Mercedes-Benz, მექანიკური გადაცემათა კოლოფი
Aa
Aa

Mercedes-ი მექანიკურ გადაცემათა კოლოფებს ემშვიდობება

2023 წლიდან Mercedes-ის ავტომობილებიდან მესამე სატერფული გაქრება.

ბოლო 5 წლის განმავლობაში ავტომწარმოებლებმა ნელ-ნელა თავისი ავტომობილებიდან მექანიკური გადაცემათა კოლოფების გაქრობა დაიწყეს. 2021 წლისთვის Mercedes-ი მექანიკურ გადაცემათა კოლოფს თავისი ავტომობილების ნახევარში გვთავაზობდა. 2023 წელს კი გერმანული ავტომწარმოებელი მხოლოდ ავტომატურ გადაცემათა კოლოფის გამოყენების სტრატეგიაზე გადადის. ეს იმას ნიშნავს, რომ Mercedes-ი ერთ-ერთი პირველი იქნება, ვინც მექანიკურ გადაცემათა კოლოფებზე უარს იტყვის.

კომპანიის პრესსპიკერმა ახალი სტრატეგია განმარტა. მოდელები, რომლებიც ჯერ კიდევ მექანიკური გადაცემათა კოლოფით გამოდის, ისევ ამ კოლოფით იქნება, სანამ ამ მოდელების წარმოება არ შეწყდება. ამ ეტაპზე Mercedes-ი მექანიკურ გადაცემათა კოლოფებს შედარებით მცირე ზომის მოდელების საბაზისო ვერსიებში გვთავაზობს.

ახალი სტრატეგია ახალ თაობებში ნელ-ნელა იკვეთება. მაგალითისთვის, W205 თაობის C-Class-ში ჯერ კიდევ მექანიკური გადაცემათა კოლოფი იყო. 2022 წლის W206 კი უკვე მხოლოდ ავტომატური გადაცემათა კოლოფითაა ხელმისაწვდომი.

Mercedes-ის პრესსპიკერმა განმარტა, რომ „ელექტრიფიკაციის ზრდასთან ერთად, კლიენტების მოთხოვნაც იცვლება“. ამჟამად მექანიკური გადაცემათა კოლოფი A, B, და CLA-Class-ის საბაზისო მოდელებს აქვს. ეს მოდელები 2018 წლიდან გამოდის ამიტომ, სავარაუდოდ, მათი წარმოება შემდეგ წელს შეწყდება. მათ შთამომავლებს კი მესამე სატერფული აღარ ექნება.  

მსგავსი სიახლეები