Mercedes-AMG E 63 S-ის ბოლო ვერსია V8-ს ემშვიდობება
მაშინ, როდესაც მომდევნო თაობის Mercedes Benz E-Class-ი შემუშავების ფაზაშია, კომპანიამ AMG E 63 S-ის ბოლო ვერსია გამოაგორა. ეს ყველაზე სწრაფი ფლაგმანური მოდელია. სპეციალური გამოშვება სედანისა და უნივერსალის სახით მოგვევლინება. მისი საწარმოო ხაზი 999 ერთეულამდეა შეზღუდული. ბრენდი 8-ცილინდრიანი ძრავის მქონე E-Class-ს ასე დაემშვიდობება. დიახ, სწორად გაიგეთ. შემდეგი მოდელი დამუხტვადი ჰიბრიდი იქნება, რომელიც საუკეთესო ვარიანტში V6-ით იქნება აღჭურვილი.
Final Edition-ს ვიზუალურად ექსტერიერის ექსკლუზიური ფერი, 20-იანი ნაწრთობი დისკები, წარწერები და AMG Night Package-ი გამოარჩევს. ეს უკანასკნელი პრიალა შავ ფერში შეღებილ დეტალებს გულისხმობს. ასევე, მყიდველებს კარბონის ალტერნატივაც ექნებათ.
კარის გაღებისას AMG-ის ლოგოს დაინახავთ, რომელიც ასფალტზე იქნება დანათებული. ზღურბლზე დამუშავებული ალუმინია დაკრული. სალონი AMG Performance-ის სავარძლების პაკეტითაა წარმოდგენილი, რომელსაც გათბობის და მორგების ახალი ფუნქციები აქვს.
კოკპიტზე Nappa-ს ტყავია გადაკრული. AMG-ს საჭეს კი ბრტყელი ძირი აქვს და Dinamica-ს მიკროფიბერის დეტალები გააჩნია. ცენტრალური კონსოლი კარბონით და გარშემორტყმული ნათებითაა გაფორმებული. ასევე, უხვადაა AMG Final Edition-ის წარწერებიც.
სამწუხაროდ, კაპოტის ქვეშ ცვლილებები არ გვაქვს. 4-ლიტრიანი V8 ისევ 603 ცხენის ძალასა და 850 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებს. მთელი ეს სიმძლავრე 4-ვე საბურავზე 4Matic+ ტექნოლოგიით ნაწილდება. სისტემას დრიფტის რეჟიმიც აქვს, რა დროსაც ცხენის ძალებს უფრო მეტად უკანა ბორბლებზე მიმართავს.
როგორც ზემოთ დავწერეთ, Mercedes-AMG ვერსიას შეზღუდულად გამოუშვებს. ფასი ამ ეტაპისთვის უცნობია, თუმცა, მაღალი ალბათობით ის სტანდარტულ E 63 S-ზე ძვირი ეღირება.