Aa Aa
18 მაისი 2022  |  09:31

პოლიციამ Maserati-ს მძღოლი ისტორიულ კიბეებზე გადაადგილებისთვის დააკავა

იტალიის პოლიციამ 37 წლის მამაკაცი დააკავა, რომელიც ნაქირავები Maserati Levante-თი რომის Trinità dei Monti-ის კიბეებზე ჩასვლა სცადა.

სათვალთვალო კამერებმა შავი Levante დააფიქსირა, რომელიც დილის ადრეულ საათებში „ესპანურ კიბეებზე“ მანქანით ჩადიოდა. Maserati-ის მძღოლს არც უფიქრია, რომ ამ უცნაურ სანახაობას ვინმე დააფიქსირებდა და SUV-ის ნომრით მოძებნიდნენ. ადგილობრივმა პოლიციამ მანქანის მფლობელს მალევე მიაგნო. აღმოჩნდა, რომ ავტომობილი გამქირავებელ კომპანიას ეკუთვნოდა, რომელიც მილანში ოპერირებს.

Polizia Roma Capitale-ს სოციალურ ქსელში ვკითხულობთ, რომ არაადეკვატურ მძღოლს პოლიციამ სწორედ ამ კომპანიის დახმარებით მიაკვლია. ეს ადამიანი მილანში, მანქანის დაბრუნებისას დააპატიმრეს.

Sky News-ის ცნობით, Maserati-ის ისტორიულ კიბეებზე დგომამ მე-16 და 29-ე საფეხურებზე ბზარების გაჩენა გამოიწვია. შესაბამისმა უწყებებმა კიბეები დროებით შეაკეთეს. თუმცა, რომის ისტორიული ძეგლების დაცვის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საფეხურებს საფუძვლიანი რესტავრაცია ესაჭიროება.

იდიოტი მძღოლის (თავს უფლებას ვაძლევთ ეს ადამიანი ასე შევამკოთ) მოტივაცია უცნობია. ფაქტია, რომ ამ ადამიანმა 1723-25 წლებში აშენებული ისტორიული ძეგლი დააზიანა. კიბეები Trinità dei Monti და Piazza di Spagna-სკენ მიდის. ეს ადგილი კი იტალიაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული სივრცეა.

რას ფიქრობთ, როგორ უნდა დაისაჯოს Maserati-ის მძღოლი? დაწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში.

გაზიარება: