2023 წლის AMG One – 1 049 ცხენის ძალა 1.6-ლიტრიანი V6 ჰიბრიდიდან
Mercedes-AMG Project One კონცეპტუალური მანქანის (ქვემოთ, პირველივე სურათი) დებიუტიდან თითქმის 5 წლის შემდეგ Mercedes-AMG One-ის საწარმოო მოდელი გამოჩნდა. ამ ჰიპერავტომობილის გამოსვლას უამრავი ავტომოყვარული მოუთმენლად ელოდა. F1-ის ერთ-ერთმა ყველაზე წარმატებულმა გუნდმა ამ One-ის ჰიბრიდულ ძალოვან აგრეგატზე ბევრი იმუშავა. საბოლოო შედეგი კი ისაა, რომ ავტოსპორტის შთაგონებით შექმნილი გიჟური მოდელი 1 049 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.
Mercedes-AMG One-ი 2017 წელს წარდგენილ კონცეპტუალურ მოდელს ძალზედ ჰგავს. სახურავზე დარჩენილია ჰაერის უზარმაზარი შემშვები, აგრესიული წინა ფრთები, კარები მაღლა იღება, ხოლო უკანა სპოილერი აქტიური გახლავთ. თუმცა, თუ ავტომობილს უკეთ დააკვირდებით, ოდნავ შეცვლილ უკანა მხარეს მაინც შეამჩნევთ. LED-ი მაშუქების მაღლა უფრო გამოკვეთილი ტუჩია. განსხვავებული ფორმები აქვს დიფუზორსაც, რომელშიც F1-ის შთაგონებით შექმნილი მაყუჩებია ჩასმული. გარდა ამისა, ზომაში გაიზარდა ექსტერიერის სარკეებიც.
ყველაზე თვალშისაცემი განსხვავება 10-ქიმიანი ალუმინის ნაწრთობი დისკებია, რომელსაც კარბონისგან დამზადებული აეროდინამიკური ხუფები აქვს. ეს დისკები ექსკლუზიურად ამ ჰიპერავტომობილისთვის დაამზადეს და ის Mercedes-ის მოდის მატარებელია. კომპანია მომხმარებელს 9-ქიმიან დისკებსაც სთავაზობს, რომელიც მაგნიუმისგან არის დამზადებული.
აქტიური, ჰიდრავლიკურად კონტროლირებად აეროდინამიკურ სისტემას სამი სხვადასხვა რეჟიმი აქვს. „Highway” ზოგადი გამოყენებისაა, რა დროსაც საჰაერო ჟალუზები დახურულია, ხოლო უკანა ფრთა წაგრძელებული. „Track-ის“ რეჟიმში ეს ჭკვიანი სისტემები 5-ჯერ უფრო მეტ მიმჭერ ძალას წარმოშობს. ამ დროს საჰაეროები ღიაა, უკანა ფრთა ბოლომდე იშლება, ხოლო დაკიდების სისტემა 3 სანტიმეტრით დაბლა იწევს. მესამე რეჟიმი „Race DRS-ია“, რა დროსაც შუბლური წინაღობის კოეფიციენტი 20%-ით მცირდება. „Race DRS-ი“ მაქსიმალური სიჩქარის განვითარებისთვის გამოიყენება. სისტემა ავტომატურად ითიშება, როდესაც მძღოლი მუხრუჭებს აგრესიულად გამოიყენებს, ხოლო სწრაფი აქსელერაციისას თავისით ირთვება.
ახლა, ყველაზე საინტერესო ნაწილზე გადავიდეთ. AMG One-ი E Performance-ის მიერ შექმნილი ჰიბრიდული აგრეგატით არის აღჭურვილი, რომელიც ჯამში 1 049 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. თავისი არსით, ძალოვანი სისტემა შიგაწვის ძრავასა და ოთხ ელექტრო აგრეგატს აერთიანებს. 1.6-ლიტრიანი V6 მანქანის შუაშია განთავსებული. ის ელექტრო ტურბინით, ოთხი ზედა განლაგების აირგამანაწილებელი ლილვით, წუთში 11 000 ბრუნით, საწვავის პირდაპირი და მრავალწერტილოვანი შეფრქვევით ხასიათდება. მანქანამ ეს სისტემა პირდაპირ Mercedes-ის F1-დან მიიღო. შედეგად, მხოლოდ ეს აგრეგატი 574 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.
რაც შეეხება ელექტრო აგრეგატებს, ერთი 161-ცხენისძალიანი ძრავა მუხლა ლილვზე დგას, მეორე 121-ცხენისძალიანი აგრეგატი ტურბინასთან, ხოლო წინა ღერძთან დანარჩენი ორი ელექტრო ძრავაა განთავსებული. მათი სიმძლავრე, ჯამურად, 326 ცხენის ძალას უდრის. AMG-ი ამტკიცებს, რომ ეს ჰიბრიდული V6 ატმოსფერულ V8-ზე უფრო ფიცხია. ეს ელექტრო ტურბინის მეშვეობით მიიღწევა, რომელსაც მაბრუნი მომენტი დაბალ ბრუნებზე აქვს.
ერთმანეთისგან განსხვავებულად მუშაობს წინა და უკანა ღერძები. უკანა ბორბლებზე ძალის განაწილებას უახლესი 7-სიჩქარიანი ავტომატური კოლოფი უზრუნველყოფს. ხიდი თვითბლოკირებადია. წინა ღერძს კი ორმაგი ელექტრო აგრეგატი ატრიალებს. ამ ყველაფერს AMG Performance-ის 4Matic+ სისტემა ემატება. შედეგად, მანქანას გზაზე საოცარი მოჭიდება აქვს. აგრეთვე, ავტომობილის შენელებისას იმუხტება მაღალი წარმადობის, მსუბუქი ლითიუმ-იონური ბატარეები. ბატარეებს გაგრილების პირდაპირი სისტემა გააჩნია.
აეროდინამიკურ რეჟიმებთან ერთად, მძღოლი მართვის 6 რეჟიმიდან გააკეთებს არჩევანს. პირველი ყველაზე საინტერესოა, რომელსაც Race Safe ჰქვია. ამ დროს მანქანა ჩვეულებრივ რეჟიმში ივლის და უფრო მეტად ელექტრო აგრეგატებს დატვირთავს. Race-ში მანქანა ჰიბრიდულად იმუშავებს. EV-ი სრულად ელექტრო რეჟიმია. Race Plus-ში ძალოვანი აგრეგატი მძღოლს ჰიბრიდულად მოემსახურება, აეროდინამიკა კი აქტიური იქნება. ყველაზე აგრესიული მოწყობა კი Strat 2-ა. ამ დროს გზაზე მაქსიმალური სიმძლავრე დაიტანება, ხოლო შასი ყველაზე აგრესიულ ხასიათს იღებს. ეს რეჟიმი სარბოლო ტრეკზე გადაადგილებისთვის გამოიყენება. ასევე გვაქვს Individual-ი, რაც მძღოლს თავისი გემოვნების და სურვილების მიხედვით ავტომობილის კონფიგურაციის შექმნის საშუალებას აძლევს. ბოლო, Race Start-ი კი მანქანას 0-დან 200კმ/სთ-მდე 7 წამში აჩქარებს. სამწუხაროდ, რა დროს სჭირდება AMG One-ს 0-დან 100-მდე - არ ვიცით. თუმცა, ვიცი ის, რომ მისი მაქსიმალური სიჩქარე 352 კმ/სთ-მდე ელექტრონულად არის შეზღუდული. ეს კი სრული სიგიჟე გახლავთ.
იმისათვის, რომ სარბოლო ავტომობილის ჰიბრიდულ სისტემას გამონაბოლქვის რეგულაციები დაეკმაყოფილებინა Mercedes-მა ოთხი კატალიზატორი, ორი კატალიზური ნეიტრალიზატორი, საწვავის ორი ფილტრი და ტიტანისგან დამზადებული მაყუჩები გამოიყენა. წარმოიდგინეთ, რამდენად კომპლექსურია ამ მანქანის ინჟინრული დეტალები.
AMG One-ი ძვირადღირებული მასალებითაა დამზადებული. ის კარბონის მზიდ ძარაზეა დაფუძნებული და წინა და უკან ალუმინის ქვეჩარჩოები აქვს. ძალზედ მსუბუქია ალუმინის დისკებიც, რომელზეც Michelin Pilot Sport Cup 2R საბურავებია გადაკრული. ზომა წინ 285/35/19, ხოლო უკან 335/30 R20 გახლავთ.
ინტერიერი მინიმალისტური დიზაინისაა. სალონში ყველაფერი იქაა, სადაც საჭიროა. საოცარი დიზაინი აქვს ორ სარბოლო სავარძელს, რომელსაც ერთმანეთისგან უზარმაზარი ცენტრალური გვირაბი აცალკევებს. საჭეს ეტყობა, რომ F1-ის შთაგონებითაა შექმნილი. ყველაზე საინტერესო ისაა, რომ მძღოლს სატერფულების მორგებაც შეუძლია.
Mercedes-AMG ჯამში სულ One-ის 275 ეგზემპლარს შექმნის. ყველა მათგანი უკვე გაყიდულია. თითოეულის ფასი 2.72 მილიონი დოლარიდან იწყება. ამ ჰიპერავტომობილს სახალხოდ 2022 წლის Goodwood Festival of Speed-ზე ვიხილავთ, რომელიც ბრიტანეთში 23-26 ივნისს გაიმართება.
როგორ შეაფასებდით AMG-ს ახალ სპორტულ ავტომობილს? დააფიქსირეთ თქვენი აზრი კომენტარებში.