Aa
Aa

ქუჩის „დრიფტერმა“ პოლიციის მანქანას ცხვირწინ გაუჩერა

BMW-ს მძღოლმა პოლონეთში საკუთარი შესაძლებლობების დემონსტრირება ბენზინ გასამართ სადგურზე გადაწყვიტა. იდეალური ტრაექტორიის მქონე დრიფტი კი პოლიციის ავტომობილის წინ გაჩერებით დასრულდა. როგორი მოულოდნელობაა, არა?

ზემოთ მიბმული ვიდეო უსაფრთხოების კამერებიდან არის ამოღებული. პოლონელმა ავტომოყვარულმა ლამაზი მოსახვევის დრიფტით გავლის შესაძლებლობა ხელიდან არ გაუშვა. რა ჯობია მზეს, სავსე ავზს, ღია სახურავს და დრიფტს? სამწუხაროდ, ეს მყუდროება მძღოლს წინიდან მომავალმა პოლიციის მანქანამ დაურღვია, რომელიც მოსახვევიდან არ ჩანდა.

არ გახსენდებათ ბავშვობა, როდესაც რაღაც ისეთს აკეთებდით, რაც არ უნდა გაგეკეთებინათ და ამ დროს ოთახის კარი მშობელს შემოუღია? ამ მესამე სერიის მძღოლს ზუსტად იგივე შეგრძნება 21 წლის ასაკში დაეუფლა. ძრავის მაღალი ბრუნები და საბურავების ხმა პოლიციისთვის შეუმჩნეველი არ დარჩენილა. მათ სპეციალური სირენებიც ჩართეს და პოლონელ დაიგო საიტოს დაელოდნენ. მალე მოსრიალებული BMW-ც გამოჩნდა და მათ წინ გაჩერდა.

უკანა წამყვანი ავტომობილის დამორჩილება მძღოლმა ჩინებულად შეძლო, თუმცა ბენზინ გასამართ სადგურზე დრიფტი საკმაოდ სულელური იდეაა. ეს არის ადგილი, სადაც ერთ მცირედ შეცდომასაც მთელი ტერიტორიის ცეცხლის ალში გახვევა შეუძლია.

პოლიციამ რისკები შეაფასა და მძღოლი 1 170$-ის ეკვივალენტით დააჯარიმა. სადამსჯელო ღონისძიება ამით არ ამოწურულა. 21 წლის დრიფტერს მართვის მოწმობა 6 თვითაც ჩამოართვეს.

ახლა ხიფათის მაძიებელ მძღოლს ავტომობილებით გართობა Asseto Corsa-სა და Forza-ს ვიდეოთამაშებში მოუწევს. იქ ყველაფერი დაშვებულია და ავარიის შემთხვევაშიც არავის დააზარალებს.

მსგავსი სიახლეები