საწვავის მაღალი ფასის მიუხედავად, აშშ-ში ბაზარზე სუვები და პიკაპები ლიდერობს
სუვების ბაზარზე Toyota ლიდერობს, თუმცა Tesla არ ნებდება.
საწვავის ფასის ზრდამ, ამერიკის ბაზარზე მომხმარებლების ქცევა არ შეცვალა. გაყიდვები აჩვენებს, რომ ინფლაციისა და ეკონომიკური არასტაბილურობის მიუხედავად, ამერიკელები ისევ დიდი ზომის ავტომობილებს ყიდულობენ.
JATO Dynamics-ის თანახმად, 2022 წლის პირველ 4 თვეში სუვებმა და პიკაპებმა გაყიდვების რეკორდი მოხსნეს. გაყიდული სამგზავრო ავტომობილების 72.9% სწორედ ამ ტიპის ავტომობილები იყო. 4.56 მილიონი გაყიდული ავტომობილიდან 3.32 მილიონი ეგზემპლარი სწორედ პიკაპი და სუვი იყო. სუვები ამერიკის ბაზარზე ლიდერია. 72.9%-დამ 53.5% სუვებზე მოდის, 19.4% კი პიკაპებზე.
ეს ციფრები კიდევ ერთხელ მიუთითებს ამერიკული ბაზრის უნიკალურობაზე. ეს იმასაც ხსნის, რატომ ჩამორჩება ელექტრიფიკაციის პროცესი სხვა რეგიონებს. მაგალითად, მთლიანად ევროპას, ან ჩინეთს.
ლიდერი მწარმოებელი Toyota-ა. ის ამ წარმატებას RAV4-ს უნდა უმადლოდეს. ეს ავტომობილი 2021 წელს ყველაზე გაყიდვადი სუვი იყო. Highlander-მა კი მეხუთე ადგილი დაიკავა. 2022 წელს ეს უკანასკნელი მესამე ადგილამდე დაწინაურდა.
სუვების და პიკაპების სეგმენტი ყველაზე სწრაფად იზრდება. ბოლო 4 წელია ეს სეგმენტი გაყიდვებში ლიდერობს. ელექტრო აგრეგატები ნელ-ნელა დიდი ზომის ავტომობილებშიც ჩნდება.
სუვების „წარმატებაში“ დიდი წვლილი ელექტრო Tesla Model Y-მ შეიტანა. 2020 წელს მისი გამოსვლის შემდეგ, Model Y ამერიკის შეერთებულ შტატებში ყველაზე პოპულარული ელექტრო ავტომობილი გახდა. 2022 წლის აპრილში 13-ე ყველაზე გაყიდვადი ავტომობილი იყო და მეშვიდე ყველაზე გაყიდვადი სუვი.
ელექტრო სუვების რიცხვს Ford Mustang Mach-E, Hyundai Ioniq 5 და Kia EV6 უკვე შეუერთდა. მალე Chevrolet Equinox EV და Chrysler Airflow-ც გამოვა.
ელექტრო პიკაპები Ford F-150 Lightning უკვე გამოვიდა. Chevrolet Silverado EV, პირველი ელექტრო Ram-ი და Tesla Cybertruck-ი უკვე გზაშია.