Lamborghini-ის პირველი V12-ს ინჟინერს ყოველ 10 ცხენის ძალაზე დამატებით თანხას უხდიდნენ
Lamborghini-ის ახალ V12 ძრავას ელექტრო აგრეგატის დახმარება ექნება. მიუხედავად იმისა, რომ მწარმოებლის 12-ცილინდრიანი ძრავების გადაშენება ჯერ არ იგეგმება, Lamborghini-სთვის ახალი ეპოქა იწყება. ამ ყველაფრის აღსანიშნავად კი იტალიური ბრენდის პირველი ძრავის ისტორიას გავიხსენებთ, რომელიც 3.5-ლიტრი მოცულობის V12 გახლდათ.
ლეგენდარული ძალოვანი აგრეგატის შესაქმნელად ფერუჩიო ლამბორგინიმ ჯიოტო ბიძარინის მიმართა. ეს ადამიანი ერთ-ერთი საუკეთესო ავტოინჟნერია, ვისაც უცხოვრია. მის მიერ შექმნილი აგრეგატი 350 GT-ში უნდა განთავსებულიყო. ფორმულა კი მარტივი იყო: ფერუჩიოს 3.5-ლიტრი მოცულობის V12 სურდა, რომელიც 350 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა.
კომპანიამ კარგად იცოდა, თუ როგორ იყო მისი მომხმარებელი სიმძლავრეზე შეყვარებული. სწორედ ამიტომ, Lamborghini-მ გადაწყვიტა ბიძარინისთვის ყოველ მომატებულ 10 ცხენის ძალაზე ფულადი დანამატი შეეთავაზებინა.
ფერუჩიომ შედეგი 1963 წლის ივლისში იხილა. ჯიოტომ საქმეს თავი ჩინებულად გაართვა. ძრავას 360 ცხენის ძალა ჰქონდა და წუთში 9 000 ბრუნის შესრულება შეეძლო. ბიძარინიმ ასეთი მონაცემების დასადებად Formula 1-ის ტექნოლოგია გამოიყენა. ეს საკმაოდ დიდი რისკი იყო, რაც Lamborghini-მ სწორად შეაფასა. სამწუხაროდ, კომპანიამ მასობრივი წარმოების საკრუიზო მანქანაში სარბოლო ძრავის ჩადგმაზე უარი თქვა.
ამის შემდეგ, იტალიური კომპანია პაოლო სტანძანის დაუკავშირდა. მას ყოველდღიური გამოყენებისთვის შესაფერისი ძალოვანი აგრეგატის შექმნა სთხოვეს. დავალება რთული იყო - ძრავას სიმძლავრე დაბალ ბრუნებზე უნდა ჰქონოდა.
სტანძანიმ საქმე იდეალურად შეასრულა. მიუხედავად იმისა, რომ მის მიერ შექმნილი აგრეგატი 280 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა, ტაქომეტრზე წითელი ხაზი 6 500-ზე გახლდათ. მაქსიმალური სიჩქარე კი 250კმ/სთ-ს აღწევდა. ეს მონაცემები საკრუიზო ავტომობილისთვის დამაჯერებლად ჟღერდა.
350 GT-ის გამოსვლას ნამდვილი ფურორი მოჰყვა. ამ მოდელის ფლობა ყველას სურდა. გამოსვლისას ის ერთ-ერთი წამყვანი იტალიური ჯაზის ანსამბლის დრამერმა შეიძინა. მოგვიანებით 400 GT გამოვიდა, რომელმაც პოლ მაკარტნის ფარეხში ადგილი დაისაკუთრა.
ყველაზე მთავარი ისაა, რომ ამ V12-მა კომპანიის სამომავლო წარმატებაში დიდი როლი შეასრულა. წლების განმავლობაში ეს ძრავა მოდიფიცირებას გადიოდა. 1990 წლებში, წარმოების დასასრულს, მისი მოცულობა 7-ლიტრამდე იყო გაზრდილი და 500 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა. საბოლოოდ, ამ აგრეგატის კონცეფცია მნიშვნელოვნად შეცვალეს. სტანძანის მიერ შემუშავებულ ძრავასთან მას მხოლოდ 12 ცილინდრი აკავშირებდა. საბოლოოდ, ამ ძრავამ ცხოვრება Murcielago-ში დასრულა.
რომელია თქვენი საყვარელი მოდელი, რომელსაც Lamborghini-ს ლოგო ამშვენებს? დააფიქსირეთ თქვენი აზრი კომენტარებში.