მელიქიშვილის გამზირის რეაბილიტაცია იწყება
თბილისში, ივნისის დასაწყისში მელიქიშვილის გამზირის სრული რეაბილიტაცია-განახლება დაიწყება.
მელიქიშვილის გამზირის რეაბილიტაციის პროცესში სატრანსპორტო მოძრაობა შეიცვლება, რამაც შეიძლება ქალაქში გადაადგილების პრობლემები შეიქმნას, თუმცა "დედაქალაქს დასაკარგი დრო არ აქვს".
„სამუშაოები ივნისის დასაწყისში დაიწყება, მანამდე კი სამუშაოების წარმოების პერიოდში აღნიშნულ ტერიტორიაზე გადაადგილება შეიზღუდება, რა დროსაც ვარაზისხევსა და კოსტავას ქუჩაზე სატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილება ორივე მიმართულებით შეეძლებათ. ამის შესახებ დეტალური ინფორმაცია საზოგადოებას მომდევნო დღეებში მიეწოდება, რომ ივნისის დასაწყისამდე მათ იცოდნენ რეაბილიტაციის პერიოდში როგორ იქნება შესაძლებელი გადაადგილება.
მესმის, გადაადგილების მხრივ, ეს გარკვეულ პრობლემებს შექმნის, მაგრამ მეგობრებო, ჩვენ არ გვაქვს დასაკარგი დრო. გვაქვს უამრავი პრობლემა, რომელსაც მოგვარება და მოწესრიგება სჭირდება და არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ერთი პროექტის განხორციელებას დაველოდოთ და მეორე ამის შემდეგ დავიწყოთ. პირიქით, რა რესურსი და შესაძლებლობებიც გვაქვს, ერთხელ გავიჭირვოთ, რომ შემდეგ მოწესრიგებული იყოს ეს ყველაფერი“, - განაცხადა ოფიციალურმა პირმა.
„მელიქიშვილის გამზირის მიწისქვეშა კომუნიკაციები უმძიმეს მდგომარეობაშია და კრიტიკას ვერ უძლებს და ეს გზის საფარსაც ეტყობა, რადგან კონკრეტულ მონაკვეთებში გზა ჩავარდნილი. ეს იქნება ჭავჭავაძის გამზირის გაგრძელება და ის მთლიანად კეთილმოეწყობა.
კერძოდ, მთლიანად შეიცვლება მიწისქვეშა საკომუნიკაციო ქსელი; მოეწყობა ახალი სანიაღვრე სისტემა; მიწისქვეშ განთავსდება საჰაერო კაბელები, რადგან ვიზუალურად ისინი პრობლემას წარმოადგენს და არაკომფორტულია. დამონტაჟდება ახალი ბოძები თანამედროვე ლედ ტიპის სანათებით; გზის სავალ ნაწილზე ასფალტის ახალი საფარი დაიგება და გამოიყოფა საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განკუთვნილი ზოლი, მოეწყობა ახალი მოსაცდელები, ველობილიკი, ასევე დამონტაჟდება მიწისქვეშა ნარჩენშემკრები ურნები; გამზირზე არსებული ინფრასტრუქტურა ადაპტირდება შშმ პირთათვის“, - აღნიშნულია განცხადებაში.
წყარო: BM.ge