Aa
Aa

7 წლის ბიჭმა მშობლებს ავტომობილი მოჰპარა

ბავშვებს ხშირად ცელქობა ახასიათებთ. მათ ბევრი რამის გაფუჭება და ექსპერიმენტების ჩატარება უყვართ. თუმცა, საბედნიეროდ, ავტომობილებს იშვიათად იპარავენ.

დღეს 7 წლის დენიელ ვიტენბაქზე უნდა მოგიყვეთ, რომელსაც მანქანები ძალზედ იტაცებს. პატარა ავტომოყვარულს რამდენიმე დღის წინ ალიონზე გაეღვიძა. მის მშობლებს ეძინათ. სათამაშოებით თამაშისას კი კართან ჩამოკიდებული მანქანის გასაღები დაინახა. ამ მომენტში პატარა დენიელის გონებაში იდეალური იდეა დაიბადა. მალე ბიჭუნა Kia Sportage-ის საჭესთან იჯდა და უსაფრთხოების ღვედს იკეთებდა.

დანარჩენი სალონში დამაგრებულმა კამერამ დააფიქსირა. პატარა ავტომოყვარულმა თავის სახლთან არსებულ გზატკეცილზე გავლა მოინდომა. ეს ყველაფერი კარგად არ დასრულებულა. ვიტენბაქების ვაჟი სატერფულებს ძლივს სწვდებოდა და არც კი იცოდა რას აკეთებდა. ინტერვიუში მან თქვა, რომ ავტომობილი „თავისით მიდიოდა“. რა თქმა უნდა, დენიელ - ავტომობილი თავისით დაიქოქა, ხელის მუხრუჭი ჩაიწია და გადაცემათა კოლოფი P-დან D-ში გადაირთო.

ეზოს დატოვებიდან მალევე, ბიჭუნა ბზის ჩქაროსნულ მონაკვეთზე აღმოჩნდა. საპირისპირო მიმართულებით მოძრავ მანქანას ყველამ ყურადღება მიაქცია და მიხვდნენ რაშიც იყო საქმე. თვითმხილველებმა 911-ზე მყისიერად დარეკეს.

პოლიციისა და მაშველების გამოჩენამდე პატარა დომინიკ ტორეტოს შეჩერება უბრალო ადამიანებმაც სცადეს. მათ შუშის ჩამტვრევა, ავტომობილში მოხვედრა და გაჩერება განიზრახეს. სამწუხაროდ, არაფერი გამოვიდა. საბოლოოდ, დენიელის თავგადასავალი Jeep Liberty-თან მსუბუქი შეჯახებით დასრულდა.

საბედნიეროდ, ბავშვი უვნებელი გადარჩა. დენიელი კარგად გაერთო, მაგრამ გარშემომყოფებმა შეაშინეს. ამიტომაც, მანქანიდან ტირილით გადმოიყვანეს.

თუმცა, ეს ისტორია აქ არ დასრულებულა. Butler Country Children’s Service-ი მომხდარით დაინტერესდა და გამოძიება დაიწყო. დენიელის მამას მიაჩნია, რომ ხალხი მათ ცუდ მშობლებად მიიჩნევს. ამ ყველაფერს კი თავად არ ეთანხმება. მისი აზრით, ასეთი რამ შესაძლოა ყველას შეემთხვეს.

ეთანხმებით დენიელის მამას? იქნებ თავად გქონიათ მსგავსი შემთხვევა? დააფიქსირეთ თქვენი აზრი კომენტარებში.

მსგავსი სიახლეები