ლენტი გაჭრილია - ვიღაცამ Lucid Air Dream Edition-ი უკვე დაამტვრია
2022 წელს გამოშვებული ავტომობილებიდან ერთ-ერთი ყველაზე იშვიათი - Lucid Air Dream Edition-ი - უკვე Copart-ის აუქციონზეა გამოტანილი.
Lucid-მა მიმდინარე წელს Air Dream Edition-ის გამოშვება მხოლოდ 520 ეგზემპლარამდე დააანონსა. სურათზე ნაჩვენები მანქანა ერთ-ერთი გახლავთ. რთულია იმის თქმა, არის თუ არა ეს კონკრეტული მოდელი Performance ან Range ვერსია, თუმცა, ერთი რამ მარტივი ჭეშმარიტებაა - ამ ავტომობილის აღდგენა ძალზედ დიდ ხარჯებთან იქნება დაკავშირებული.
Lucid Air-ის ავარიის შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ გვაქვს. სურათებიდან მხოლოდ დაზიანება ჩანს. წინ, მგზავრის მხარეს, ყველაზე მძიმე მდგომარეობაა. მაშუქები, ბამპერი, ფრთა და კაპოტი გატეხილია. ამავე მხარეს მოგლეჯილია სარკეც. ასევე, კორპუსი მნიშვნელოვნადაა დაზიანებული უკანა მარჯვენა ფრთასთანაც. პანელი საკმაოდ ღრმადაა შეღუნული, ხოლო კარს ფორმა აქვს დაკარგული.
მანქანის მექანიკური მდგომარეობის შესახებ საუბარი რთულია. წინა ბორბლები, თუ უჰაერო საბურავს არ ჩავთვლით, ნორმალურ მდგომარეობაშია და ერთმანეთის პარალელურად დგას. ეს ნიშნავს, რომ საჭის სისტემა მწყობრშია. საინტერესოა გადარჩა თუ არა წინა მარჯვენა ამორტიზატორი, რადგან მანქანას სწორედ ამ წერტილში აქვს დარტყმა მიღებული. ასევე, წინა ბამპერთან შელახული რადიატორიც მოჩანს, რასაც შეცვლა აუცილებლად დასჭირდება.
მიუხედავად იმისა, რომ Copart-ის აუქციონზე ამ ავტომობილთან შედარებით ბევრად მძიმედ დამტვრეულ მანქანებს ყიდულობენ, ამ Lucid Air-ის შეკეთება მარტივი არ იქნება. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქმე საკმაოდ იშვიათ და უახლეს ელექტრო მოდელთან გვაქვს. ეს ნიშნავს, რომ ამ ავტომობილის მეორადი ნაწილები არ არსებობს. შესაბამისად, ეს ელექტრომობილი სრულიად ახალი ნაწილებით უნდა აიწყოს. ამისთვის კი მწარმოებელს უნდა დაუკავშირდეთ. შეზღუდული წარმოების გამო, კომპანიის ფასები ძალზედ მაღალი იქნება.
შეგახსენებთ, რომ მსურველებმა, რომლებმაც Lucid Air Dream Edition-ის წინასწარ შეკვეთა მოასწრეს, მის სანაცვლოდ 170 000$ უნდა გადაიხადონ. ამ კონკრეტული ავტომობილის შეძენა კი გაცილებით იაფი დაჯდება. ფასის გასაგებად აუქციონს უნდა დაველოდოთ.
როგორ ფიქრობთ, ღირს Lucid-ის ყიდვა და შეკეთება? რამდენად შეფასდება ის აუქციონზე? დააფიქსირეთ თქვენი აზრი კომენტარებში.