რესტავრაცია, Lexus, GX
Aa
Aa

ვიღაცამ მაღალგარბენიან Lexus GX470-ს სარესტავრაციოდ 24 000$ დაახარჯა

მას შემდეგ, რაც ახალი ავტომობილები ტექნოლოგიურად იტვირთება, ბევრი ადამიანი ძველი მოდელების დაფასებას იწყებს. ამ დროს საინტერესო კითხვა იბადება: რამდენის დახარჯვა ღირს ძველი ავტომობილის განსაახლებლად? სურათებზე ნაჩვენები 2006 წლის, 368 700 კმ გარბენის მქონე Lexus GX470-ის მფლობელისთვის ამ კითხვაზე პასუხი 24 000$-ია. თუ ეს ყველაფერი სისულელედ და ფული უაზრო ხარჯვად მიგაჩნიათ, მაშინ ძალზედ ცდებით.

GX-მა თავისი საიმედოობა, გამძლეობა და პრესტიჟულობა უკვე დიდი ხანია დაამტკიცა. ეს ავტომობილი ნამდვილი ტანკია, რომელიც არასდროს გიმტყუნებთ და არც შეგარცხვენთ. ეს ამ მანქანის მფლობელმაც კარგად იცის. ამიტომ მან ახალი ავტომობილის შეძენის ნაცვლად, არსებულის განახლება განიზრახა. ასე მან უამრავი ფულიც დაზოგა და ძველი ავტომობილის თვისებებით სიამოვნებაც გაიხანგრძლივა. შედარებისთვის გეტყვით, რომ ყველაზე ახალი GX-ი, რომელსაც 24 000$-ად შეიძენთ 10-12 წლის წინაა გამოშვებული. ამ წლებში წარმოებულ მოდელს კი ახალი ავტომობილი არ ეთქმის.



სარესტავრაციო ხარჯების ყველაზე დიდი წილი ძრავის განახლებაზე და გაუმჯობესებაზე მოდის. ჯამში აგრეგატზე დახარჯულმა თანხამ 7 850$ შეადგინა. სამუშაოს დროს როგორც ქარხნული, ისე არაქარხნული ნაწილები გამოიყენეს. მექანიკოსებმა მანქანა დროსელ-საფარების კორპუსით, ცივი ჰაერის მიმწოდებელი სისტემით, ახალი გამომშვები კოლექტორით და კონდიციონერის კომპრესორით გააუმჯობესეს. გარდა ამისა, შეიცვალა ძრავის ღვედები, საჭის სისტემის ტუმბო და ბატარეა.

სრული სერვისი ჩაუტარეს დაკიდების სისტემასაც: განივი ბერკეტი, მილისები, ბურთულა სახსრები, მორგვები, შემაერთებლები - სრულად ახალია. უკანა პნევმატიკური ამორტიზატორები, გამძლეობისთვის, ახალი ცილინდრული ტიპის ამორტიზატორებით ჩაანაცვლეს. ასევე, მანქანა დამუშავდა ქიმიურადაც. ახლა ამ GX-ს ჟანგის ნასახი არ აქვს და მომავალში კოროზიისგან დამცავი ფენა დაიცავს.



რესტავრაციის ბოლო ეტაპი სალონის მოწესრიგება გახლდათ. სურათებიდან იფიქრებთ, რომ ეს კარგად რესტავრირებული GX-ის ინტერიერია, თუმცა მოდელში უნიკალური შტრიხებიც შეიტანეს. ახლიდან შეკერეს სავარძლები. საჭე Land Cruiser Prado-დან აიღეს, რომლის ხის გაფორმებაც შავი ფერის მასალით შეცვალეს. სალონის დანარჩენი გაფორმება კი თითქმის შავი ფერის ტყავში გადაწყვიტეს. სრულად ახალი გახლავთ ხელის მუხრუჭის ბერკეტი, ტრანსმისიის ბერკეტი, ცენტრალური კონსოლი და მულტიმედიის არაქარხნული სისტემა.

ამ ყველაფრის შედეგი კი თვალისმომჭრელი გახლავთ. ეს GX-ი ახალ მანქანას არაფრით ჩამოუვარდება. მეტიც, შესაძლოა ახალ მოდელზე ბევრად მეტი კილომეტრის დაფარვაც მოახერხოს.

თქვენ როგორ მოიქცეოდით? გაიღებდით ახალი GX-ისთვის კოლოსალურ თანხას? დააფიქსირეთ თქვენი აზრი კომენტარებში.

მსგავსი სიახლეები