გაიცანით Squad-ი: ქალაქის ელექტრო ავტომობილი მზის ბატარეით
ქალაქის ელექტრო ავტომობილები ევროპაში საკმაოდ პოპულარულია.
Squad Mobility-მ ახალი, მზის ენერგიაზე მომუშავე ავტომობილის გამოშვება გადაწყვიტა. ამ ავტომობილს Squad ჰქვია და ის Lightyear-ის თანამშრომლების რობერტ ჰოვერსის და კრის კლოკის ნამუშევარია. მათ ხელმისაწვდომი მზის ენერგიაზე მომუშავე ავტომობილი შექმნეს.
ეს არის 2-ადგილიანი ელექტრო ავტომობილი, რომელიც ავტომობილებსა და სკუტერებს შორის სიცარიელეს ავსებს. მას დიდი ფანჯრები და სტილური დისკები აქვს. კარები მოხსნადია. სახურავზე კი მზის პანელია.
სწორედ ამ პანელის საშუალებით, დღეში საშუალოდ 20 კილომეტრის გავლაა შესაძლებელი. Squad Mobility-ს გამოთვლებით, ევროკავშირის მაცხოვრებლები ელექტრო ავტომობილებით დღეში საშუალოდ 12 კილომეტრს გადიან.
რა თქმა უნდა, მზიანი ამინდი ყოველთვის არ არის. ამიტომ., ავტომობილი ბატარეაზეც მუშაობს. ამ ბატარეის შეცვლა შესაძლებელია. ასე რომ, თუ ერთი ბატარეა დაჯდება, მას მეორე დამუხტული ბატარეით ჩაანაცვლებთ. Squad-ის დამუხტვა სახლის პირობებშიც შესაძლებელია. ბოლომდე დამუხტული ბატარეით, ავტომობილი 100 კილომეტრის გავლას შეძლებს.
ავტომობილი მცირე ზომისაა. სალონი მოკრძალებულია. მიუხედავად ამისა, მონაცემთა დაფა ციფრულია და კლიმატ კონტროლის სისტემაც აქვს.
უკან მოთავსებული ორი ელექტრო მოტორი ჯამში 5 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. მაქსიმალური სიჩქარე - 45კმ/სთ-ია.
Squad-ი შემდეგ წელს გამოვა და მისი საწყისი ფასი €6,250 იქნება. კომპანია შეკვეთებს წინასწარ იღებს. ისინი 4-ადგილიანი ვერსიის შემოთავაზებასაც აპირებენ, რომლის მაქსიმალური სიჩქარეც 70კმ/სთ იქნება.