ელექტრო ავტომობილები ნამდვილად უკეთესია გარემოსთვის?
რომელი უფრო საზიანოა გარემოსთვის: ელექტრო თუ შიგაწვისძრავიანი?
მომავალი ელექტრო ავტომობილებისაა. რამდენიმე წელიწადში შიგაწვისძრავიანი ავტომობილები ბაზარზე საერთოდ გაქრება. ავტომწარმოებლები ელექტრო ავტომობილების გამოშვებას ჩქარობენ. ამასობაში კი ბევრი მომხმარებელი ამ საკითხს სკეპტიკურად უყურებს. EV-ების პოპულარობის ზრდასთან ერთად, იზრდება მათ შესახებ მითების რაოდენობაც. ნახევრად მართალ და ნახევრად მცდარ მითებში სიმართლის გამორჩევა სულ უფრო რთული ხდება.
ყველაზე გავრცელებული მითია, რომ ელექტრო ავტომობილები გარემოსთვის უფრო საზიანოა ვიდრე შიგაწვისძრავიანი. დღეს ჩვენ ვეცდებით, ვიპოვოთ სიმართლის მარცვალი ან დავანგრიოთ ეს მითი.
ზედაპირულად ეს აბსურდია - იდეა, რომ ბატარეაზე მომუშავე ავტომობილი, რომელსაც ნულოვანი გამონაბოლქვი აქვს, უფრო საზიანოა შიგაწვის ძრავიან ავტომობილზე, რომელიც გარემოს არამარტო ნახშირორჟანგით აბინძურებს. სინამდვილეში საქმე უფრო რთულადაა.
მიუხედავად იმისა, რომ ელექტრო ავტომობილი მწვანეა, საიდან მოდის ეს ელექტრო ენერგია? კრიტიკოსების თქმით, სწორედ ესაა ყველაფრის ფესვი. ელექტრო ენერგიის დიდ ნაწილს ბევრ ქვეყანაში ნახშირისა და ბუნებრივი აირისგან იღებენ. სწორედ ამიტომ, კრიტიკოსები ამბობენ, რომ ელექტრო ავტომობილები შიგაწვისძრავიანზე უკეთესი არ არის.
მოდით, შევადაროთ. ამ სტატიაში მხოლოდ CO2-ის გამოყოფაზე ვისაუბრებთ. რა თქმა უნდა, კლიმატის ცვლილებაზე ბევრი სხვა ფაქტორიც მოქმედებს. თუმცა, ამ მაჩვენებლით ელექტრო ავტომობილების და შიგაწვისძრავიანის შედარება ყველაზე ზუსტ სურათს მოგვცემს.
შედარებისთვის, ელექტრო ავტომობილებიდან განვიხილოთ Tesla Model 3, რომელიც მსოფლიოში ყველაზე პოპულარულია. მისი პირდაპირი კონკურენტის პოვნა შიგაწვისძრავიანებში გაგვიჭირდება. ავიღოთ BMW M340i xDrive, რომელსაც Tesla-ს მსგავსი ფასი აქვს, დაახლოებით იგივე რაოდენობით ცხენის ძალები (382) და ასევე ოთხივეწამყვანია.
სად ცხოვრობთ, გამონაბოლქვისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. გავიხილოთ ადგილი, სადაც ყველაზე ბინძური ენერგიის წყაროა. ამერიკის ცენტრალურ ნაწილში განახლებადი რესურსებიდან ენერგიის მხოლოდ 14%-ს იღებენ. წარმოიდგინეთ, რომ გრინ ბეიში, ვისკონსინში ცხოვრობთ.
და როგორია იქ ამინდი? ზამთარში წარმოუდგენლად ცივა. Tesla Model 3 თითოეულ გავლილ მილზე 210 გრამ კარბონის დიოქსიდს გამოყოფს.
BMW? სად მართავ შიგაწვისძრავიან ავტომობილს, გამონაბოლქვზე მაინცდამაინც დიდ გავლენას არ ახდენს. BMW ამტკიცებს, რომ M340i xDrive კილომეტრზე 168 გრამს გამოყოფს, რაც მილებში 269 გრამია. ეს მეტია, ვიდრე Tesla-ს გამოყოფილი. ერთი შეხედვით საქმე მარტივადაა.
ენერგიის დეპარტამენტის თანახმად, ამერიკის შეერთებულ შტატებში ყოველ დამწვარ 4 გალონზე კიდევ ერთი გალონი ტუმბომდე საწვავის მიწოდებაში იწვება. ამიტომ BMW-ს გამონაბოლქვი 25%-ით უნდა გაიზარდოს. ამგვარად მილზე 336 გრამი გამოდის, რაც თითქმის 50%-ით მეტია, ვიდრე Tesla-ს შემთხვევაში.
თუმცა, ელექტრო ავტომობილების გულშემატკივრებო, სიხარული ადრეა. უნდა განვიხილოთ ის ზიანიც, რომელსაც გარემოს ბატარეის დამზადების პროცესი აყენებს. სამწუხაროდ, ამ საკითხზე 100%-იანი სიზუსტით ვერ ვისაუბრებთ, რადგან Tesla მონაცემებს არ ამჟღავნებს. მოგვიწევს, კვლევებზე დაყრდნობა. სამწუხაროდ, ამ კვლევებში ხშირად გამოტოვებულია ის ასპექტი, თუ რა ზიანი ადგება გარემოს ნედლეულის მოპოვებისას.
ყველაზე ზუსტ შედეგს Circular Energy Storage - ის კვლევა გვიჩვენებს. მონაცემების თანახმად, 7 300კგ CO2 გამოიყოფა Tesla-ს 100კვ/სთ-იანი ბატარეის შექმნის პროცესში. თუ გავითვალისწინებთ, რომ Model 3-ს 75კვ/სთ-იანი ბატარეა აქვს, ეს მაჩვენებელი 5 500-მდე მცირდება.
ეს იმას ნიშნავს, რომ სანამ სადილერომდე მივა, Tesla-ს უკვე საკმაოდ დაბინძურებული აქვს გარემო. მაგრამ სამი წლის განმავლობაში ამერიკელები საშუალოდ 47 413 მილს გადიან. ამის შემდეგ ჯამში Tesla Model 3 გაცილებით უფრო სუფთაა, ვიდრე BMW.
ჩვენ ახლა ყველაზე ცუდი სცენარი განვიხილეთ. თუ, ელექტრო ავტომობილს ალიასკაში ატარებთ, სადაც განახლებადი ენერგიის გამოყენების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, Model 3 მილზე 130 გრამს გამოყოფს. ეს იმ გარდამტეხ მომენტს, რომელზეც წინა აბზაცში ვისაუბრეთ, 26 699 მილამდე და 2 წლამდე ამცირებს.
ასე რომ, მაშინაც კი თუ ენერგიის წარმოშობის და ბატარეის შექმნის პროცესს გავითვალისწინებთ, EV გარემოს მაინც გაცილებით ნაკლებ ზიანს აყენებს, ვიდრე ტრადიციული ძრავის მქონე ავტომობილები.