მძღოლმა ასფალტის ბორცვთან არ შეანელა და პიკაპს შეაფრინდა
ასფალტის ქიმები გზაზე უსაფრთხოების მიზნით კეთდება. ბორცვები ისეა შექმნილი, რომ მძღოლებმა ამა თუ იმ მონაკვეთზე სიჩქარე შეამცირონ. ბარიერზე მაღალი სიჩქარით გადასვლა არასასიამოვნოა და ავტომობილსაც აფუჭებს. თუმცა, არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ქიმებზე გადასვლის დისკომფორტი არ აქვთ და მანქანასაც არ უფრთხილდებიან. დღეს კი ერთ საინტერესო და უჩვეულო შემთხვევაზე უნდა მოგიყვეთ, რომელიც ყველანაირ კლასიფიცირებას სცდება.
ზემოთ მიბმულ ვიდეოში ჩანს, თუ რა სიჩქარით გადადის მძღოლი ასფალტის ქიმზე. ამ ადამიანმა ან ბორცვი ვერ დაინახა, ან ბავშვობის ოცნებას - ფრენას - ხორცი შეასხა.
უსაფრთხოების კამერებით დაფიქსირებული ავტოსაგზაო შემთხვევა საშიშიცაა და სასაცილოც. ვიდეოში კარგად ჩანს შორიდან მომავალი ავტომობილი, რომელიც ქვეითთა გადასასვლელამდე გაკეთებულ ასფალტის ქიმს მაღალი სიჩქარით უახლოვდება. ამის შემდეგ ის მუხრუჭის ნაცვლად აქსელერატორს ხმარობს, ჰაერში იჭრება და ბორბლების მიწასთან შეხებისას მეორე ბორცვს უახლოვდება. მეორე ბორცვზე ახტომამ ავტომობილი უფრო მაღლა ასწია. საბოლოოდ, მფრინავი მანქანა სრული სისწრაფით წინ მდგარ Mitsubishi-ის პიკაპს შეეჯახა.
რამ გამოიწვია ამოუცნობი ავტომობილის მძღოლის ასეთი დაუდევრობა? რთული სათქმელია. ამ ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი. თუმცა, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეს ადამიანი რაიმე სახის ზემოქმედების ქვეშ იყო. ამის თქმის საფუძველს მისი კოორდინაცია და მიღებული გადაწყვეტილებები გვაძლევს.
ასეა თუ ისე, ორივე მანქანა მძიმედ დაზიანდა. მათი შეკეთება კი ძალზედ დიდ თანხებთან იქნება დაკავშირებული. თუმცა, რა მოხდებოდა თუ ქვეითთა გადასასვლელზე ადამიანი იდგებოდა? ავტომობილის შეკეთება შესაძლებელია, ხოლო დაღუპულ ადამიანს ვერ გავაცოცხლებთ. ეს სცენარი კი შესაძლოა უფრო დრამატულადაც განვითარებულიყო.