდ ხარისხიანად იყო შესრულებული, ტყავის ანატომიურ სავარძლებში და ხის დეტალებში ბრიტანული არისტოკრატიის ნიშნები შეიმჩნეოდა.
220 Turbo ყველაზე ჩქარი „როვერია“ რაც დღემდე წარმოებულა, ეს კი იმას ნიშნავს, რომ 90-იან წლებში, როდესაც სპორტული მოდელის შექმნა პრინციპული საკითხი იყო ყველა მწარმოებლისთვის, Rover-მა დაამტკიცა, რომ მასაც რეალურად შეეძლო კონკურენცია ისეთ ლეგენდარულ მოდელებთან, როგორიც BMW 325 და Honda Prelude-ი იყო.