ძალიან იშვიათად თუ სადმე მოდიფიცირებულ „ალფა რომეოს“ შეხვდებით. გასაკვირი აქ არაფერი არაა. დარწმუნებული ვართ, რომ თითოეულ თქვენგანს ამ იტალიური ბრენდის სანდოობის და გამძლეობის შესახებ არაერთხელ გსმენიათ.
„ალფა რომეოს“ ყველა ტექნიკური ნაკლის მიუხედავათ, ისინი ყურადღებას ყოველთვის იზიდავს და ზოგიერთი მოდელი განსაკუთრებულ მოწონებასაც იწვევს. ამ ბრენდს მაგიური ხიბლი აქვს. ამ კონკრეტული 147 GTA-ს მფლობელი ლეონი ამ ხიბლის შესახებ იცის და ამიტომ მან 2000-იანების იტალიური „ცხელი“ ჰეჩბექის იდეალური ვერსიის შექმნა გადაწყვიტა და მის პროექტს „მონსტრო“ დაარქვა.
სტანდარტული GTA არავითარ შემთხვევაში ზლანტი არ არის. 247 ცხენის ძალა, რომელიც ლეგენდარული 3.2-ლიტრიანი V6 Busso-ს ძრავისგან მიიღება, ამ ავტომობილს 0-დან 100კმ/სთ-მდე 6,3 წამიანი აჩქარებით და 246 კმ/სთ მაქსიმალური სიჩქარით უზრუნველყოფს.
ეს კონკრეტული მაგალითი ბევრად უფრო სწრაფია, რასაც ერთი შეხედვით ვერასდროს მიხვდებით და თუ გგონიათ, რომ ლეონმა ცხენის ძალების მომატების ყველაზე მარტივ გზას - ტურბო კომპრესორის დამატებას მიმართა, ძალიან ცდებით. თქვენ საკუთარ თავს ატმოსფერული 3.2-ლიტრიანი V6 Busso-ს ძრავას ტურბო კომპრესორის დაყენებას აპატიებდით?
ავტომობილის ექსტერიერი დიდად არ შეცვლილა. სტანდარტული უკანა სპოილერი და გვერდითა სარკეები კარბონისგან დამზადებული ანალოგებით ჩაანაცვლა.
თუ ავტომობილთან უფრო დიდხანს გაჩერდებით, დანარჩენი სხვაობების შემჩნევას დაიწყებთ. წინ Powerbrake-ის 6-დგუშიანი სამუხრუჭე სისტემა და Bridgestone Potenza RE-11-ში შეფუთული Alfa 147 GTA-ს შავად შეღებილი ორიგინალი დისკები პატარა მინიშნებებს მოგცემენ, რომ ეს ლურჯი „ალფა“ სტანდარტული არაა.
ბევრი ავტომოყვარული, ვინც თავისი ავტომობილის პოტენციალის სრულად ათვისებას ცდილობს, სამუხრუჭე სისტემას და საბურავებს ცვლის და წინაწამყვან ავტომობილებში ასფალტის საფართან ჩაჭიდება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. შესაბამისად, მიუხედავად ყველა თვალით შესამჩნევ განსხვავებისა, ვერასდროს მიხვდებით, ეს „ალფა“ რითი გამოირჩევა და რატომ მაინცდამაინც „მონსტრო“ ჰქვია. ამისთვის ძრავის ხუფის ახდაა საჭირო, სადაც Glenwood Motors-ის სამხრეთ აფრიკელი „ალფას“ გენიოსების შემოქმედება დაგხვდებათ - გადამუშავებული Busso-ს ძრავა.
ამ შემოქმედების ყველაზე შესამჩნევი დეტალი AHM-ის ჰაერის შემშვები სისტემა არის. ის რასაც ვერ შეამჩნევთ, სრულიად გადამუშავებული ძრავის შიდა ნაწილებია, რომლის მოცულობა 3.75 ლიტრამდეა გაზრდილი.
ძრავის თითოეული დეტალი კერძოდ ამ პროექტისთვის იყო შემუშავებული, დაწყებული Wossner-ის ნაწრთობი დგუშებით, GTA-ს გაძლიერებული მუხლა-ლილვით დამთავრებული. Newman-ის რალისთვის გამზადებული გამანაწილებელი ლილვი, გადიდებული სარქველები, Bosch-ის 440cc Green Giant საფრქვევები - ეს ძრავის შეცვლილი ნაწილების სიის მხოლოდ დასაწყისია. უყურადღებოდ არც გამონაბოლქვის სისტემა დარჩა. ახლა ავტომობილს Powerflow-ის სისტემა ამშვენებს.
როდესაც ძრავის აწყობას მორჩნენ, იგი MC Customs-ის მიერ იყო დატიუნინგებული. საბოლოო შედეგი სასწაული აღმოჩნდა. 7800 ბრუნზე ავტომობილი 355 ცხენის ძალას აწარმოებდა, რაც ქარხნულ მაჩვენებელს 100-ზე მეტით აღემატებოდა.
147 GTA-ს რამდენიმე ვერსიას ნახევრად ავტომატური Selespeed-ის ტრანსმისია ჰქონდა, მაგრამ, უმეტესობის მსგავსად, ამ ეგზემპლარს 6-სიჩქარიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფი ამშვენებს. საპროექტო ავტომობილების აწყობის წესების დაცვით, „მონსტროს“ ტრანსმისიაც გააუმჯობესეს. მას ახლა სარბოლო ტიპის გადაბმულობა და მქნევარა აქვს, ასევე დამოკლებულია საბოლოო გადაცემათა თანაფარდობა და Quaife-ს დიფერენციალით არის აღჭურვილი. თუმცაღა, ეს ტრანსმისიის საბოლოო სახე არ არის, რადგან ავტომობილის მფლობელმა ლეონმა Quaife-ს სეკვენტალური ტრანსმისიის დაყენება გადაწყვიტა.
ტრანსმისიის და ძრავის მოდიფიკაციების სრული პოტენციალის გამოყენებისთვის, ანალოგიურად ძრავისა, დაკიდების სისტემის თითოეული კომპონენტი იყო შეცვლილი. ქარხნული „ალფასგან“ მხოლოდ შასი დარჩა.
ავტომობილის ინტერიერი ფაქტობრივად ხელუხლებელი დარჩა. ეკსკლუზიური დიზაინის მქონე Recaro Pole Position-ის სავარძლების სათავეზე „ალფა რომეოს“ ლოგოა დატანილი და ისინი Sabelt-ის სპორტული ღვედებით არის აღჭურვილი. რადიოს ნაცვლად VDO-ს მაჩვენებელთა დაფაა, სადაც წყლის, ზეთის ტემპერატურის და ზეთის წნევის სენსორებია განთავსებული. ვის რად უნდა რადიო, როდესაც ასეთი კარგი ჟღერადობის მქონე ატმოსფერული V6-ის ძრავა გაქვთ.
ავტომობილი მხეცია, რაზეც მისი ბღავილი მეტყველებს. სტატიის დასაწყისში ხანმოკლე ვიდეოა დართული, სადაც ამ ძრავის სიმფონიას შეგიძლიათ მოუსმინოთ და ზემოხსენებული განახლებები მუშა მდგომარეობაში იხილოთ. თუ უკვე უყურეთ, ალბათ ხვდებით, რა ჟღერადობაზეა საუბარი და დაგვეთანხმებით, რომ იგი განუმეორებელი, მომაჯადოებელი და მიმზიდველია და თუ ჯერ არ გინახავთ, ეს გვერდი ვიდეოს ნახვის გარეშე არ დატოვოთ.
თუ ოდესმე სამხრეთ აფრიკაში მოხვდებით, Monstro გაიკითხეთ. როდესაც მას რეალობაში მოუსმენთ, მის ვიბრაციებს მთელ ტანში შეიგრძნობთ და „ალფა რომეოს“ ბრენდისადმი სიყვარულში უფრო დარწმუნდებით.
ჩვენ, ქართველებს, ეს იტალიური ბრენდი ძალიან გვიყვარს. მისი ნაკლების და წუნების შესახებ არაერთხელ გვსმენია, მაგრამ „ალფას“ ყოველთვის აღუწერელი ხიბლი ექნება, რომლის გამო ყველას თავისი მიზეზების გამო ცხოვრების ბოლომდე ეყვარება.