Aa
Aa

ეს 2 500-ცხენისძალიანი Dodge Viper-ი ეშმაკსაც შიშის ზარს სცემს

Dodge Viper-ი ავტომოყვარულებში დიდი პოპულარობით სარგებლობს. არ აქვს მნიშვნელობა მოგწონთ თუ არა ამერიკული მანქანები - Viper-ი ყველა და ყველაფრისგან გამორჩეულია. ეს მანქანა თავისი კოლოსალური სიმძლავრითა და მაბრუნი მომენტით დედამიწასაც ატრიალებს. მაგალითისთვის, სურათზე და ვიდეოში ნაჩვენები მოდელი ავიღოთ.

ეს Viper-ი ქარხნული არაა და მისი გადაკეთება NthMoto-ს სახელს უკავშირდება. კომპანიამ უკვე საკმაოდ მძლავრი ავტომობილი კიდევ უფრო გააუმჯობესა და მონსტრების მონსტრად აქცია. მათი საიდუმლო ორი ტურბინისა და ძალოვანი აგრეგატის გამართვაში მდგომარეობს. მთელი რიგი ჯადოქრობების შემდეგ ეს Viper-ი დინამომეტრზე შეამოწმეს. მანქანამ 2 571 ცხენის ძალა და 2 700 ნიუტონ მეტრი აჩვენა.

ასეთი არარეალური სიმძლავრის გამომუშავება 9-ლიტრიანმა V10-მა შეძლო. აგრეგატის შიგნეულობას მნიშვნელოვანი მოდიფიკაციები ჩაუტარეს. ამ ყველაფერს ორი ტურბინაც დაემატა. შედეგად ეს Viper-ი Bugatti Chiron-ისა და Ferrari SF90 Stradale-ს ერთად აღებულ სიმძლავრეს ჯაბნის.

თუმცა, აქ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი უნდა ითქვას. 93-ოქტანიან საწვავზე მანქანის ბორბალზე დატანილი ცხენის ძალის რაოდენობამ 1 500-ს შეადგინა. 2 500+ ცხენის ძალას კი ეს Viper-ი 117-ოქტანიან საწვავზე გამოიმუშავებს.

სარბოლო საწვავზე მუშაობისას ამ მხეცს 96კმ/სთ-დან 209 კმ/სთ-მდე ასაჩქარებლად 3 წამი სჭირდება. 160-დან 241კმ/სთ-მდე კი 2.1 წამში ჩქარდება. მაღალ სიჩქარეზე დრო იმიტომ მცირდება, რომ 96კმ/სთ-ზე აქსელერატორის გამოყენებისას მანქანა საფარს სათანადოდ ვერ ეჭიდება. სიმძლავრის ასფალტზე დატანას კი 6-სიჩქარიანი მექანიკური მიმდევრობითი გადაცემათა კოლოფი უზრუნველყოფს.

თუ ეს ყველაფერი საკმარისი არ არის, გეტყვით იმასაც, რომ ეს Viper-ი NthMoto-ს ყველაზე სწრაფი მანქანა არ არის. წლის დასაწყისში ამ ადამიანებმა ფარეხიდან გამოაგორეს Viper-ი, რომელმაც 402 მეტრი 6.9 წამში დაფარა. ფინიშის ხაზი კი 338.4კმ/სთ-ით გადაკვეთა.

მსგავსი სიახლეები