ამ Nissan Silvia-ს BMW E60-ის ვიზუალი აქვს
იცოდით, რომ Nissan Silvia S15-სა და BMW-ს ნაწილებს შორის იდუმალი კავშირი იყო? რა თქმა უნდა არ იცოდით. ეს არც არავინ იცოდა, თუმცა, იაპონიაში ასეთი პროექტები ძალზედ უყვართ. 2014 წელს ერთმა იაპონელმა სტუდენტმა საკულტო იაპონურ კუპეს BMW 3 Series-ის ცხვირი მოარგო (ქვემოთ პირველი სურათი). მიუხედავად იმისა, რომ ასეთი პროექტები ავტომოყვარულთა ნაწილის გაკვირვება იწვევს ნამუშევარი საკმაოდ შთამბეჭდავი გამოვიდა. ვიღაცამ კი უფრო მეტის გაკეთება გადაწყვიტა და თავისი Silvia E60 თაობის მეხუთე სერიად აქცია.
სურათებზე (ქვემოთ) 2000 წელს გამოშვებულ Nissan Silvia S15 Spec R-ს ხედავთ. ავტომობილი უცნაური პროპორციებისაა და კორპუსისთვის ზედმეტად დიდი მაშუქებით არის წარმოდგენილი.
როგორც წესი, მოდელზე სხვა მანქანის მაშუქებისა და დეტალების მორგება საშინელ შედეგს გვაძლევს, მაგრამ ეს ის შემთხვევა ნამდვილად არაა. E60-ის „თვალები“ იაპონურ კუპეზე საოცრად გამოიყურება და კარგადაა ინტეგრირებული. თუმცა, ეს ყველაფერი საყურებლად ნამდვილად უცნაურია.
ამ მანქანის მფლობელმა E60-ის ნაწილები არ იკმარა და უკან Nissan GT-R R35-ის უზარმაზარი ფრთაც დააყენა. პროპორციების დასაბალანსებლად Rocket Bunny-ის კორპუსის დეტალებიც გამოიყენეს. ვიზუალის გასაუმჯობესებლად WORK Durandal-ის 19-იანი დისკები შეარჩიეს. ორიგინალურობისთვის კარები მაღლა იღება. პიკანტურობისთვის კარბონისგან დამზადებული კაპოტი, Origin-ის წინა და უკანა ბამპერები, გამოკვეთილი ტუჩი და ოთხი მაყუჩი დამონტაჟდა.
სალონში Rockford Fosgate-ის აუდიო სისტემა გვხვდება, რომლის რამდენიმე დინამიკიც წინა სვეტებზეა განთავსებული. მულტიმედიის სისტემას ტელევიზორის ფუნქციები აქვს. ინტერიერის გაფორმებისთვის კი კარბონი შეარჩიეს. საოცრად ესთეტიკურია საჭის მარჯვნივ არსებული მაჩვენებელი, რომელიც საჰაეროს მაგივრად არის დაყენებული. მოკლედ, ამ ავტომობილში იაპონური „აფტერმარკეტის“ ზეიმია.
მფლობელი მხოლოდ ვიზუალური გაუმჯობესებით არ შემოიფარგლა. მან Nissan SR20DET ტურბინიანი ძრავა Nismo-ს ინჟექტორებით, Trust-ის ტიტანის მაყუჩით, GCG-ის ტურბინით და HKS F-Con V-Pro-ს პროგრამირებით გააუმჯობესა. E60 Silvia-ს წარმადობის შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ არსებობს, მაგრამ აშკარაა, რომ ეს მანქანა ქარხნულ 250 ცხენის ძალაზე და 275 ნიუტონ მეტრზე მეტს გამოიმუშავებს. იდუმალი რაოდენობის სიმძლავრეს 6-სიჩქარიანი მექანიკური კოლოფი უკანა ღერძზე ანაწილებს. დიფერენციალი თვითბლოკირებადია.
პურისტებისთვის და JDM-ის თავგადაკლული გულშემატკივრებისთვის Nissal Silvia Spec R-ის ამგვარი მეტამორფოზი შესაძლოა კოშმარულიც იყოს. თუმცა, ერთი რამ უნდა ვაღიაროთ - ეს Silvia თავისი უნიკალური ვიზუალით ყურადღებას ყველგან მიიპყრობს და მოწონებასაც დაიმსახურებს.
თქვენ როგორ შეაფასებდით ამ ნამუშევარს? დააფიქსირეთ თქვენი აზრი კომენტარებში.