1500-ცხენისძალიანი Camaro მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო „მასლქარია“
1970 წლის Chevrolet Chevelle SS-ი ამერიკული კუნთების ოქროს ხანის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ავტომობილია. მისი მაშუქები, წვეტიანი ცხვირი და ორი სპორტული ზოლი ყველა ავტომოყვარულში აღძრავს გრძნობებს. 52 წლის შემდეგ კი ვიღაცამ ამ მოდელის გაცოცხლება ისურვა, რისთვისაც თანამედროვე Camaro გამოიყენა.
Trans Am Worldwide-ი ფლორიდაში დაფუძნებული კომპანიაა, რომელიც თანამედროვე „კამაროების“ გადაკეთებითაა დაკავებული. ეს ადამიანები თანამედროვე ჩონჩხს იყენებენ და კორპუსს 70-იანი წლების სტილს აძლევენ. მათი ერთ-ერთი ასეთი პროექტი სურათზე ნაჩვენები 70/SS-ი გახლავთ, რომელიც Super Sport Chevelle-ის შთაგონებით შექმნეს.
Trans Am Worldwide-ი მსურველებს ძალოვანი აგრეგატის სამ სხვადასხვა ვერსიას სთავაზობს. ჩამონათვალში ყველაზე „სუსტი“ ძრავა 6.2-ლიტრიანი LT1 V8-ა, რომელიც 450 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. სიმძლავრეს უკანა ბორბლებთან 6-სიჩქარიანი მექანიკური ან 10-სიჩქარიანი ავტომატური კოლოფი გაანაწილებს. ტრანსმისიის ტიპი მყიდველის მოთხოვნებზეა დამოკიდებული.
საშუალო სიმძლავრის მქონე ვერსიას 900 ცხენის ძალა აქვს. ყველაზე მძლავრი მოდელი კი Chrysler-ის 426 Hemi-ით იქნება აღჭურვილი. ამ აგრეგატს 1 500 ცხენის ძალის გამომუშავებაში ორი ტურბინა ეხმარება. კომპანია ორტურბინიანი V8-თი აღჭურვილ მოდელს „სამოქალაქოს“ უწოდებს. უცნაურია, არა?
ასეთი სიმძლავრის დასამორჩილებლად გაუმჯობესებულია როგორც დაკიდების სისტემა, ასევე მუხრუჭებიც.
70/SS-ის ახალი ცხვირი და უკანალი საკმაოდ მიმზიდველად გამოიყურება. თანამედროვე ვერსია ლეგენდარულ Chevelle-ს საოცრად ჰგავს და იმავე ხასიათს ატარებს. ადგილზეა საკულტო ზოლები, წყვილი მაშუქები და დაბერილი კაპოტიც. კომპანია დამატებით მუხრუჭების კიდევ უფრო გაუმჯობესებას და მოხსნად სახურავს გვთავაზობს.
რამდენადაც შეცვლილია ექსტერიერი, იმდენად უცვლელია ინტერიერი. დიზაინერული კუთხით სალონი Camaro-ს სალონისგან არაფრით განსხვავდება. 70/SS-ს გადაცემათა კოლოფის ახალი ბერკეტი, ტყავისა და ალკანტარის გაფორმება, კარბონი, ვინტაჟური ნაკერები და 70-იანების სტილის სახელურები გამოარჩევს.
უნდა ვაღიაროთ, რომ ეს ავტომობილი შთამბეჭდავად გამოიყურება და საოცარი მონაცემები აქვს. ეს Trans Am Worldwide-შიც კარგად იციან. სწორედ ამიტომ მისი საწყისი ფასი 150 000$ გახლავთ.
გირჩევნიათ თუ არა 70/SS-ი ორიგინალ Chevelle-ს? დაწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში.