Aa Aa
21 მაისი 2022  |  11:56

ლეგენდა დაბრუნდა - 2023 წლის BMW M4 CSL-ი აქ არის!

და აი ის დღეც, რომელსაც დიდი ხანია ველოდით. BMW-მ ლეგენდარული წარწერა - CSL-ი - 2023 წლის M4-ით გააცოცხლა. ამბობენ, რომ ახალი მოდელი BMW-ს სპეციალური გამოშვების მოდელებზე უკეთესია. ეს კი საკმაოდ დიდი განაცხადი გახლავთ. ასეთი ვერსიები დღეს ზედმეტად გადაპრანჭული გაფორმებებითა და დიდი რეკლამით გამოდის. ნუთუ, CSL-ისგან რამე სხვას უნდა ველოდოთ?

Competition, Sport, Lightweight (მეტოქეობა, სპორტულობა, სიმსუბუქე) - ეს CSL აბრევიატურაა. ამ მანტიისთვის კი BMW M GmbH-ის ინჟინრებმა სისტემური ელემენტების კონცეფცია შექმნეს, რომელიც ერთად აღებული დიდი შედეგს იძლევა. ეს ყველაფერი ვიზუალურადაც ჩანს. ამ ავტომობილს სავარძლების მეორე რიგი არ აქვს, ხოლო სახურავი, კაპოტი და საბარგული კარბონისგან აქვს დამზადებული.



ინჟინრებმა წონის შესამცირებლად უდიდესი სამუშაო გაწიეს. 3.6 კგ-ის მოკლება ცხაურის, უკანა მაშუქების, ხალიჩებისა და ავტომატური კლიმატკონტროლის შეცვლა/გაუქმებით მოახერხეს. ჯამში კი, სტანდარტულ ვერსიასთან შედარებით, ავტომობილის წონა 109 კგ-ით შეამცირეს. ეს თითქმის იგივე რაოდენობაა, რამდენი კილოგრამითაც 2003 წლის E46 M3-მა CSL ვერსიაში „დაიკლო“.

რა თქმა უნდა, გაუმჯობესდა მონაცემებით. ახალ CSL-ს M4 Competition-ზე 40 ცხენის ძალით მეტი აქვს. ჯამში კი სიმძლავრე 543 ცხენის ძალას აღწევს, რაც კომპიუტერული პროგრამის შეცვლის შედეგი გახლავთ. ავტომობილის მთლიანი ძალა უკანა ბორბლებზე არის მიმართული. სრულად ამძრავი სისტემა დამატებითი წონაა. CSL-ში კი თითოეულ გრამს აქვს მნიშვნელობა. სამწუხაროდ, მოდელი მექანიკური კოლოფით არ გამოვა. ამ მანქანის მფლობელები M-ის 8-სიჩქარიანი ტრანსმისიით უნდა დაკმაყოფილდნენ. თუმცა, არ გვიკვირს. ახალი CSL-ი თავის წინამორბედს ამ დეტალითაც ჰგავს.



იცით რა არის ამ ყველაფრის შედეგი? ახლა თქვენ მსოფლიოში ყველაზე სწრაფი სერიული BMW-ს შესახებ კითხულობთ სტატიას. დიახ, Nurburgring-ზე ამ ავტომობილმა 7:15.7 წამი დააფიქსირა და ზემოთ ხსენებული სტატუსიც დაიმსახურა. ახალმა CSL-მა მწვანე ჯოჯოხეთში M5 CS-ს 13 წამზე მეტით აჯობა. იცით რამდენია 13 წამი ავტოსპორტში? მთელი საუკუნე! ეს წონის 1 651 კგ-მდე შემცირების და სიმძლავრის გაზრდის შედეგია. წონისა და სიმძლავრის ბალანსი ვერსიაში 3.03კგ/1 ცხენის ძალასთან გახლავთ. მგონი, მშვენიერი დაბრუნებაა, არა?

CSL-ის წარწერა, BMW-ს ისტორიაში, მხოლოდ ორ ავტომობილს ჰქონდა. ყველაფერი E9 თაობის 3.0 CSL-ით, იგივე Batmobile-ით დაიწყო. ეს ავტომობილი ავტოსპორტის ნამდვილი ლეგენდაა. ერთ-ერთი ეგზემპლარი ჯერემი კლარკსონსაც ჰყავდა, რომლის გაყიდვასაც ცნობილი ავტოჟურნალისტი მწარედ ნანობს. მწარმოებელმა ხაზი 2003 წელს, E46 M3 CSL-ის სახელით გააგრძელა. მრავალი ავტოექსპერტისა და მრბოლელის აზრით, E46 M3 CSL-ი ერთ-ერთი საუკეთესო სერიული სპორტული ავტომობილია. თითქმის ორი ათწლეულის შემდეგ კი CSL-ი დაბრუნდა.

CSL-ის მთელი ფილოსოფია წონის შემცირებას უკავშირდება. M4-ში უკანა სავარძლების ამოღებითა და წინ მთლიანად ანატომიური კარბონის სპორტული სავარძლების ჩადგმით 24 კგ დაიზოგა. კარბონის კერამიკულმა მუხრუჭებმა, ნაწრთობმა დისკებმა და მსუბუქმა ამორტიზატორებმა 21-კილოგრამიანი სხვაობა აჩვენა. ხმის იზოლაციისა და სხვადასხვა „ზედმეტი“ სისტემების ამოღებით კი მანქანამ 15 კგ „დაიკლო“.


ეს ყველაფერი არ არის. გამშვები სისტემა მთლიანად ტიტანისგანაა დამზადებული. შედეგად ავტომობილის საერთო წონას კიდევ 4 კილოგრამი გამოაკლდა. BMW-მ უხვად გამოიყენა კარბონიც. პირველად კარბონის სახურავით სწორედ E46 M3 CSL-ი ვიხილეთ. მას შემდეგ, ეს დეტალი კომპანიამ M3-ის სტანდარტულ ვერსიებშიც შემოგვთავაზა. ასეთი ტიპის სახურავით მანქანის აღჭურვა მსურველებს დამატებითი მახასიათებლების სიიდან შეეძლოთ. ახლა კი, კარბონის უფრო მეტად გამოყენებისთვის და მეტი სიახლის შემოსატანად, BMW-მ M4 CSL-ს კაპოტიც და საბარგულიც კარბონისგან დაუმზადა.

თუმცა, არ გეგონოთ, რომ ბავარიელები Fast & Furious-ის ჟანრში ასპარეზობენ. კაპოტი და საბარგული მანქანის ფერშია შეღებილი. გაშიშვლებული კარბონი კი მხოლოდ ორ საჰაერო არხში გვაქვს. ყველა ამ მოყვანილობას წითელი აქცენტებიც ამშვენებს, რაც მოდელის სპორტულ ხასიათს ხაზს უსვამს.


CSL-ი M4-ის ხაზში ყველაზე მძლავრი ვერსიაა. 543 ცხენის ძალა და 650 ნიუტონ მეტრი 2 750 ბრუნიდან არის ხელმისაწვდომი. შედეგად, ავტომობილს 0-დან 100 კმ/სთ-მდე აჩქარება 3.6 წამში შეუძლია. M4 Competition-თან შედარებით ეს 0.2-წამიანი გაუმჯობესებაა.

ახალ CSL-ში უნიკალურია ამორტიზატორები და შასის მოწყობაც. ლეგენდარული გვარის გამგრძელებელი სტანდარტულ ვერისაზე დაბალია. მეტი სიხისტისთვის გამაგრდა კორპუსის შემაერთებელი ნაწილებიც. ძრავის განყოფილებაში კი უზარმაზარი, ალუმინის დგარია ჩამონტაჟებული. შეხედეთ მის ზომას!



M4 CSL-ი სულ სამ ფერში გამოვა. ფერთა გამა ასეთია - Brooklyn Grey, Alpine White და Black Sapphire. მოდელს M GmbH-ის 50 წლის იუბილეს აღსანიშნავად BMW-ს ვინტაჟური ლოგოც დაამშვენებს.

M4 CSL-ის წარმოება 2022 წლის ივლისში დაიწყება. მსურველებმა კი უნდა იჩქარონ. მწარმოებელი გეგმავს, რომ მსოფლიოს მასშტაბით სულ ახალი CSL-ის 1 000 ეგზემპლარი გამოუშვას. ეს რაოდენობა კი საკმაოდ ცოტაა. ეს ნიშნავს, რომ M4 CSL-ი მის წინამორბედზე იშვიათი იქნება.

ამ ავტომობილის სანაცვლოდ BMW 140 000$-ს ითხოვს. ეს საწყისი ფასი გახლავთ და M4 Competition-ზე ორჯერ მეტია. ფასით M4 CSL-ი Porsche 911 Carrera GTS-ის ლიგაშია.

როგორ ფიქრობთ, გაამართლებს ეს ავტომობილი ჩვენს მოლოდინებს? ღირს თუ არა მის სანაცვლოდ მინიმუმ 140 000$-ის დათმობა? დაწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში.

გაზიარება: