Mansory-ს შეზღუდული გამოშვების Venatus-ი 900-ცხენისძალიანი SUV-ა
კორპუსის ორფერში გადაწყვეტა დიზაინის ყველაზე თამამი ნაწილი არ გეგონოთ.
Mansory თავისი ახალი ნაწარმით გამოჩნდა. კომპანიამ Urus SUV-ი უფრო საფუძვლიანად გადააკეთა და უფრო განსაკუთრებულად აქცია. Venatus Evo S-ი Lamborghini Urus-ის ყველაზე სპორტული ვერსიაა, რომელსაც კორპუსის უამრავი დანამატი და კოლოსალურად გაზრდილი სიმძლავრე აქვს.
Evo S-მა Venatus-ის ვერსიებში კიდევ უფრო მეტი აგრესიულობა შემოიტანა. წინ უფრო გამოკვეთილი ნიკაპი და სამკუთხა სახეა. უკან კი „სუპერქარის“ მსგავსი უკანა ფრთაა.
Masory-მ უფრო ბასრი და დიდი ფორმები მისცა წინა ფრთებზე არსებულ სავენტილაციო არხებს. მხეცურია შუასარტყელიც, რომელიც Urus-ის ბიძაშვილს, Aventador-ს მოგვაგონებს. უკან კი სახურავის ფრთასთან ერთად „სპოილერიც“ გვაქვს. მანქანა ორ ფერშია შეღებილი და გარკვეული დეტალები კარბონისგან აქვს დამზადებული. ვიზუალურ გაფორმებას ზურგს წარმადობის გაზრდა უმაგრებს.
Masory დეტალურად არ ამბობს თუ რა შეუცვალა SUV-ის, მაგრამ ვიცით, რომ Lamborghini-ის 4-ლიტრიანი V8 ძრავა ვერსიაში 900 ცხენის ძალასა და 1 100 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებს. შეგახსენებთ, რომ სტანდარტული Urus-ის სიმძლავრე 641 ცხენის ძალასა და 850 ნიუტონ მეტრს შეადგენს. Mansory-ს წინა ვერსიებში კი აგრეგატი 820 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა.
Venatus-ი ასეთ კოლოსალურ სიმძლავრეს გზაზე 24-იანი ნაწრთობი დისკებით დაიტანს. ეს SUV-ი 0-დან 100-მდე 2.9 წამში ჩქარდება და მისი მაქსიმალური სიჩქარე 323 კმ/სთ-ია.
ცვლილებებია ინტერიერშიც. სალონი ახალი, ყვითელი ფერის ტყავითა და ალკანტარითაა წარმოდგენილი. ყველა სხვა დეტალი კარბონისგან ან ძვირადღირებული შავი პლასტმასისგან არის გაკეთებული. მეტი კონტრასტისთვის თეთრი ფერიცაა შემოტანილი.
კომპანია აცხადებს, რომ Evo S-ი ძალზედ შეზღუდული რაოდენობით გამოვა. Mansory 10 ასეთი მოდელის აწყობას გეგმავს. ფასის შესახებ კი ინფორმაცია არ არის ცნობილი.
თუმცა, ვინ უნდა შეიძინოს ეს ავტომობილი? შეხედეთ უკან არსებულ ფრთას, წინა ბამპერზე არსებულ ფარფლებსა და მწვანე აქცენტებს... ეს ზუსტად ისეთი ვიზუალის მქონე ავტომობილია, როგორიც 9 და 10 წლის ბავშვებს მოსწონთ. მიუხედავად იმისა, რომ ეს მანქანა Lamborghini-ს სახელს ატარებს, არა მგონია მასში ჩაჯდომისას ვინმემ სერიოზულად შემოგხედოთ. ეს არის ავტომობილი, რომლის დიზაინში ხელები იმდენად აფათურეს, რომ სათამაშო მანქანას დაამსგავსეს. მულტიმილიონრებს კი სხვანაირი სათამაშოები მოსწონთ.
გვეთანხმებით? დააფიქსირეთ თქვენი აზრი კომენტარებში.