Gordon Murray T.50-ს უსაფრთხოების ტესტირებისთვის აწამებენ
გლობალური ჰომოლოგაციური სტანდარტები საშინელი რამაა. ეს ის ნორმებია, რომელსაც ყველა საწარმოო ავტომობილი უნდა აკმაყოფილებდეს. მათ შორის, იშვიათი გამოშვების „სუპერქარებიც“. ახლახან კი Gordon Murray Automotive-მა (GMA) ვიდეო გაასაჯაროვა, რომელშიც T.50-ს უსაფრთხოების ტესტირებისთვის აწამებენ. ამ კადრების ნახვა კი ნამდვილად რთულია.
ტესტირების ამ ეტაპზე GMA-ს მძღოლი დარიო ფრანჩიტი უსაფრთხოების ბალიშებს სცდის. გერმანიაში ჩატარებული კვლევის მიზანია იმის დამტკიცება, რომ უსაფრთხოების ბალიშები არასაჭირო დროს არ იხსნება. შედეგად, მანქანა გზის უზარმაზარ ორმოებზე, რელსებზე და ქვებზე გამოცადეს. ექსტრემალურმა ტესტირებებმა ტრამპლინზე ახტომაც მოიცვა.
გამოსაცდელმა პროტოტიპმა, სახელად XP1-მა, ყველაფერს გაუძლო. ეს ის ავტომობილია, რომელიც სატესტოდ მთელი წლის განმავლობაში გამოიყენებოდა. მალე მას სერვისის ტექნიკოსებს ჩააბარებენ. შემდეგ კი მუზეუმის ექსპონატად მოგვევლინება.
T.50 ერთ-ერთი უკანასკნელი ანალოგური „სუპერქარი“ იქნება. ის 3.9-ლიტრიანი V12-ით არის აღჭურვილი, რომელსაც წუთში 12 100 ბრუნის შესრულება შეუძლია. Cosworth-ის გიჟური აგრეგატი 654 ცხენის ძალასა და 466 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებს. თანამედროვე სტანდარტებით, ეს შესაძლოა ცოტა მოგეჩვენოთ, თუმცა ავტომობილი თავისი ზომებიდან გამომდინარე ძალზედ სწრაფი იქნება. სიმძლავრე 6-სიჩქარიანი მექანიკური ტრანსმისიით ნაწილდება.
Gordon Murray-მ T.50 უკან დამაგრებული ვენტილატორით შექმნა. ეს დეტალი Brabham TB46B ბოლიდის დიზაინის შთაგონება გახლავთ. 15.7-დუიმიანი საგრილებელი მიმჭერ ძალას წარმოშობს და აეროდინამიკურ წინაღობას ამცირებს. ეს მისი მოქმედების რეჟიმზეა დამოკიდებული.
ჯამში სულ T.50-ის 125 ეგზემპლარი შეიქმნება. მათგან 100 საგზაო მოდელები იქნება, ხოლო 25 T.50 Niki Lauda ტრეკის ვერსიებად გამოვა. ფასი 3.26 მილიონი დოლარიდან იწყება და ყველა ეგზემპლარი გაყიდულია.