Range Rover-ის და Rolls-Royce-ის ნაერთი, რომლის ფლობაც არავის სურს
რამდენიმე თვის ჩვენ F10 თაობის მეხუთე სერიაზე მოგიყევით, რომელიც უამრავი ნიკელის დეტალითა და ყალბი სავენტილაციო არხებით იყო გაფორმებული. ამ ავტომობილის შემდეგ უარესის ხილვა რთულად წარმოსადგენი გახლდათ. თუმცა, როგორც მოგეხსნებათ, ცხოვრებაში ყველაფერი ხდება. ერთმანეთზე უარესი შემთხვევები კი არ ილევა.
კლასიკური Range Rover-ი მაღალი სტატუსისა და სიმდიდრის სიმბოლოდ უკვე ათწლეულებია ითვლება. ეს ავტომობილები დახვეწილ გემოვნებასა და სტილზე მიუთითებს. თუმცა, დახვეწილობას ფულით ვერ ვიყიდით. სურათზე ნაჩვენები მანქანა კი სწორედ ამას ადასტურებს.
ამ Range Rover-ის სურათები ინტერნეტსივრცეში გავრცელდა. ავტომობილი იაფფასიანი არაქარხნული ნაწილებით იმდენადაა გადატვირთული, რომ SUV-ის დიზაინს მთლიანად აფუჭებს.
ეს ყველაფერი როდია - მანქანა Spirit of Ecstasy-ის ემბლემასაც ატარებს, რაც Rolls-Royce-ს ეკუთვნის. ცხვირს არაქარხნული ცხაურა ამშვენებს, რომელზეც Rolls-Royce-ის ორი ნიშანია მიმაგრებული. ასევე, დამატებულია Mansory-ის ემბლემაც. ქრომის აქცენტები კი მაქსიმალურად არის „მიყრილი“.
ამ ავტომობილის მფლობელმა ეს ყველაფერი არ იკმარა და კაპოტი ყალბი სავენტილაციო არხებით აღჭურვა, რომელსაც Mercedes-AMG-ის 6.3 სტიკერები დააკრა. რა აკლდა ამ მანქანას იდეალურობისთვის? იტალიური ავტომობილის დიზაინერული შტრიხი! წინა ორ ფრთაზე Maserati-ის მსგავსი არხები გვაქვს, რომელიც თავიდან ბოლომდე ქრომშია ამოვლებული. საკმაოდ საინტერესოა G-Class-ის სტილის ყალბი მაყუჩებიც, რომელიც ფეხის დასადგამთანაა გამოყვანილი. ამ ყველაფერს კი ტორტზე მარწყვივით ოქროსფერი აქცენტებიც ამშვენებს.
სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, სურათების ავტორს მანქანის უკანა მხარე არ უჩვენებია. თუმცა, ჩვენი მკითხველისთვის ამ Range Rover-ის ცხვირისა და პროფილის დანახვაც კმარა.
რა შეიძლება იყოს ამაზე უარესი? დაწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში.