Chevrolet, Bel Air, გათანამედროვებული მოდელი
Aa
Aa

1954 წლის Chevy Bel Air-ი 640-ცხენისძალიანი მონსტრია

მართვის საუკეთესო გამოცდილებისთვის მოდელი GM-ის 8-სიჩქარიანი ავტომატური კოლოფითაა აღჭურვილი.

ავტომობილების გათანამედროვება ახალი ტრენდია. ეს სიტყვა, თავისი არსით, რესტავრაციას და მოდიფიცირებას გულისხმობს. შედეგი კი ხშირ შემთხვევაში გასაოცარია ხოლმე. ამ დროს ვინტაჟურ გარეგნობაში ახალი სული იღვიძებს, რაც საოცარი სანახავია. შეგრძნება კი კიდევ უკეთესია, რისი შანსიც ბევრს არ ეძლევა.

ამ სფეროში ერთ-ერთი მოწინავე კომპანია აშშ-ში დაფუძნებული ბრენდი - Retro Design-ია. ჩრდილოეთ კაროლინაში მოქმედ ფარეხს დენიელ ვალჟევაჩი ლიდერობს. კომპანიის უახლესი პროექტი კი 350 000$-ად არის შეფასებული. ის 1954 წლის Bel Air-ზეა დაფუძნებული და ფენომენალურად გამოიყურება.



1954 წლის Bel Air-ის გათანამედროვება საკმაოდ იშვიათი შემთხვევა გახლავთ. ასეთი პროექტებისთვის, ძირითადად, 1955-1957 წლებში გამოშვებულ ეგზემპლარებს იყენებენ. თუმცა, ვალჟევაჩს განსხვავებული შედეგის მიღება სურდა. სწორედ ამიტომ, 1954 წლის მოდელი შეარჩიეს. მიზანი კი მკაფიო იყო - მანქანის თავდაპირველი დიზაინი უნდა შენარჩუნებოდა, ხოლო თანამედროვე ინჟინერიით უფრო სასიამოვნო გამოსაყენებელი უნდა გამხდარიყო.

კომპანიამ საქმე ამერიკულად შეასრულა. როცა ვამბობთ „ამერიკულად“, ამ ცისფერი Bel Air-ის LT4 V8 ძრავას ვგულისხმობთ. აგრეგატი ცივი ჰაერის მიწოდების სისტემით არის აღჭურვილი და 640 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. სიმძლავრეს 8L90 8-სიჩქარიანი ავტომატური კოლოფი ანაწილებს. GM-ის ეს ტრანსმისია სიჩქარეთა მონაცვლეობის სირბილით არის გამორჩეული. 640 ცხენის ძალის მოთოკვას კი 4-დგუშიანი სამუხრუჭე სისტემა უზრუნველყოფს.


ალბათ, სურათიდან შეამჩნევდით, რომ ავტომობილი პნევმატიკური დაკიდებით არის აღჭურვილი. დგომის ულამაზეს სტილს Boze-ის 20-იანი დისკები საოცრად უხდება. წინა წყვილზე 245/35/20, ხოლო უკან 345/30/20 ზომის საბურავებია გადაკრული. სპეციალური შეკვეთით არის დამზადებული გამშვები სისტემაც.

ამ „პატარა“ ელემენტების ჯამი საოცარ სისტემას ქმნის. ეს 1954 წლის Bel Air-ი ხელოვნების მოსიარულე ნიმუშია. ხელოვნების ნიმუშებში კი თანხებს არ ზოგავენ.

მსგავსი სიახლეები