Aa Aa
28 მაისი 2022  |  13:58

ეს 1995 წლის BMW 850 Ci Individual-ი აუცილებლად მოგეწონებათ

E31 თაობის BMW 8-Series-ი უკვდავი დიზაინის მქონე მოდელად ითვლება. ეს ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ავტომობილია, რომელსაც ბავარიული მწარმოებლის ლოგო დაუმშვენებია. ახლა კი ჩეხეთში ერთ გამორჩეულ ეგზემპლარს ყიდიან, რომლის საკუთარ ფარეხში დაყენებაც უამრავი ავტომოყვარულის ოცნებაა.

სურათებზე 1995 წლის 850 Ci-ა გამოსახული, რომელიც რამდენიმე მიზეზითაა განსაკუთრებული. პირველ რიგში, ეს ავტომობილი საკმაოდ იშვიათია. BMW-მ 1994-1999-წლებში 850 Ci-ს მხოლოდ 1 200 ეგზემპლარი გამოუშვა. ეს E31 8-Series-ი ყველა სხვა ვერსიაზე ნაკლებია.



მეორეს მხრივ, ავტომობილი 850i-ის 5-ლიტრიანი 300-ცხენისძალიანი V12-ის ნაცვლად, 5.4-ლიტრიანი 322-ცხენისძალიანი V12-ით იყო აღჭურვილი. სიმძლავრე 5-სიჩქარიანი ავტომატური კოლოფით უკანა ბორბლებზე ნაწილდებოდა. ეს 5.4-ლიტრიანი ძრავის ყველაზე მძლავრი ვერსია გახლდათ.

სურათზე ნაჩვენები მოდელი კი იმითაც არის გამორჩეული, რომ Individual-ია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მანქანა სპეციალური შეკვეთით დაამზადეს. ინდივიდუალურობას მერვე სერიის სალონი გამოხატავს, რომელიც ორ ფერში არის გადაწყვეტილი. BMW-ს Tobagoblau-ს ლურჯ ფერში ხალიჩები, კარების შიდა პანელები და ინტერიერის სხვადასხვა დეტალებია შეღებილი. ეს ლურჯი ფერი M დივიზიის ავტომობილებისთვისაა შექმნილი. ეს „რვიანი“ კი M-ი არ არის.



ავტომობილის მდგომარეობა სურათებიდანაც კარგად ჩანს. მოდელი წუნდაუდებლად გამოიყურება. ოდომეტრზე 87 831 კილომეტრია გამოსახული. მფლობელი კი მანქანას გეგმურ სერვისს დროულად უტარებდა. შედეგად, ეს მერვე სერია ისე გამოიყურება, თითქოს საწარმოო ხაზი გუშინ დატოვა. სამწუხაროდ, მეპატრონეს მისი გაყიდვა უწევს. აუქციონზე გატანილი მანქანის ფასი, სტატიის წერის მომენტში, 20 000$-ს აჭარბებს.

თუ ამ მოდელის ექსკლუზიურობას, კომპლექტაციას და დატვირთვას გავითვალისწინებთ, უნდა ვივარაუდოთ, რომ მისი ღირებულება სამომავლოდ უფრო გაიზრდება. მეორეული ავტომობილების ბაზარი კი ადასტურებს, რომ ექსკლუზიური და გამორჩეული ავტომობილების შეძენა ერთ-ერთი საუკეთესო ინვესტიციაა.

გაზიარება: