Buick, Wildcat, Electra, ელექტრომობილი
Aa
Aa

Buick Wildcat EV Concept-ი კომპანიის მომავალს გვაჩვენებს

Buick-ი მსოფლიო ტრენდს მიჰყვება. კომპანიამ ახლახან განაცხადა, რომ 2030 წლისთვის მისი მოდელების შემადგენლობა სრულად ელექტრო იქნება. პირველი ელექტრომობილი, სახელად Electra 2024 წელს გამოვა. მოდელს წლის ბოლოსკენ ვიხილავთ. Buick-ის დიზაინერული ხედვების საჩვენებლად ბრენდმა ახლახან Wildcat კონცეპტუალური ავტომობილი წარადგინა.

საოცრად დახვეწილი ფორმების მქონე 2+2 ელექტრო კუპე ელექტრომობილის ტიპურ დიზაინს არ იმეორებს. ეს ფაქტი თავისთავად მისაღებია, რადგან EV-ის სტილს ბევრი გულშემატკივარი არ ჰყავს.



Wildcat-ის ცხვირი ოდნავ წინ არის გადახრილი. ამით ის McLaren GT-ს მოგვაგონებს. გრილს ტრაპეციის ფორმები აქვს, რომელსაც ალუმინის ვიზუალი აქვს მიცემული. მაშუქები წაწვეტებულია და მოდელს აგრესიულ ხასიათს სძენს. აუცილებლად უნდა ვახსენოთ საქარე მინისა და კარის შუშებს შორის გადასვლა. მხედველობის არეალი წინიდან უკან წვრილდება და „სუპერქარის“ სილუეტს ჰგავს. აღნიშვნას იმსახურებს Jet Age-ის შთაგონებით შექმნილი 18-ქიმიანი დისკებიც.

Wildcat-ი უკნიდანაც ულამაზესია. უკანალი Volvo C30-ის გათანამედროვებულ ვერსიას მოგაგონებთ. ჰეჩბეკის სტილს უკანა მინასთან ასული მაშუქები ამშვენებს. ამავე კადრში ჩანს სამ წერტილში გაღებული კარი. როგორც ხედავთ, სალონში მოსახვედრად, კართან ერთად, სახურავიც იხსნება. თუმცა, მსგავს ფუნქციონალს სერიულ მოდელში არ უნდა ველოდოთ.



სალონში ჩაჯდომისას აუცილებლად შეამჩნევთ სრული ზომის ცენტრალურ კონსოლს, რომელიც სავარძლების მეორე რიგამდე გადის. ძალზედ განსხვავებული ფორმა აქვს კოკპიტს, სადაც ერთ მთლიან ეკრანზე მაჩვენებელთა დაფა და მულტიმედიის სისტემაა გამოტანილი. საჭე ოთხკუთხედი ფორმის არაა, რაც ძალზედ გვიკვირს და მოგვწონს. CrystalAuto-ში ოთხკუთხედ საჭეებს არ ვაფასებთ. ასევე, ჩვენი ყურადღება დაიმსახურა მეტალისგან დამზადებულმა სატერფულებმაც.

ინტერიერი Legato Green-ის ფერშია გაფორმებული და ატმოსფეროს მდიდრულობას სძენს. ასევე, კარის პანელებზე დამატებითი ეკრანებია განთავსებული, რომელზეც უკანა ხედვის კამერების გამოსახულება გამოდის. ალბათ, მათ გამოყენებას შეჩვევა დასჭირდება.



ამ ავტომობილში Buick-ის ახალი სამფერიანი ლოგოც გვაქვს. კომპანიამ თავისი ლოგო 1990 წლის შემდეგ პირველად გადააკეთა. ბრენდის სამომავლო მანქანები სწორედ ამ ემბლემით გამოვა.

Buick-ი ამბობს, რომ WildCat EV-ი კონცეპტის პლატფორმა მომავლის ტექნოლოგიებთან სრულ შესაბამისობაშია. ეს ნიშნავს, რომ მოდელს ხელოვნური ინტელექტის, არომათერაპიის და ბიომეტრიული მხარდაჭერა ექნება. მანქანა მძღოლისა და მგზავრების პულსის მიხედვით Zen რეჟიმს გააქტიურებს. ამ დროს შეიცვლება განათება, სურნელი და სავარძლები რელაქსაციისთვის მასაჟის კეთებას დაიწყებს. ვის სურს მომავალი დღესვე?

Buick-ი ტექნიკურ დეტალებს არ ასაჯაროებს. თუმცა, ვიცით, რომ მისი სამომავლო მანქანები GM-ის Ultium ბატარეებითა და ძრავის არქიტექტურით გამოვა.

როგორ შეაფასებდით Buick-ის გეგმებს? დააფიქსირეთ თქვენი აზრი კომენტარებში.

მსგავსი სიახლეები