ახალი Range Rover Sport-ი აქ არის
2023 წლის მოდელი BMW-ს 523-ცხენისძალიანი V8-თი და უგზოობის კრუიზკონტროლით გამოჩნდა.
Land Rover-მა ახლახან 2023 წლის Range Rover Sport-ი გაასაჯაროვა. Porsche Cayenne-ის კონკურენტი 2024 წელს სრულად ელექტრო ვერსიადაც მოგვევლინება. ეს ნიშნავს, რომ ბრენდს არსებობის ისტორიაში პირველი EV-ი ეყოლება.
თუმცა, ელექტრო ვერსიის გარდა, ახალი Sport-ი თავისი წინამორბედისგან სხვა მხრივადაც მნიშვნელოვნად განვითარდა. ახალი SUV-ი BMW-ს 4.4-ლიტრიან ძრავას მიიღებს. მსურველები დამუხტვადი ჰიბრიდის ორ ვერსიას შეიძენენ. სრულად დამუხტვის შემთხვევაში კი ეს მოდელები 113 კილომეტრს მხოლოდ ელექტრო აგრეგატით დაფარავს.
Range Rover-მა დიზაინის მცირედით განახლებას მიგვაჩვია. ამ მხრივ, არც Range Rover Sport-ია გამონაკლისი. მემკვიდრე ძველ მოდელს რადიკალურად შეცვლილი ფორმების გარეშე ჩაანაცვლებს. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ მანქანა უფრო ელეგანტურად არ გამოიყურება.
Sport-ი ახლა უფრო სადა და სუფთა სტილს ატარებს. ის უფრო სერიოზულად იმზირება და გული კვლავინდებურად უგზოობისკენ მიუწევს. მაშუქები უკანაც დააწვრილეს და შავი დეტალით, რომელზეც ლეგენდარული წარწერაა დატანილი, ერთმანეთთან გაერთიანდა. სანომრე ახლა საბარგულის ქვეშ, ბამპერზე მოექცა. უფრო დიდია სხვაობა წინა და უკიდურეს უკანა სვეტებს შორის, რაც საკულტო დიზაინს იმეორებს. აღსანიშნავია სახურავზე არსებული ორი ფარფლიც.
ცვლილებებია სალონშიც. მგზავრები და მძღოლი ინტერიერში მეტი სივრცით, 22-წერტილში მოძრავი სავარძლებით, ჰაერის წმენდის ტექნოლოგიით, 1 430-ვატიანი 29-დინამიკიანი აუდიო სისტემით, 13.7-დუიმიანი მაჩვენებელთა დაფით და ბევრი სხვა ფუნქციით სარგებლობას შეძლებენ. სისტემა 13.1-დუიმიანი Pivo Pro-ს სენსორული ეკრანით იმართება, რომლის გამოყენებაშიც მანქანის ხელოვნური ინტელექტიც დაგეხმარებათ.
დიზაინის კუთხით, Sport-ის უფროს ძმასთან კავშირებია, თუმცა ცვლილებების შემჩნევაც არის შესაძლებელი. Sport-ის მულტიმედიის სისტემა და ცენტრალური კონსოლი გაცილებით მაღლაა, რაც ავტომობილის სპორტულ ხასიათს უსვამს ხაზს.
თუმცა, არც განახლებული ექსტერიერი და ინტერიერი აჩვენებს იმას, რაც ახალი Range Rover-ის კანქვეშ არის შეცვლილი. ცვლილებები მხოლოდ თვლებს შორის გაზრდილ მანძილს არ გულისხმობს. 2022 წლის Range Rover-ის მსგავსად ახალი Sport-ი Land Rover-ის MLA-Flex-ის პლატფორმაზეა შექმნილი. ძარის ეს არქიტექტურა ელექტრო და დამუხტვადი ჰიბრიდული ავტომობილებისთვის გამოიყენება. კომპანიის მიზანი ამ პლატფორმაზე ექვსი სრულად ელექტრო მანქანის გამოშვებაა. გეგმა მომდევნო 4 წელში განხორციელდება.
დასაწყისისთვის კი Sport-ი ბენზინზე, დიზელზე და ჰიბრიდზე მომუშავე ვერსიებად გამოჩნდება. ეს გადაწყვეტილება კომპანიაში მყიდველებისთვის მაქსიმალურად დიდი არჩევანის მიწოდებისთვის გააკეთეს. საწყის ეტაპზე ჩრდილოეთ ამერიკისთვის ოთხი ვერსიის გამოშვება იგეგმება. ესენია: P360 (3.0 ტურბინიანი 6-ცილინდრიანი ძრავით, 355 ცხენის ძალითა და 500ნმ-ით); P400 (იგივე აგრეგატი „მაილდ ჰიბრიდ“ ტექნოლოგიით, 385 ცხენის ძალითა და 550ნმ-ით); P440e (იგივე აგრეგატი, დატენვადი ჰიბრიდი, 434 ცხენის ძალითა და 620ნმ-ით) და P530 (4.4-ლიტრიანი ტურბინიანი V8 523 ცხენის ძალითა და 750ნმ-ით). ჩამოთვლილი ვერსიებად ყველაზე სწრაფი P530 იქნება, რომელიც 0-დან 100კმ/სთ-მდე 4.3 წამში აჩქარდება. საოცარი შედეგია, არა? ეს ყველაფერი არ არის. სპორტული SVR-ის სიმძლავრე, ამავე ძრავით, 600 ცხენის ძალაზე მეტი იქნება.
ყველა ჩამოთვლილი ვერსია ZF-ის რვასიჩქარიანი ტრანსმისიით ძალას Intelligent All-Wheel Drive ტექნოლოგიით 4-ვე ბორბალზე მიმართავს.
ევროპული ბაზრისთვის დამატებით D300 (3.0-ლიტრიანი 6-ცილინდრიანი აგრეგატი, 296 ცხენის ძალითა და 650ნმ-ით) და D350 (3.0-ლიტრიანი 6-ცილინდრიანი აგრეგატი, 345 ცხენის ძალითა და 700ნმ-ით) დიზელის ვერსიები გამოვა. ყველაზე მძლავრი დიზელის ძრავით მანქანა 100კმ/სთ-მდე 5.6 წამში აჩქარდება.
უგზოობაზე სიარულის მოყვარულებს დიდი სიამოვნება ელით. ახალ Sport-ს ახალი დაკიდების სისტემა და ოთხივე საბურავით მოხვევის ფუნქცია აქვს. ასევე, განახლებულია კომპანიის სახელგანთქმული Terrain Response-ის მაკონტროლებელიც, რომელიც მძღოლს უგზოობის კრუიზ კონტროლს სთავაზობს. სისტემა, დახრილობას, ბრუნვას და რელიეფის დონეებს აკონტროლებს, რის შემდეგადაც სიჩქარესა და დაკიდების სისტემას დამოუკიდებლად აკორექტირებს. ეს ყველაფერი ნამდვილად შთამბეჭდავია!
რა ეღირება ახალი და შთამბეჭდავი Range Rover Sport-ი?
Range Rover Sport-ი იაფიანი ავტომობილი არასდროს ყოფილა. ახლა კი ინჟინრებმა ავტომობილი სრულიად ახალ დონეზე აიყვანეს. ფასიც შესაბამისი გახლავთ. საბაზისო P360 SE-ის ფასი აშშ-ში 83 000$-დან დაიწყება. P530-ის შეძენას კი 121 000$-დან შეძლებენ.
როგორ შეაფასებდით ახალ Sport-ს? გირჩევნიათ თუ არა ის Batumi Gold-ის ფერში შეღებილ Range Rover-ს? დააფიქსირეთ თქვენი აზრი კომენტარებში.