ჩემპიონატის ლიდერი შეიცვალა: მაქსი ესპანეთის გრან პრის გამარჯვებულია!
ლეკლერის უიღბლობა, პერესის მსხვერპლი და მაქსის გამარჯვება.
ფორმულა 1-ის 2022 წლის სეზონის მეექვსე რბოლას ესპანეთმა უმასპინძლა. ბარსელონა-კატალუნიას ტრასაზე პილოტებმა 66 წრე გაიარეს. ამ ტრასაზე პირველი რბოლა 1991 წელს ჩატარდა. ბოლო ხუთ რბოლაში ესპანეთში გამარჯვება ლუის ჰამილტონმა მოიპოვა.
რბოლამდე შარლ ლეკლერს მაქს ფერსტაპენი მხოლოდ 19 ქულით ჩამორჩებოდა. შაბათის კვალიფიკაციის შემდეგ პოლ პოზიციაზე შარლ ლეკლერი აღმოჩნდა. თუმცა, მას რბოლის დასრულება ნაადრევად მოუწია და პოდიუმის პირველ საფეხურზე მაქს ფერსტაპენი ავიდა.
როცა ფორტუნა გეთამაშება
კვალიფიკაციის შემდეგ ხარების პილოტები მაქს ფერსტაპენი და სერხიო პერესი მეორე და მეხუთე პოზიციას იკავებდნენ. მაქსმა მეოთხე მოსახვევში შეცდომა დაუშვა და ხრეშზე გადავიდა. თუმცა, ჩემპიონის უიღბლობები აქ არ დასრულდა. ნიდერლანდელს რამდენიმე წრის განმავლობაში DRS არ უმუშავებდა.
მას შემდეგ, რაც არაერთხელ განუმარტეს, როგორ უნდა დაეჭირა სწორად თითი ღილაკისთვის, მაქსმა DRS-ის გააქტიურება შეძლო და მის წინ მიმავალ ჯორჯ რასელს აქტიურად შეუტია.
მაქსის უკან მიმავალი, უფრო ახალ საბურავებზე მყოფი პერესი კი რადიოში იმეორებდა, რომ არ ესმოდა, რატომ არ აძლევდნენ მაქსისთვის გადასწრების უფლებას, რადგან მას რასელისთვის გადასწრება მარტივად შეეძლო. ეს ალბათ უფრო რიტორიკული შეკითხვა იყო, რადგან, ეჭვი არავის ეპარება იმაში, რომ ამ კითხვაზე პასუხი თავად პერესმაც კარგად იცის.
მაქსი პიტ სტოპზე ბოქსებში შევიდა. მექსიკელმა დაპირება შეასრულა. რასელს სწრაფად გაუმკლავდა და 27-ე წრეზე შარლის უიღბლობის შემდეგ, რბოლის ლიდერი გახდა. მას შემდეგ პილოტებმა რამდენჯერმე გაცვალეს პოზიციები. საბოლოოდ, ჩეკოს გუნდმა უბრძანა, რომ პირველობა მაქსისთვის დაეთმო, რაზეც მექსიკელმა უპასუხა: „უსამართლობაა, მაგრამ კარგი“.
„მადლობა, მეგობარო“, - თქვა მაქსმა რადიოში.
ფინიშის ხაზი პირველმა მაქს ფერსტაპენმა გადაკვეთა. ბოლოს მან ესპანეთი გრან პრი 2016 წელს მოიგო. პერესმა მეორე ადგილი დაიკავა. თუმცა, რადიოში ჩანდა, რომ ის გუნდის გადაწყვეტილებებით უკმაყოფილო იყო.
„მაქსი საბურავების სხვა სტრატეგიაზე იყო, მე სხვაზე. ჩემმა სტრატეგიამ არ იმუშავა, თუმცა, გუნდის შედეგით ბედნიერი ვარ“, - თქვა პერესმა რბოლის შემდეგ ინტერვიუში.
Ferrari გამოწვევას ვერ გაუმკლავდა
იტალიური საჯინიბოს პილოტებმა რბოლა პირველი და მესამე პოზიციიდან დაიწყეს.
კვალიფიკაციის შემდეგ შარლი ამბობდა, რომ რბოლაზე მთავარი საბურავების სწორი მენეჯმენტი იქნებოდა. ტიფოზებისთვის სამწუხაროდ, ყველაფერი გეგმის მიხედვით არ წავიდა.
ესპანეთის გრან პრი კარლოს საინსისთვის საშინაო რბოლაა. ეს პილოტისთვის ერთდროულად დამატებითი წნეხი და დიდი მოტივაციაცაა. ყველა ამ წნეხს ვერ უძლებს. მეშვიდე წრეზე საინსმა უამრავი გულშემატკივრის თვალწინ მეოთხე მოსახვევში შეცდომა დაუშვა და ხრეშზე გაისეირნა.
ლეკლერისთვის რბოლა კარგად დაიწყო. მან ლიდერობის შენარჩუნება შეძლო და პელეტონს მიუძღვებოდა. გარკვეული უიღბლობების მიუხედავად, საბოლოოდ, ფორტუნა მაინც მაქსის მხარეს აღმოჩნდა. 27-ე წრეზე ლეკლერის ბოლიდმა ძალა დაკარგა. მისთვის რბოლა ნაადრევად დასრულდა. მაქსს, რომელიც მონეგასკს მხოლოდ 19 ქულით ჩამორჩებოდა, ჩემპიონატში ლიდერობის შანსი მიეცა. საინსს საშინაო რბოლის პოდიუმზე დასრულების შანსი ჰქონდა. საბოლოოდ, კი მეოთხე ადგილს დასჯერდა.
დიდი დაბრუნება არ შედგა?
„მერსედესის“ გუნდმა ესპანეთის გრან პრიმდე ბოლიდის მნიშვნელოვან განახლებებზე ისაუბრა. ვარჯიშებზე გუნდი კარგად გამოიყურებოდა, რამაც გულშემატკივრებს იმედის ნაპერწკალი გაუღვივა. კვალიფიკაციაზე რასელმა მეოთხე, ჰამილტონმა კი მეექვსე პოზიცია მოიპოვა.
„ვფიქრობ, Ferrari-სთან შანსი გვექნება. რა თქმა უნდა, თუ ერთ ღამეში არ გაძლიერდებიან“, - თქვა ჯორჯ რასელმა.
„ცოტათი იმედგაცრუებული ვარ იმით, რომ უფრო წინ არ ვარ. როგორც ხედავთ, რასელი ახერხებს ჩემზე წინ ყოფნას. თუმცა, რბოლას გავაგრძელებთ“, - თქვა ჰამიტონმა კვალიფიკაციის შემდეგ.
ლუისისთვის რბოლა ცუდად დაიწყო. პირველივე წრეზე ის კევინ მაგნუსენს შეეჯახა და ბოქსებში შესვლა მოუწია. ჯორჯ რასელმა კი პოზიცია მოიგო და მესამეზე გადავიდა.
შეჯახების შემდეგ, ჰამილტონს რბოლის დასრულება უნდოდა, თუმცა, გუნდმა გადაწყვიტა, რომ ბრიტანელი ტრასაზე უნდა დარჩენილიყო, რადგან ქულების ზონაში მოხვედრის შანსი მაინც ჰქონდა. გუნდის პროგნოზი გამართლდა. ჰამილტონმა ყველაზე სწრაფი წრე არაერთხელ დააფიქსირა. 65-ე წრეზე გუნდის ორივე პილოტს ტემპის დაგდება სთხოვეს, რადგან იყო შანსი, რომ რბოლას ვერც ერთი მათგანი ვერ დაასრულებდა. საბოლოოდ, ლუისი მეხუთე ადგილზე გავიდა. ჯორჯ რასელმა კი ხარების გვერდით პოდიუმის მესამე საფეხური დაიკავა.
სხვა საინტერესო დეტალები
45-ე წრეზე მაქსი ბოქსებში შევიდა. ეს იყო რბოლის ერთ-ერთი გადამწყვეტი მომენტი. როგორც ჩანს, ამას კრისტიან ჰორნერიც კარგად იაზრდებდა, რადგან დრო პირად წამმზომზე ჩაინიშნა. სტოპისთვის ხარების გუნდს 2.4 წამი დასჭირდა.
როგორც ჩანს, ბარსელონა-კატალუნიას ტრასა Ferrari-ს ძრავებისთვის ზედმეტად რთული გამოდგა. შარლ ლეკლერის შემდეგ, რბოლას Alfa Romeo-ს გუან ჯოუც გამოეთიშა.
ეს რბოლა საშინაო იყო 2-გზის მსოფლიო ჩემპიონი ფერნანდო ალონსოსთვისაც. ესპანელმა მეცხრე ადგილი დაიკავა.
სებასტიან ფეტელის კოშმარი გრძელდება. გერმანელი ქულების ზონაში ისევ ვერ მოხვდა. ის მეთერთმეტე ადგილზე გავიდა.
პოდიუმზე გასვლამდე ოთახში მაქსი თავისი შეცდომის გამეორებას ვიდეოში ღიმილით უყურებდა.
ყველაზე სწრაფი წრე სერხიო პერესმა დააფიქსირა. მან წრის გავლა 1:24.108-ში შეძლო და დამატებითი ქულაც მოიპოვა.
შემდეგი რბოლა
2022 წლის სეზონის მეშვიდე რბოლა მონაკოში 29 მაისს გაიმართება. კალენდარში ყველაზე მოკლე ტრასაზე პილოტები 78 წრეს გაივლიან. 1950 წლიდან მონაკომ 66 რბოლას უმასპინძლა. ამ ტრასაზე ყველაზე წარმატებული პილოტი აირტონ სენა იყო, რომელმაც იქ გამარჯვება 6-ჯერ მოიპოვა. მონაკოში ჩემპიონატის ლიდერის სტატუსით მაქს ფერსტაპენი ჩავა. ნიდერლანდელ პილოტსა და ლეკლერს შორის ახლა 6 ქულაა განსხვავება. Ferrari-მ და Red Bull-მა ადგილები კონსტრუქტორთა თასშიც გაცვალეს. ხარები იტალიელებს 26 ქულით უგებენ. მონაკოს ტრასაზე ახლახან ლეკლერმა ნიკი ლაუდას ისტორიული ბოლიდი დაამტვრია. ვნახოთ, გაგრძელდება თუ არა საშინაო რბოლაში ლეკლერის უიღბლობა.