Speedkore-მ ეს 1 000-ცხენისძალიანი Charger-ი Stellantis-ის ერთ-ერთ უფროსს შეუქმნა
1969 წლის Dodge Charger-ი ამერიკული კლასიკური ავტომობილის ერთ-ერთი სიმბოლოა. ამ მოდელს უამრავი გულშემატკივარი ჰყავს და ბევრი თავის საოცნებო მანქანადაც მიიჩნევს. თუმცა, როდესაც Charger-ის გადაკეთებას SpeedKore იწყებს, ყბა ჩამოვარდნისთვის უნდა გაამზადოთ. სურათებზე თქვენ 1 000-ცხენისძალიან მონსტრს ხედავთ, რომელსაც მთლიანი კორპუსი კარბონის აქვს და Hellucication-ი ჰქვია.
1 000 ცხენის ძალის აკუმულირებაში მხოლოდ Hellephant V8 და ZF-ის 8-სიჩქარიანი კოლოფი არ თამაშობს დიდ როლს. ასეთი კოლოსალური სიმძლავრის წარმოებაში 3-ლიტრიან კომპრესორს უდიდესი გავლენა აქვს. ძალოვანი აგრეგატის სრული ძალა უკანა ბორბლებზეა მიმართული.
SpeedKore-ს 1968 წლის Charger-ის კორპუსი მთლიანად კარბონისაა. პანელები სპეციალური შეკვეთით არის დამზადებული. კომპანია მაქსიმალურად შეეცადა, რომ ავტომობილი მსუბუქი მასალებით აეწყო. შედეგად, ის არამხოლოდ მსუბუქი, არამედ ძალზედ აგრესიული შესახედაობის გამოვიდა. ვიზუალზე ამშვენებს HRE-ის დისკებიც, რომლის წინა წყვილიც 19-იანია, ხოლო უკანა 20-იანი. სიმძლავრის ასფალტზე გადმოტანას Michelin Pilot Sport 4S-ი იღებს თავის თავზე, რომლის უკანა წყვილების ზომაც სიგანეში 345-ია.
1 000 ცხენის ძალის მოთოკვას Brembo-ს უახლესი, 6-დგუშიანი სუპორტები უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის მოქმედების შესახებ გარშემომყოფებს სპეციალურად დამზადებული LED-ი მაშუქები ანიშნებს. აგრეგატის მხეცური ხმის გასაჟღერებლად SpeedKore-მ გამშვებ სისტემაზე თავად იმუშავა.
როგორც სათაურიდან გაიგეთ, ეს Charger-ი კომპანიამ Stellantis-ის ერთ-ერთი ხელმძღვანელის, რალფ გაილსისთვის შექმნა. ეს ადამიანი უდიდესი კომპანიის დიზაინის დირექტორია. რალფი ამ ავტომობილის შექმნაშიც ჩაერია. ინტერიერის გაფორმება მისი გემოვნებისა და სურვილების მიხედვით განხორციელდა.
რთულია დღეს „ამერიკული კუნთების“ ისეთ მოდელს გადააწყდე, რომელიც გაკვირვებას გამოიწვევს. თუმცა, Hallucication-ი ამას მაინც ახერხებს.
ცნობისთვის, რალფ გაილსი ის ადამიანია, რომელმაც Dodge Magnum-ის, Chrysler 300C-ისა და განახლებული Dodge Viper-ის დიზაინი შექმნა.