Aa
Aa

პოლიციამ ეჭვმიტანილი ჯეიმს ბონდის სტილის სანომრით დააკავა

აშშ-ში პოლიციამ ორი ეჭვმიტანილი დააკავა, რომელიც ძარცვებისას Mercedes-Benz-ს იყენებდნენ. ფაქტის შესახებ პოლიციას ინფორმაცია ირვინის მაცხოვრებლებმა მიაწოდეს. მანქანის შემოწმებისას კი აღმოჩნდა, რომ კრიმინალები სერიოზულ აღჭურვილობას იყენებდნენ. მათ ხელთ არსებული ერთ-ერთი მოწყობილობა კი ბონდის სტილის სანომრე გახლდათ.

„ეჭვმიტანილის ავტომობილი აგენტი 007-ის სამყაროდან იყო. ოფიცრებმა იპოცეს მოწყობილობა, რომელსაც ნომრის ამოტრიალება შეეძლო,“ - აცხადებენ პოლიციაში.

შემთხვევის გამოვლენის შემდეგ პოლიციის დეპარტამენტმა ინტერნეტსივრცეში ვიდეოც გაავრცელა, სადაც ამ მოწყობილობის მუშაობაა ასახული. კადრებში ჩანს, თუ როგორ მოძრაობს ჩარჩო და როგორ ატრიალებს მანქანის სარეგისტრაციო ნომერს. შთამბეჭდავია, არა?

მძარცველები ამ ფუნქციონალს მაშინ იყენებდნენ, როდესაც ავტომობილი პოლიციის ყურადღების ცენტრში მოხვდებოდა. თუმცა, ამ Mercedes-ის იდენტიფიცირება დისკებითაც შეიძლებოდა. მოდელი არაქარხნული, დიდი და თეთრი დისკებით იყო აღჭურვილი.

ავტომობილში დამატებით საწვავის გადასასხმელი მოწყობილობაც იყო. მისი დახმარებით მძარცველები სხვა მანქანებიდან ბენზინს ისე იპარავდნენ, რომ საწვავი პირდაპირ ავზში ისხმებოდა. როგორც ჩანს, კრიმინალური საქმეებისთვის ეს ადამიანები სხვისი საწვავით დადიოდნენ. რა ექნათ? საწვავის ფასი ჯიბეს სერიოზულად ურტყამს! კალიფორნიაში გალონი ბენზინის ფასი დღეს რეკორდულ ნიშნულზეა.

პოლიციელებმა ამ ავტომობილიდან სპეციალური ხელსაწყოები და მოპარული ნივთებიც ამოიღეს. ორივე ეჭვმიტანილი დაკავებულია და მაღალი ალბათობით სასჯელი უახლოეს დღეებში დაეკისრებათ.

ეს არის მაგალითი იმისა, თუ რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ფილმებს ხალხის ცხოვრებაზე. არსებობენ ადამიანები, რომლებიც გამოგონილი პერსონაჟების როლს საჭიროების შემთხვევაში ირგებენ.

რას იტყვიან საქართველოში მომხდარზე? არაფერს, გარდა იმისა, რომ ჯეიმს ბონდის ფილმები უბრალოდ ასაკრძალია...

მსგავსი სიახლეები