ამ პიკაპს ორი რეაქტიული ძრავა აქვს და 563კმ/სთ-ს ავითარებს
თანაც, 66 წლისაა.
1991 წელს GMC Syclone-მ მსოფლიო თავისი აჩქარებით გააკვირვა. 0-100კმ/სთ-მდე 4.5 წამში აღწევდა. მაშინ მსოფლიოსთვის ნაკლებად ცნობილი პიკაპიც გამოჩნდა, რომელიც ბევრად სწრაფია. თუმცა, გზებზე დაშვებული არ არის. მას ერთი კი არა, 2 რეაქტიული ძრავა აქვს.
გაიცანით Hot Streak II! ამ ავტომობილს ახლა ჰეიდენ პროფიტ მეორე მართავს, რომელმაც ავტომობილი რეაქტიულ ძრავიანი ავტომობილების მამისგან , ლეს შოკლისგან შეიძინა. 1990-იანების დასაწყისში ეს ავტომობილი შოკლიმ ააწყო. თავიდან სახელად Super Shockwave ერქვა. შოკლის მიდგომა დეტროიტის სხვა ავტომწარმოებლებისგან განსხვავდებოდა. მან 1957 წლის Chevy-ს სატვირთოს რეპლიკა გააკეთა და Westinghouse-ის J34 რეაქტიული ძრავები დაუმატა.
თვითმფრინავების გულშემატკივრებს ეცოდინებათ, რომ J34 ტურბოძრავა იყო, რომელიც 1940-იანებში გამოჩნდა და ამერიკის სამხედრო აღჭურვილობაში ათწლეულების განმავლობაში დარჩა. შოკლიმ ავტომობილს ორი რეაქტიული ძრავა დაუყენა. შედეგად 25 000 ცხენის ძალა მიიღო. ავტომობილის წონა 1950 კილოგრამია.
წლების წინ პროფიტის ბაბუამ შოკლისგან პირველი პროექტი დრაგსტერი შეიძინა, რომელსაც Shockwave ერქვა და Hot Streak დაარქვა. ჰეიდენმა შანსი ხელიდან არ გაუშვა და შოკლის რეაქტიული პიკაპიც იყიდა. პროფიტი ამერიკის არმიაში მსახურობდა და F-15-ისა და B-2-ის მექანიკოსი იყო. ამიტომ, რეაქტიულ ძრავებთან ურთიერთობა ეხერხება. პიკაპს სახელი Hot Streak II ბაბუას დრაგსტერის პატივსაცემად დაარქვა.
სატვირთოს 563კმ/სთ-ს განვითარება შეუძლია. პროფიტის თქმით, მის ხელში Hot Streak II-ს 547კმ/სთ აქვს განვითარებული.
სამწუხაროდ, ლეს შოკლი 2019 წელს გარდაიცვალა, მაგრამ მისი მემკვიდრეობა სიცოცხლეს Hot Streak II-ის სახით აგრძელებს.