ლუის ჰამილტონი: „რბოლაში ცალი ხელით ვმონაწილეობდი და ის ჩემპიონატი მოვიგე“
ლუისმა ბავშვობის გამოცდილება გაიხსენა.
ესპანეთის გრან პრიზე პირველ წრეზე ერთმანეთს ლუის ჰამილტონი და კევინ მაგნუსენი შეეჯახნენ. შეჯახების შემდეგ, ჰამილტონს პიტებში შესვლა მოუწია. ტრასაზე დაბრუნებული 7-გზის მსოფლიო ჩემპიონი თავისი პოზიციით უკმაყოფილო იყო. რადიოში თქვა, რომ რბოლის გაგრძელების აზრს ვერ ხედავდა. გუნდმა ტრასაზე დარჩენა ურჩია. უთხრეს, რომ ქულებში შესვლის შანსი რბოლის ბოლომდე ისევ ჰქონდათ. ლუისი ტრასაზე დარჩა და საბოლოოდ მეხუთე პოზიციაზე გავიდა!
ჰამილტონს ამ ეპიზოდმა თავისი ბავშვობა გაახსენა. მან „ინსტაგრამზე“ სამოტივაციო ტექსტი გამოაქვეყნა:
„15 წლის რომ ვიყავი, ველოსიპედიდან გადმოვვარდი და მაჯა დავიზიანე. მეორე დღეს ხელი ისე მტკიოდა, რომ ექიმთან ჩემით წავედი. ექიმებმა მითხრეს, რომ ხელი მოტეხილი იყო და თაბაშირი მჭირდებოდა. European Formula A-ში მონაწილეობა ახალი დაწყებული მქონდა და ეს იმას ნიშნავდა, რომ გამოსვლას ვეღარ შევძლებდი. შემეშინდა, რომ McLaren-თან კონტრაქტს დავკარგავდი. გავაკეთე ის, რაც უნდა გამეკეთებინა. მოვიხსენი თაბაშირი და მსუბუქი დავიდე. რბოლაში ცალი ხელით ვმონაწილეობდი. ის ჩემპიონატი მოვიგე. მაშინ ვისწავლე, რომ თუ ბოლომდე ვიბრძოლებ, ყველაფერს შევძლებ. იქნება ეს დაზიანებული მაჯით რბოლა თუ პელეტონის ბოლოდან გზის გაკვლევა, რაც ბოლო კვირას გავაკეთე. ეს თქვენც გეხებათ. იბრძოლეთ იმისთვის, რაც გსურთ. გამოგივათ“, - წერს ლუისი.
ბრიტანელმა პილოტმა ესპანეთის გრან პრიზე მეცხრამეტე პოზიციიდან მეხუთე ადგილას გასვლა შეძლო და „დღის პილოტის“ წოდებაც დამსახურებულად მიიღო.