BMW, 3 Series, მესამე სერია
Aa
Aa

განახლებული „სამიანით“ BMW ამტკიცებს, რომ ლამაზ მანქანებს დღესაც ქმნის

BMW თავისი შემადგენლობის განახლებას მესამე სერიით აგრძელებს. სურათებზე თქვენ 3-Series-ს ხედავთ, რომელიც 2023 წელს განახლებული ექსტერიერით, ინტერიერით, ახალი ფერებითა და დისკებით გამოვა.

BMW თავისი ამჟამინდელი მოდელების დახვეწის გზას ადგას. ამიტომ არ უნდა შეგვაშალოს და გვეგონოს, რომ საქმე სრულიად ახალ მესამე სერიასთან გვაქვს. BMW-ს უახლესი მოდელების წარდგენისას შოკისმომგვრელ დიზაინურ გადაწყვეტებს მიგვაჩნია. „სამიანის“ გარდამავალ მოდელს კი არაფერი აქვს ასეთი. ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილებები სალონშია, სადაც მოხრილი ეკრანი, ახალი დიზაინი და iDrive 8 სისტემა დაგხვდებათ.



ძალოვანი აგრეგატებისა და სპეციფიკაციების ჩამონათვალში არაფერი შეცვლილა. 2.0-ლიტრიანი ტურბინიანი ძრავით 330i არის წარმოდგენილი. გაგრძელდება 330e-ს წარმოებაც. 340i ისევ 3-ლიტრიანი ტურბინიანი 6-ცილინდრიანი ძრავით გამოვა. შესაძლებელი იქნება ამ ვერსიის „მაილდ ჰიბრიდ“ კომპლექტაციით შეძენაც. მოდელის xDrive-ის სრული ამძრავი სისტემით აღჭურვა მსურველებს დამატებითი მახასიათებლების სიიდან შეეძლებათ. 8-სიჩქარიანი ავტომატური კოლოფი სტანდარტულია.

განახლებულ მესამე სერიას, პირველი გამოშვებისგან, შეცვლილი წინა მაშუქები გამოარჩევს. ეს დეტალი „სამიანში“ კიდევ უფრო დაწვრილდა. სრულად LED-ი მაშუქებში ამოტრიალებული L-ის ფორმის განათებაა, რაც მეხუთე სერიის „რესტაილინგს“ მოგვაგონებს.


BMW-ს გულშემატკივრებმა მაშინ ამოისუნთქეს, როდესაც ცხაურას შეხედეს. დიახ, ეს დეტალი ზომაში არ გაზრდილა. თუმცა, ფორმა მაინც შეეცვალა და შავი კონტურით დამშვენდა. შედეგად, ახალი მესამე სერიის ცხვირი უდავოდ ლამაზი გამოვიდა.

ამ მხრივ ბამპერებს არ გაუმართლათ. ახალი დიზაინი უფრო აგრესიული და ხისტია, რაც ავტომობილის სპორტულ ხასიათს წინა პლანზე სწევს. აუცილებლად უნდა ვახსენოთ, რომ განახლებულ მოდელში Shadowline-ის გაფორმება სტანდარტულად იქნება ხელმისაწვდომი. ალუმინისა და ქრომირებული დეტალებისთვის კი დამატებითი თანხის გადახდა იქნება საჭირო. ჩვენ, საქართველოში, Shadowline-ი გვიყვარს.



განახლებულ „სამიანს“ ახალი ფერებიც დაამშვენებს. ფერთა გამას Skyscraper Grey, Brooklyn Gray და სხვა ფერები დაემატა. ასევე, უფრო ფართო არჩევანია დისკებშიც. კატალოგი ახალი დიზაინის მქონე 19-იანმა დისკებმა გაამდიდრა.

ყველაზე თვალსაჩინო ცვლილება ინტერიერშია. 2023 წლის მოდელის სალონი მოხრილი ეკრანით არის აღჭურვილი. მაჩვენებელთა დაფა 12.3-დუიმიანია, ხოლო მულტიმედიის ეკრანი 14.9-დუიმიანი. ეს დეტალი BMW-ს ხასიათს ატარებს, რაც მძღოლისკენ ოდნავ შეტრიალებულ დიზაინში გამოიხატება.

განახლებულია მულტიმედიის შიდა სისტემაც. BMW-ს ელექტრომობილების, განახლებული X7-სა და ახალი მეშვიდე სერიის შემდეგ iDrive 8 მესამე სერიაშიც გვაქვს. გამოსახულებების გარდა აქ BMW-ს ხელოვნური ინტელექტი უფრო დახვეწეს და ბრძანებებს ელვის სისწრაფით ასრულებს.

განახლებული „სამიანის“ შეძენას მსურველები 2023 წლიდან შეძლებენ.

როგორ შეაფასებდით BMW 3 Series-ის „რესტაილინგს“? დააფიქსირეთ თქვენი აზრი კომენტარებში.

მსგავსი სიახლეები