1987 წლის ულამაზესი ლურჯი BMW M6 მართვას ითხოვს
1980-იანი წლები BMW-თვის ძალზედ წარმატებული პერიოდი გახლდათ. მწარმოებელმა სპორტული ავტომობილების რბოლაში მრავალი გამარჯვება მოიპოვა. M დივიზია სახელს და გავლენას იხვეჭდა, როდესაც მათ თავისი ხედვების თავმოყრა დიდი ზომის კუპეში, მეექვსე სერიაში გადაწყვიტეს.
აგრესიული და წვეტიანი ვიზუალის გამო ამ ავტომობილს „ზვიგენისცხვირა“ შეარქვეს. მანქანა იმ პერიოდში ძალზედ პოპულარულ, პირველი თაობის 5 Series-ზე იყო დაფუძნებული. M-მა ერთ-ერთი განსაკუთრებული მოდელის სპორტული ვერსიის შექმნა კი ხელიდან არ გაუშვა.
„ექვსიანის“ მძლავრი და სპორტული ვერსია ინჟინრულად წინ წაწიეს. გახისტდა განივი მდგრადობის სტაბილიზატორები, ზამბარები და ამორტიზატორები. კლირენსი 2.5სმ-ით დადაბლდა, ხოლო მართვის უკეთესი გამოცდილებისთვის საჭის სისტემა ახლიდან შემუშავდა. აშშ-ს ნაპირებისკენ სულ 1 677 ეგზემპლარის გაგზავნა გადაწყდა. ახლა კი ერთ-ერთი მოდელი გასაყიდადაა გამოტანილი. მანქანა 1987 წელსაა გამოშვებული და ოდომეტრზე 86 000 მილი (138 000კმ) უფიქსირდება.
კაპოტის ქვეშ BMW-ს საამაყო 6-ცილინდრიანი S38-ია განთავსებული, რომელსაც ინდივიდუალური მონოშეფრქვევა გააჩნია. შედეგად, სპორტულ ვერსიაში სიმძლავრე 260 ცხენის ძალამდე და 330 ნიუტონ მეტრამდე გაიზარდა. მიუხედავად 1 600+ კილოგრამის წონითი კატეგორიისა, 5-სიჩქარიანი მექანიკური კოლოფით აღჭურვილი M6 100კმ/სთ-ს 5.8 წამში ავითარებდა.
ეს კონკრეტული ავტომობილი ვიზუალურადაც გამორჩეულია. ქარხნული დისკები BBS-ის 17-იანი ალუმინის დისკებით ჩანაცვლდა, რომელზეც დაბალი პროფილის საბურავებია გადაკრული. ეს გადაწყვეტილება მართვადობაზე დადებითად აისახება. ვერ უარვყოფთ იმასაც, რომ მბზინავი BBS-ი კორპუსის ლურჯ ფერს საოცრად უხდება.
სალონში M6 ორ ფერშია გადაწყვეტილი. მანქანა M-Tech-ის საჭითაც არის წარმოდგენილი, რომელსაც M-ის ფერები ამშვენებს. აქვე შეგხვდებათ კონდიციონერი, ელექტრო შუშები, ბორტკომპიუტერი და კასეტაზე მომუშავე აუდიო სისტემაც. მიუხედავად იმისა, რომ კრემისფერი სალონის მოყვარული ჩვენ ქვეყანაში ბევრი არაა, M6-ის ინტერიერით აღფრთოვანება მდგომარეობით მაინც შეიძლება.
მსურველებს კი გეტყვით, რომ ეს ულამაზესი ეგზემპლარი სტატიის წერის მომენტში 25 000$-ად არის შეფასებული. აუქციონის დასრულებამდე კი სულ რამდენიმე საათია დარჩენილი.