ამ Honda Civic-ს Silvia-ს ტურბინიანი ძრავა აქვს და უკანაწამყვანია
Honda Civic-ის მეექვსე თაობას მსოფლიოს მასშტაბით უამრავი გულშემატკივარი ჰყავს. მათი აზრით, ეს ყოველდღიური გადაადგილებისთვის საუკეთესო ავტომობილია. თუმცა, ახალი ზელანდიის მკვიდრმა ამ მოდელის გადაკეთება მაინც განიზრახა. ეს Civic-ი ახლა ისეთია, როგორიც მწარმოებელს არასდროს შეუქმნია. მოდელს ტურბინიანი აგრეგატი აქვს და უკანაწამყვანია.
ეს ორი მოდიფიკაცია, ასეთი მცირე ზომისა და გასართობი ავტომობილისთვის, ყველაზე სასურველი გახლავთ. მიუხედავად იმისა, რომ Civic-ის უკანა ამძრავად გადაკეთება საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა, უნიკალურობა და გამორჩეულობა პროექტს უდიდეს ხიბლს სძენს. „სივიკის“ ასეთ მოდელზე ბევრი მოყვარული ოცნებობს. ამ ადამიანებს კი ოცნების ახდენა ამ მანქანის შეძენით შეუძლიათ.
ეს ავტომობილი გასაყიდადაა გამოტანილი. მისი ფასი 6 000 ზელანდიური დოლარი გახლავთ, რაც 3 751 ამერიკული დოლარის ეკვივალენტია. ავტომობილს ყველასთვის კარგად ნაცნობი SR20DET 4-ცილინდრიანი ტურბინიანი ძრავა აქვს. მფლობელმა ამძრავი ლილვისთვის ძარაში გვირაბი გააკეთა. შედეგად, ავტომობილის ორივე ბოლოში Nissan Silvia-ს სული ბუდობს.
ინტერიერისა და ექსტერიერის სურათებიდან ჩანს, რომ მანქანაზე ჯერ კიდევ ბევრია სამუშაო. მიუხედავად იმისა, რომ უკანა წამყვანი Civic-ი ტექნიკურად გამართულია, ყოველდღიურად გამოსაყენებლად მზად არ არის. სამწუხაროდ, არც საავტომობილო შეკრებებზე მიიქცევს დიდ ყურადღებას, თუ კაპოტი დახურულ მდგომარეობაში იქნება.
განცხადებაში აღნიშნულია ისიც, რომ ძრავას კომპიუტერული პროგრამირება სჭირდება. სავარაუდოდ, აგრეგატს სპეციალური ECU დასჭირდება. ვიზუალის, ინტერიერისა და ტექნიკური საკითხების საბოლოოდ მოწესრიგების შემდეგ კი თქვენ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული Civic-ი გეყოლებათ.
სამწუხაროდ, ამ მანქანის საქართველოში ჩამოყვანა და მისი განბაჟება დიდ თანხებთანაა დაკავშირებული. ახალ ზელანდიაში მყოფ ავტომოყვარულებს კი ნამდვილად გაუმართლათ, რადგან ამ მანქანისა და გაწეული სამუშაოს სანაცვლოდ 3 700$ არაფერია.
თქვენ რამდენად შეიძენდით ამ Civic-ს საქართველოში რომ იყოს? დაწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში.