ეს 1996 წლის Ford Escort RS Cosworth-ი McLaren-ის ფასად გაიყიდა
წააწყდეთ ლეგენდარულ ცხელ ჰეჩბეკს 350კმ-იანი გარბენით - ძალზედ იშვიათობაა. სურათებზე სწორედ ასეთ ავტომობილს ხედავთ. ეს 1996 წელს გამოშვებული Ford Escort RS Cosworth-ია, რომელიც თავისი მდგომარეობის გამო ახალი „მაკლარენის“ ფასად, 185 000$-ად შეფასდა. მოდელი KGF Classic Cars-ს ეკუთვნის, რომელიც მას ბრიტანეთში ინახავდა. როგორც ჩანს, ეს ავტომობილი ფარეხის დედოფალი გახლდათ, სადაც სამი ათწლეული იმალებოდა.
WRC-ის სპეციალური ჰომოლოგაცია 1995 წლის ოქტომბერში, გერმანიის ქარხანაში შეიქმნა. ის საწარმოო ხაზის ერთ-ერთი ბოლო ეგზემპლარი გახლავთ. მისი რეგისტრაცია 1996 წლის აგვისტოთი თარიღდება. მას შემდეგ ავტომობილს ორი მფლობელი ჰყავდა. ორივე მათგანმა კი მოდელს, როგორც ინვესტიციას ისე შეხედა. წუნდაუდებელი მდგომარეობის შესანარჩუნებლად Cosworth-ი მხოლოდ გეგმიური სერვისის ჩასატარებლად გამოდიოდა გარეთ. შედეგად, მანქანას გარბენი თითქმის არ აქვს.
ავტომობილის ექსტერიერი ისე გამოიყურება, თითქოს დღეს 2022 წლის ნაცვლად 1996 წელი იყოს. Radiant Red ფერი ახალივით კაშკაშებს, ხოლო ქარხნული წარწერები ჯერ კიდევ ადგილზეა. გეტყვით იმასაც, რომ Escort RS Cosworth-ი Sierra-ს განახლებულ შასიზეა დაფუძნებული. რბოლის შთაგონებით შექმნილი კორპუსი სპორტულ ბამპერებს, დაბერილ მხრებს, გადიდებულ თაღებს და ე.წ. „ვეშაპის კუდისებრ“ უკანა ფრთას მოიცავს. ეს ავტომობილი სწორედ ამ დეტალითაა ყველასთვის ცნობილი. 16-იან ულამაზეს Ronal-ზე კი Pirelli P Zero-ს საბურავებია გადაკრული, რომელიც სპეციალურად ამ მანქანისთვის შექმნეს.
სალონი საკმაოდ სპორტულად გამოიყურება. მძღოლსა და მგზავრებს Recaro-ს სპორტული სავარძლები, სპეციალური განათება, დამატებითი მაჩვენებლები, ელექტრო საათი და ორიგინალი აუდიო სისტემა დახვდებათ. ინტერიერი ისეთივე იდეალურ მდგომარეობაშია, როგორც ექსტერიერი.
კაპოტის ქვეშ Cosworth-ის ტურბინიანი 2-ლიტრიანი ძრავა იმალება, რომელსაც 16 სარქველი და 220 ცხენის ძალა აქვს. წარმოიდგინეთ 220 ცხენის ძალა ჰეჩბეკზე 1996 წელს! ეს სიმძლავრე ოთხივე საბურავთან 5-სიჩქარიანი მექანიკური კოლოფით ნაწილდება. შედეგად 0-დან 100კმ/სთ-მდე მანქანას 5.7 წამი სჭირდება. მაქსიმალური სიჩქარე კი 225კმ/სთ გახლავთ.
თუ ამ ავტომობილის გარბენსა და მდგომარეობას გავითვალისწინებთ, მაშინ უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს ყველაზე კარგად შენახული მოდელია 7 145 გამოშვებული ეგზემპლარიდან. როგორი იქნება ამ ავტომობილის მომავალი? ვიხილავთ თუ არა ფარეხის დედოფალს გზებზე? მაღალი ალბათობით ეს Cosworth-ი მზის შუქს კიდევ დიდხანს ვერ იხილავს.