Z4-ში შენიღბული ამერიკელი - BMW მონსტრი ძრავით
Aa
Aa

Z4-ში შენიღბული ამერიკელი - BMW მონსტრი ძრავით

თანამედროვე ავტოინდუსტრიაში მანქანებში სხვა ძრავების ჩადგმა აღარავის უკვირს. დრიფტქარების აწყობისას ამერიკული LS ძრავები და იაპონური 2JZ-GTE ყველაზე ცხადი არჩევანია. აიკი კრაუსისთვის ეს ზედმეტად ბანალური არჩევანი აღმოჩნდა.

კრაუსს დრიფტ ბოლიდის აწყობა V10 ძრავით სურდა. დრიფტისთვის რამდენიმე მნიშვნელოვანი მახასიათებლის გამო პროექტისთვის მან BMW Z4 აირჩია, თუმცა გადამწყვეტი ფაქტორი Z4-ის „დიდი ცხვირი“ აღმოჩნდა. Z4-ის ძრავის სივრცეში V10-ის ჩადგმა შესაძლებელი იყო. პირველი, რაც თქვენ, მკითხველს, შეიძლება აზრად მოგივიდეთ, არის BMW M5-ის ატმოსფერული 507 ცხენისძალიანი ძრავა. მაგრამ, კრაუსი BMW-ს V10-ს თავისი საპროექტო ავტომობილისთვის არც კი განიხილავდა. მისთვის ერთადერთი გონივრული არჩევანი Dodge Viper-ის 8,3-ლიტრიანი V10 ძრავა იყო.

კრაუსი თავის არჩევანს მარტივად ხსნის. გერმანელს 8,3-ლიტრიანი V10 ძრავა „ვაიპერის“ პირველი გატარებისთანავე შეუყვარდა. ამის მიზეზი კი მუდმივი და უზარმაზარი მაბრუნი მომენტი იყო. „ვაიპერის“ V10 1500 ბრუნზე 675 ნმ მაბრუნ მომენტს აწარმოებს,ხოლო მაქსიმალურ 712 ნიუტონს 4200 ბრუნზე ავითარებს, როდესაც BMW-ს (S85) V10 2000 ბრუნზე , „ვაიპერთან“ შედარებით, მოკრძალებულ 390 ნმ-ს გამოიმუშავებს. როგორც ყველამ ვიცით, დრიფტში მაბრუნი მომენტი ერთ-ერთი უპირატესი მაჩვენებელია.

აიკმა ძრავა დამტვრეული Dodge RAM SRT-10-სგან აიღო. ძრავას Tremec (T-56) 6-სიჩქარიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფი დაუმატა. იმისათვის, რომ ძრავა და გადაცემათა კოლოფი Z4-ს მორგებოდა, ავტომობილის ძარაში სერიოზული ცვლილებები შეიტანეს. უპირველეს ყოვლისა ე.წ. ეკრანი ამოჭრეს და აგრეგატები უფრო ღრმად სალონში გადაიტანეს.

Dodge-თან შედარებით Z4-ის ძრავის სივრცე უფრო პატარაა. იმისათვის, რომ 8,3- ლიტრიანი V10 ძრავის სივრცეში თავისუფლად ჩატეულიყო, ახალი ინდივიდუალურად შექმნილი გამონაბოლქვის სისტემა და ძრავის თავაკები შეიმუშავეს. გამონაბოლქვის სისტემა ელექტრონული სარქველებით არის აღჭურვილი, რათა ქალაქის პირობებში ძრავის ხმა გარშემომყოფთათვის შემაწუხებელი არ იყოს. 3800-დან კი ძრავას მეორე სუნთქვა ეხსნება და ღრიალს იწყებს.

იმისათვის, რომ „ვაიპერის“ ძრავა BMW-ს შასის მორგებოდა, ზეთის ავზი შეავიწროვეს, თუმცა ავზის მოცულობა ქარხნული 6 ლიტრიდან 8 ლიტრამდე გაზარდეს. ძრავის მაბრუნი მომენტი კერამიკული SPEC Stage 3 გადაბმულობით და ალუმინის კარდანით უკანა ღერძს გადაეცემა. E92 M3-ის დიფერენციალი კი სტაბილური დრიფტისთვის არის საჭირო. ახალი მომატებული ცხენების დასამორჩილებლად კი ეფექტური Brembo-ს 6-დგუშიანი სამუხრუჭე სისტემა დააყენეს.

პროექტი 2017 წლის 16 ნოემბერს დასრულდა. ოფლისმღვრელი 5-წლიანი წვალების შედეგად 1398-კილოგრამიანი Z4 „ვაიპერის“ 8,3-ლიტრიანი V10 ძრავით გამოვიდა, რომელიც 542 ცხენისძალას და 750 ნმ მაბრუნ მომენტს აწარმოებს. 52-48 წონის გადანაწილება კი ხარისხიანი და სტაბილური დრიფტისთვის იდეალური აღმოჩნდა. აღნიშნული პროექტი eBay-ს აუქციონზე 49 500 ევროდ გაიყიდა.

ეს კონკრეტული მოდელი განსხვავებული სტილით და ძნელად ხელმისაწვდომობით ყოველთვის გამოირჩეოდა. თავის სპორტულ მონაცემებთან ერთად, ყოველთვის გლამურული დატვირთვაც ჰქონდა, მაგრამ ავტომოყვარულების სამყაროში კრაუსის მსგავსი ადამიანები ყოველთვის გამოჩნდებიან, რომლებიც მხოლოდ დიდ შედეგებზე არიან ორიენტირებულები და ავტომობილის სტატუსი ნაკლებად აინტერესებთ.

 ავტორი: გერმან ბუხალცევი

მსგავსი სიახლეები