BMW, XM
Aa
Aa

ახალი BMW XM-ი პაპარაცებმა თითქმის შეუნიღბავი დააფიქსირეს

როდესაც BMW Concept XM-ი გასაჯაროვდა, მისმა დიზაინმა ავტომოყვარულების ნაწილის დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. პრობლემა კიდევ უფრო დიდი ზომის ცხაურა, კუთხოვანი დიზაინი და უწვრილესი მაშუქები იყო. ახლა კი საწარმოო მოდელის თითქმის შეუნიღბავი სურათები გასაჯაროვდა, სადაც ჩანს, რომ სერიულ მოდელში ბევრი არაფერი შეცვლილა.

ექსკლუზიური სურათები Instagram-ის პლატფორმაზე გავრცელდა. XM-ი ასეთი შეუნიღბავი არასდროს გვინახავს. ბევრისთვის სამწუხაროდ, მტკიცდება, რომ მოდელს უზარმაზარი ცხაურა ექნება.

უნდა ვაღიაროთ, რომ საწარმოო მოდელი Concept XM-ის იდენტური არ არის. ეს უფრო ერთი ტონით ჩამოქვეითებულ იტერაციას ჰგავს. თუმცა ძირითადი დეტალები მსგავსია. მაგალითად, მაყუჩები, კუთხოვანი ფორმები, უკანა შუშაზე გამოსახული BMW-ს ორი ემბლემა და დაღრენილი კაპოტი.


დაფარულია სალონიც, თუმცა რამდენიმე დეტალის შემჩნევა მაინც არის შესაძლებელი. კადრებში ორ ფერში გადაწყვეტილი სალონი, M-ის საჭე და სიჩქარეების ბერკეტი ჩანს. არასტანდარტულია ტყავის გაფორმებებიც.


BMW გვპირდება, რომ საწყის ეტაპზე მოდელი სრულად ახალი V8 ძრავით გამოვა, რომელსაც ელექტრო აგრეგატი დაეხმარება. ეს დუეტი ჯამში 644 ცხენის ძალასა და 800 ნიუტონს გამოიმუშავებს. ამ ვერსიას უფრო მძლავრი კომპლექტაცია მოჰყვება, რომელიც გზაზე 738 ცხენის ძალასა და 1 000ნმ-ს დაიტანს.

დამუხტვადი ჰიბრიდი მხოლოდ ელექტრო აგრეგატითაც შეძლებს დისტანციის დაფარვას. ბატარეების სრული დამუხტვის შემდეგ XM-ი 80 კმ-ს გაივლის.

XM-ის წარმოება 2022 წლის დეკემბერში იგეგმება. იქამდე კი BMW M-ის 50 წლის იუბილესთვის მწარმოებელი ოფიციალურ დებიუტს შემოგვთავაზებს.

მსგავსი სიახლეები