Aa
Aa

პოლიციამ მოძრაობა გააჩერა, რათა გზაზე დათვი უსაფრთხოდ გადასულიყო

აშშ-ში, იუტას ერთ-ერთ გზატკეცილზე პოლიციამ დათვს ესკორტირება გაუწია. Ephraim City Police-ის Facebook-ის გვერდიდან ვიგებთ, რომ რამდენიმე დღით ადრე ადგილობრივმა მაცხოვრებელმა პოლიციაში დარეკა. მან ოფიცრები თავის არეალში მოძრავი ცხოველის შესახებ გააფრთხილა.

პოლიციის თანამშრომლებმა დათვი მოძებნეს და გზის უსაფრთხოდ გადალახვაში დაეხმარნენ. ეს საკმაოდ დატვირთული გზატკეცილი გახლავთ, რომელზეც მანქანები, სატვირთოები და ავტობუსები 24 საათის განმავლობაში მოძრაობს. სწორედ ამიტომ, ცხოველი მის გადაკვეთას ვერ ახერხებდა.

ოფიცრებს ცხოველის დასახმარებლად მოძრაობის გაჩერება მოუწიათ. შედეგად, დათვი ასფალტზე ფრთხილად ავიდა, შემდეგ კი მეორე მხარეს სწრაფად გადაკუნტრუშდა. აღსანიშნავია, რომ ცხოველმა გზის გადაკვეთისას ორივე მხარეს გაიხედა, რაც ადამიანებს ხშირად ავიწყდებათ.

გზის მეორე მხარეს გადასვლის შემდეგ ის ღობეს გადაახტა და გზას გაუდგა. იუტას Division of Wildlife Resources-ის თანამშრომლები დათვს უკან გაჰყვნენ იქამდე, სანამ არ დარწმუნდნენ, რომ ის უსაფრთხო ტერიტორიაზე იყო.

ამერიკელი ბიჰევიორული ეკოლოგიის მეცნიერებს ესმით, თუ რამდენად უჭირთ დათვებს გზის დატვირთული მონაკვეთების გამო სასურველ ადგილებში მოხვედრა. გარდა ამისა, ხშირია ავტოსაგზაო შემთხვევებიც. სწორედ ამიტომ, მოსახლეობას ისინი ინფორმაციის მიწოდებისკენ მოუწოდებენ, რათა ველურ ბუნებაში სიცოცხლე შენარჩუნდეს.

ასე უვლიან ფლორას და ფაუნას განვითარებულ ქვეყნებში. მოსაწონია, არა?

მსგავსი სიახლეები